საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის წინააღმდეგ ისრაელის მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტი შრაგა ბროში გამოვიდა.
სააგენტო „იზრუს“ ინფორმაციით, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრ შალომ სიმჰონს მან საგანგებო წერილითაც მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველო ებრაელებისთვის საშიში ქვეყანა გახდა, ამიტომ ისრაელის ხელისუფლებამ ადგილობრივ მეწარმეებს ამ ქვეყანაში გამგზავრებისა და მის ტერიტორიაზე ნებისმიერი ბიზნეს-აქტივობისგან თავის შეკავება უნდა ურჩიოს“.
ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართული მედია ისრაელსა და ბათუმს შორის ახალი ჩარტერული რეისების დანიშვნაზე წერს. თუმცა, „იზრუს“ ცნობით, ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროში ამის შესახებ არც კი სმენიათ.
ებრაელი ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი 2010 წლის ოქტომბერში ბათუმში დააკავეს. მათ სახელმწიფო მოხელისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად. თბილისის საქალაქო სასამართლომ რონი ფუქსს 7, ზეევ ფრენკელს კი 6 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ფულადი ჯარიმები დააკისრა.
ინტერპრესნიუსი