კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რატომ მალავს შსს ტერაქტის საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ პირს

8 აპრილი, 2011

მაია მეცხვარიშვილი

"ნეტგაზეთისთვის" ცნობილი გახდა, რომ ქუთაისში ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით სამართალდამცავებმა არა სამი, არამედ 5 პირი დააკავეს, თუმცა ინფორმაცია მხოლოდ 3 დაკავებულის შესახებ გაავრცელეს. ერთ-ერთი დაკავებულის მიმართ გატარებული სამართლებრივი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას დღემდე არ ფლობენ მისი ოჯახის წევრები.

ზუგდიდში დაკავებული დავით ბერზენიას მეუღლე რამდენიმე დღის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა ქმრის ადგილსამყოფელის დადგენას ჯერ ზუგდიდში, შემდეგ კი – თბილისში.

„შემოვარდნენ სახლში პოლიციელები და სად მალავთ მანუჩარ ძაძუასო, იკითხეს. მე ვუთხარი, სად უნდა ვმალავდე, თავის ბინაში იქნება მეთქი და მერე მე და ჩემი მეუღლე სახლიდან ძალით გაგვიყვანეს. მე მანქანაში ჩამაგდეს პოლიციელებმა, ავტეხე კივილი და გადმომაგდეს უკან, ჩემი ქმარი კი წაიყვანეს“, – იხსენებს ანა, დათო ბერზენიას მეუღლე.

ბერზენიას მეუღლე ჰყვება, რომ სამართალდამცავები 31 მარტს, გამთენიისას, დაახლოებით 3 საათზე შევიდნენ მათ საცხოვრებელში, რომელიც ზუგდიდის კომბინატის ბაღის შენობაში არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მდებარეობს.

31 მარტს, დილითვე გავრცელდა ინფორმაცია ქუთაისში დაგეგმილი ტერორისტული აქტის შესახებ, დღის მეორე ნახევარში კი შსს–მ  საქმეზე მხოლოდ  სამი დაკავებულის –  მანუჩარ ძაძუას, ავთანდილ ძაძუასა და კალისტრატე მალანიას დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

„სად ჰყავთ ეს ბიჭი? რატომ ჰყავთ დაკავებული? თუ დამნაშავე იყო, რატომ არ გამოაცხადეს და თუ დამნაშავე არაა, რატომ ჰყავთ დაკავებული?“ – კითხულობს  ბერზენიას მეზობელი დარეჯან ლამანჯია.

დათო ბერზენიას კვალს მისმა მეუღლემ სამი დღის წინ მიაკვლია თბილისში.
„წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთო, ასე მითხრეს, სახაზინო ადვოკატი ავიყვანეთ ახლა და ის დაგვპირდა, რომ ხვალ შევა და ნახავს დათოს,“ – ამბობს დათოს მეუღლე ანა.

ბერზენიას ოჯახის წევრები და მეზობლები დეტალურად იხსენებენ იმ დღეს, როდესაც ზუგდიდში, კომბინატის ბაღში მანუჩარ ძაძუა გამოჩნდა. შსს–ს ინფორმაციით, სწორედ ის გეგმავდა ქუთაისში მერიის შენობის, იუსტიციის სახლისა და „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისის აფეთქებას, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსი ლეინტენანტის ალექსეი უშაკოვის  დავალებით და 3000 აშშ დოლარის სანაცვლოდ. შსს–ს ინფორმაციით, გალში მცხოვრები მანუჩარ ძაძუა ზუგდიდში იქნა დაკავებული 31 მარტს.

ზუგდიდში, კომბინატის ბაღის შენობაში მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ ამ შენობაში საცხოვრებელი ფართი მანუჩარ ძაძუამ 17 წლის წინ მიიღო, როგორც 1993 წლის ომის შემდეგ გალიდან დევნილმა. მეზობლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის ბოლო 10–12 წელია დასახლებაში აღარ გამოჩენილა, მას დღემდე აქვს საკუთრებაში 17 წლის წინ გამოყოფილი ფართი.

„30–ში მოვიდა მანუჩარი თავის ბინაში, მის გვერდზე ოთახში ვინც ცხოვრობს, ის ქალი ამბობს, რაღაც ჩანთა ჰქონდა თან და მითხრა, ჩემი ჯართია ამ ჩანთაში და სად დავდოო და იმას უთქვამს, შენს ოთახში შეიტანეო. ჩვენ რა ვიცოდით, რა ჰქონდა იმ ჩანთაში და რას აპირებდა?! მერე გავიგეთ, რომ დაიჭირეს, რაღაც აფეთქებას აპირებდაო“, – ამბობს დარეჯან ლამანჯია.

იმავე დღეს მანუჩარ ძაძუა სტუმრად მივიდა დათო ბერზენიას ოჯახში, რომელიც იმავე კომბინატის ბაღის შენობაში ცხოვრობდა.

„მე თვითონაც გალიდან ვარ და გალში ჩემი მეზობლის მამიდაშვილია ეს მანუჩარი და ვიცნობდით შორიდან ერთმანეთს, მაგრამ 12 წელია აღარ გვინახავს. მოვიდა სტუმრად, რადგან რძალი მოვიყვანეთ და მოგვილოცა. რომ შემოვიდა ოთახში, მითხრა, საჭმელს არ ვჭამო და ყავა დავალევინე. ჩემი ქმარი ტაქსზე მუშაობს და რომ მოვიდა სახლში, დაღლილი იყო ძალიან, ბოდიში მოუხადა სტუმარს და ეგრევე დასაძინებლად წავიდა, ყავაც არ დაულევია მასთან ერთად. ამის მერე დაახლოებით ნახევარ საათში წავიდა მანუჩარი, ხვალ წასასვლელი ვარ  ადრეო და სალაპარაკოდაც არ გაჩერებულა“, – იხსენებს დათო ბერზენიას მეუღლე.

გამთენიისას კი ბერზენია სამართალდამცავებმა დააკავეს, თუმცა, ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათთვის არავის განუმარტავს – რისთვის?

მეზობლები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ:

–        ამბობენ, თითქოს მანუჩარს დათოს ტელეფონიდან აქვს ვიღაცასთან დანარეკი და ამის გამო დააკავესო.
–        იმასაც ამბობენ, თითქოს დათოს ტაქსით უნდა წასულიყო კომბინატიდან ქალაქშიო.

დანამდვილებით კი არავინ არაფერი იცის.

რისთვის და რა ბრალდებით დააკავეს დათო ბერზენია სამართალდამცავებმა, ჩვენ ამ შეკითხვით შსს–ს პრესსამსახურის უფროსს ზურაბ გვენეტაძეს მივმართეთ. მან სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ ინფორმაციას მოიკითხავდა და მოგვიანებით დავკავშირებოდით, თუმცა მოგვიანებით გვენეტაძემ გვიპასუხა, რომ როცა საკითხს გაარკვევდა, თვითონ დაგვიკავშირდებოდა, მაგრამ ამ დრომდე არ დაგვკავშირებია.
ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე ამჟამადაა განთავსებული, ქუთაისში ტერაქტის მომზადების ბრალდებით სამი პირია დაკავებულია. ინფორმაციას თან ახლავს ამ სამი პირის აღიარებითი ვიდეო ჩვენება.
დათო ბერზენიაზე იქ საუბარი არ არის.

საინფორმაციო სააგენტოებმა 6 აპრილს  გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

„ნეტგაზეთი“ თბილისის საქალაქო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა შეკითხვით – იმსჯელა თუ არა სასამართლომ ძაძუებისა და მალანიას საქმეზე კიდევ სხვა პირების, კერძოდ, დათო ბერზენიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე?

პრეს–სამსახურში გვითხრეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერაქტის მზადებაში ბრალდებული ხუთი პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა ერთად: მანუჩარ ძაძუას, ავთანდილ ძაძუას, კალისტრატე მალანიას, დათო ბერზენიასა და სულხან წითაშვილს პატიმრობა შეეფარდათ. საქმის არსებითი სასამართლო განხილვა კი 18 მაისისთვის ჩაინიშნა.

ვინ არის სულხან წითაშივილი? რა კავშირი აქვს მას და დათო ბერზენიას ქუთაისში ტერაქტის მზადებასთან და რატომ მალავს მათ შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო? – ეს ის შეკითხვებია, რომლებზედაც პასუხების მოპოვება „ნეტგაზეთმა“ ამ ეტაპზე ვერ მოახერხა შსს–დან.

http://netgazeti.ge/GE/53/News/5113/ 

ახალი ამბები