კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაზარალებულის მეზობლები აცხადებენ, რომ პოლიციამ მას ნარკოტიკი ჩაუდო

11 აპრილი, 2011

ჟანა მეგრელიშვილი, „გურია-ნიუსი“

ხელ-ფეხი შეუკრეს, პირი აუკრეს, სცემეს, ყური ჩამოახიეს. იმის გამო, რომ კ. მ.-მ თავდამსხმელების მოთხოვნა არ შეასრულა, ჰკითხეს _ მოვიძროთ ნიღაბიო? ესე იგი, „მოგკლავთო!“
 
„კ. მ.-ს შეეშინდა და უთხრა - არ გინდათ, აქ არის ფული და წაიღეთო. ასეთ დღეში მყოფ კაცს პოლიციამ ნარკოტიკი ჩაუდო. ესაა საქმე?“ - ამბობენ დაზარალებულის მეზობლები.

6 აპრილს, დაახლოებით, 9 საათზე ქალაქ ოზურგეთში, ბათუმის ქუჩაზე, ყაჩაღებმა  დააბეს და სასტიკად აწამეს 45 წლის მამაკაცი. შენიღბულმა თავდამსხმელებმა წაიღეს 3 000 ლარი და დოლარები. მარტოხელა დაზარალებული, არც თუ დიდი ხანია, მცირე ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა - ვალუტის გადაცვლაზე მუშაობს.

როგორც „გურია ნიუსთან“ საუბარში დაზარალებულის ახლობლები და მეზობლები ამბობენ, მას პოლიციამ სასტიკად აუკრძალა ამ ინციდენტის შესახებ საუბარი. დაზარალებულს ვერც „გურია ნიუსი“ შეხვდა, რადგან იგი ორი დღის განმავლობაში პოლიციაში ჰყავდათ დაკითხვაზე. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დაზარალებულის სახლში პოლიციამ ნარკოტიკი იპოვა. წყაროს თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კ. მ.-ს პოლიციამ ნარკოტიკი განზრახ დაუდო სახლში.

„როგორც ვიცით, ორნი იყვნენ. ალბათ, ქალაქიდან გამოყვნენ. იცოდნენ, რომ ფულთან ჰქონდა საქმე და როგორც ჩანს, უთვალთვალებდნენ. პოლიცია რომ მოვიდა, მეზობლები იქ არ გაგვაჩერეს. წადით ყველა აქედანო, გვიყვირეს. დაზარალებული გაუფრთხილებიათ, არ ილაპარაკო არავისთან არაფერიო. აუკრძალეს ხალხთან ურთიერთობა და მეზობლებიც ვერ ვნახულობთ. ახლა ითქვა, ბიძაშვილებმა წაიყვანეს თავისთანო. ისე, ეს ორი დღეა, პოლიციაში დაჰყავთ დაკითხვაზე“, - ამბობენ მეზობლები.

„9 საათი იქნებოდა, როცა ყაჩაღობა მოხდა. ზუსტად არ ვიცით, მგონი, 3 000 ლარი და რამდენი დოლარი წაიღეს. საშინლად აწამეს კაცი - დააბეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, პირი აუკრეს, ყური ჩამოახიეს. საწყალი არ გაუძალიანდა, თორემ უარესს უზამდნენ. მერე ჰკითხეს, თურმე, მოვიძროთ ნიღაბიო? ნიღბის მოხდა, ხომ იცით, რას ნიშნავს? ეს იგივეა - „მოგკლავთო“. ამას შეეშინდა, თურმე და უთხრა, არ გინდათ, აქ არის ფული და წაიღეთო“, - ჰყვება „გურია ნიუსთან“ საუბარში დაზარალებულის მეზობელი.

„ისიც თქვეს, რომ პოლიციამ ნარკოტიკი დაუდოო. ნარკოტიკი კი არა, სიგარეტი არ მოუწევია ბიჭს და მით უმეტეს, ასე დადებდა ყველას დასანახად? ჩვენ, მეზობლები დავდგებით მის გვერდით და წავალთ, სადაც საჭიროა. თავს დავდებთ თითოეული ჩვენგანი მის პატიოსნებაზე. მარტოხელაა, არც ცოლი ჰყავს და არც - შვილი. კი ხედავთ, როგორ სახლში ცხოვრობს. პოლიციელები რომ მოვიდნენ, კინაღამ ჩავარდნენ დაბლა, იატაკი ისეა აყრილი. კიდევ ეს უნდოდა საცოდავს?“ - ამბობენ მეზობლები.

„არ იზამს პოლიცია მაგას თუ რა? ჯერაც არ უქნია! ჩემს ნათესავს ნარკოტიკი ჯიბეში ჩაუყარეს. ჯიბე გამოხეული ყოფილა და დაბლა დაცვივდა. იყვირა ამ ბიჭმა - რას მიდებთ, ხომ ხედავთ, რომ არ ჩერდება ჯიბეშიო. იქვე, მაღაზიაში იყვნენ და ყველამ დაინახა ეს ფაქტი. პოლიცია იპოვის იმ ყაჩაღებს?! დაუდეს იმიტომ, რომ ვითომ - შენ ხარ დამნაშავე და საქმეც გავხსენითო, მაგრამ ჩვენ ყველა დავიცავთ კ. მ.-ს სიმართლეს“, - ამბობენ ახლობლები და მეზობლები, რომელთა თქმით, ფაქტის შესახებ პოლიციას ასევე მეზობელმა გ. დ.-მ აცნობა.

„ის რკინიგზის სადგურზე მუშაობს და მატარებელი რომ წავიდა, სახლში ბრუნდებოდა. დაუნახავს ასე შეკოჭილი აივანზე და აცნობა პოლიციას. რა დაწერეთ, იცით? სასწრაფოს მოსვლა რომ დააგვიანდა. ამბობდნენ - მანქანა არ გვყავსო“, - გვითხრა დაზარალებულის მეზობელმა.

გ. დ. „გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობს, რომ როცა სახლში ბრუნდებოდა, დაზარალებულის სახლიდან განწირული ხმა შემოესმა: „კიდევ კარგი, რომ არ მოკლეს ბიჭი. რომ არ მიეცა ფული, ალბათ, მოკლავდნენ. ყური ჰქონდა ჩამოხეული, მაგარი ნაცემი იყო საცოდავი. ხელები გავუხსენი და პოლიციას გამოვუძახე. მერე დაკითხვაზე წამიყვანეს. ფიზიკურად სუსტად ვარ, სახლში ორი ავადმყოფი მყავს. წნევამ ამიწია ნერვიულობისგან - ძალიან განვიცადე. ისედაც დაღლილი ვარ ნერვიულობისგან, სახლში რომ საჭმელი მივიტანო, მთელი დღე ქუჩაში ვარ. ერთი სული მქონდა. სახლში როდის მივიდოდი და ამ საშინელებას გადავეყარე. პოლიციაში ღამის პირველ საათამდე გამაჩერეს და იქედან ფეხით წამოვედი. ესაა ცხოვრება?“ - ამბობს გ. დ.

ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში გამოძახება ექვს აპრილს, 22 საათსა და 20 წუთზეა დაფიქსირებული. დაზარალებულს აღენიშნებოდა დაჟეჟილობა მარჯვენა ყვრიმალის არეში და სხვადასხვა დაზიანებები. ის გადმოიყვანეს სტაციონარში.

„გურია ნიუსის“ კითხვაზე, დააგვიანა თუ არა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაზარალებულთან მისვლა, ასეთი პასუხი მივიღეთ: „ბრიგადები, ალბათ, სხვადასხვა გამოძახებებზე იყვნენ გასულები“.

მკითხველს, გასაგები მიზეზების გამო, დაზარალებულისა და სამართალდამცავების კომენტარებს ვერ ვთავაზობთ.

ახალი ამბები