გაერო-ს გენერალური მდივანი ბენ კი მუნი ჟენევის კონსულტაციებიდან კავკასიაში არსებული პრობლემის მოგვარებას არ ელოდება, მაგრამ კმაყოფილია იმ მუშაობით, რომელიც ინციდენტების დარეგულირებას უკავშირდება. ამის შესახებ გენერალურმა მდივანმა სააგენტო „რია ნოვოსტსითან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„ჟენევის პროცესი გვაძლევს კარგ საშუალებას მშვიდობისა და კონსულტაციების გასამყარებლად“, – განაცხადა ბენ კი მუნმა, - „შესაძლოა, ძნელია, ელოდო პრობლემის სრულ დარეგულირებას, მაგრამ შესაძლებელი გახდა ინციდენტების აღკვეთის შესახებ მოლაპარაკების გამართვა, რაც ძალიან კარგად მუშაობს“.
როგორც გაერო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, მოლაპარაკებების 15 რაუნდმა დაადასტურა, რომ კონსულტაციები სასარგებლოა, რასაც თავად მთლიანად უჭერს მხარს.
მან პირობა დადო, რომ გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი ანტი ტურენენი ჟენევის კონსულტაციების განსავითარებლად ძალისხმევას გააგრძელებს.
„ამ კუთხით მინდა განვიხილო, როგორ შეგვიძლია უფრო მეტად გამოვიყენოთ ამ კონსულტაციების პლატფორმა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისთვის რეგიონში“, – განაცხადა ბენ კი მუნმა.
ინტერპრესნიუსი