კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მაყურებელი“ მაჟორიტარები

12 აპრილი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

პრეზიდენტი სააკაშვილი მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის მოქმედი სისტემის შეცვლის კატეგორიული წინააღმდეგია. სააკაშვილის თქმით, რაიონებს მაჟორიტარი დეპუტატები იმიტომ უნდა ჰყავდეთ, რომ ისინი ანგარიშვალდებულები არიან საკუთარი ამომრჩევლის და არა პარტიული ლიდერების წინაშე. ვინ არიან კახეთიდან მაჟორიტარი დეპუტატები და რეალურად რას აკეთებენ ისინი რაიონებში? ამჯერად სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატის საქმიანობის შესახებ გიამბობთ.

პრეზიდენტის არგუმენტები

„რამდენიმე რადიკალურ პარტიას“ სურს, რომ რაიონებს არ ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენლები პარლამენტში და თავად გადაწყვიტონ, ვინ აირჩევს პრემიერ - მინისტრს და მინისტრებს „ბევრად უფრო მეტი გავლენის მქონე“ მომდევნო პარლამენტში“, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 აპრილს. მან საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში, პოეტ მუხრან მაჭავარიანის სახლის ეზოში, მოსახლეობასთან სატელევიზიო შეხვედრის დროს, სხვა საკითხებთან ერთად საარჩევნო სისტემაზეც ისაუბრა და დაიცვა მმართველი პარტიის პოზიცია არსებული მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების თაობაზე.

„საქმე არის ძალიან კონკრეტული - მე ვიყავი მაჟორიტარი დეპუტატი თბილისის ცენტრალური რაიონიდან. მე ზუსტად ვიცოდი, რომ ანგარიშვალდებული ვიყავი არა ჩემი პარტიული ლიდერების წინაშე, არა ვიღაც ჩემი მეგობრების წინაშე. ამ ხალხმა ამირჩია.. და ეს ხალხი გამაგდებდა შემდეგ არჩევნებზე, თუ მათ დავალებას არ შევასრულებდი“, - განაცხადა მან.

ამ თემაზე შეუთანხმებლობა, ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში, საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე წარმოიშვა. პროცესის დაწყებიდან ხუთი თვის თავზე მხარეებს შორის მოლაპარაკებების შეფერხების ერთ - ერთ მთავარ მიზეზად ისევ მაჟორიტარული სისტემა დასახელდა. მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ის არ აპირებს მოქმედ მაჟორიტარულ სისტემაზე უარი თქვას და დაეთანხმოს რვა ოპოზიციური პარტიის ერთობლივ წინადადებას, რომ 150 წევრიანი პარლამენტის 75 წევრი კვლავაც პროპორციული სისტემით აირჩეს, ხოლო დანარჩენი 75 დეპუტატი რეგიონულ - პროპორციული წესით, ნაცვლად არსებული ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემისა. მმართველი პარტია მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობის გაზრდის ინიციატივითაც გამოვიდა, თუმცა ოპოზიციისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა.

ვინ არიან კახეთიდან მაჟორიტარი დეპუტატები და რეალურად რას აკეთებენ ისინი რაიონებში? ამჯერად სიღნაღის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის საქმიანობის შესახებ გიამბობთ.

ზეწოლა სოფლების გამგებლებზე

ნუგზარ რობერტის ძე აბულაშვილი დაიბადა 1973 წლის 13 სექტემბერს სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში. 1991 – 1996 წლებში მუშაობდა სიღნაღის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველოს მძღოლად. 1996 – 1999 წლებში სიღნაღის მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაციის ინსპექტორად. 2002 – 2003 წლებში ადვოკატთა ეროვნული ასოციაციის სიღნაღის ბიუროში იურისტად. 2004 წელს ჯუგაანის თემის საკრებულოს თავმჯდომარედ აგრძელებს მუშაობას. ვარდების რევოლუციის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატების“ პარტიული სიით საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა.

გადეპუტატების შემდეგ ნუგზარ აბულაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეუტია. სოფელ ანაგის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გოგი ჩირინაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც პარლამენტის წევრის უკანონო მოთხოვნებს წინააღმდეგობა გაუწია. ჩირინაშვილის თქმით, დეპუტატი მისგან თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვდა, რაზედაც უარი მიიღო. „ამის შემდეგ მემუქრებოდა, რომ ჩემს თავს დააჭერინებდა. მომიგზავნა ფინანსური პოლიცია, პროკურატურა. რამდენიმე საქმე აღძრეს. ვერაფერი რომ ვერ მომიხერხა, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, რაიონიდან გასახლებით დამემუქრა. მანამდე სიღნაღის გამგეობის საფინანსო განყოფილება აიძულა, რომ სოფლისთვის კუთვნილი თანხები არ ჩაერიცხათ, რითაც ფინანსურ იზოლაციაში მოგვაქცია“, - აღნიშნავს გოგი ჩირინაშვილი.

ნუგზარ აბულაშვილმა თანამდებობების დატოვება სხვა საკრებულოების თავმჯდომარეებსაც მოსთხოვა. სოფელ ძველი ანაგის საკრებულოს ყოფილი ხელმძღვანელი ამირან ღვედაშვილი აღნიშნავს, რომ მან სამსახური აბულაშვილის მოთხოვნით, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. აბულაშვილის მოთხოვნით, თანამდებობებიდან გადადგნენ სოფლების ერისიმედის, ვაქირის და ჯუგაანის ხელმძღვანელებიც. პარლამენტის წევრის მოთხოვნას სოფელ ულიანოვკის საკრებულოს თავმჯდომარე, 69 წლის მატვეი რემიზოვი არ დაემორჩილა. დეპუტატმა სოფლის ხელმძღვანელი რაიონის გამგეობაში დაიბარა და სამსახურიდან წასვლა კიდევ ერთხელ, კატეგორიულად მოსთხოვა. მატვეი რემიზოვმა აბულაშვილს საბოლოო პასუხი არ გასცა და მოსაფიქრებლად დრო სთხოვა. რამდენიმე დღეში სამართალდამცავებმა მატვეი რემიზოვი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. კახეთის საოლქო პროკურატურამ 69 წლის მოხუცს ბრალი სამსაურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დასდო. თელავის რაიონულმა სასამართლომ კი რემიზოვს პატიმრობა შეუფარდა. მატვეი რემიზოვმა ციხეში 6 თვე გაატარა. საპყრობილეში ყოფნისას მას მარცხენა ფეხის თითზე განგრენა განუვითარდა. სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ აღმოუჩინეს და დაავადება კიდევ უფრო გართულდა. საბოლოოდ რემიზოვს მარცხენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. I ჯგუფის ინვალიდს, სიღნაღის პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. რემიზოვმა სახლიდან ყველაფერი გაყიდა, თანხის ნაწილი ნაცნობებმა შეუგროვეს და 10 ათასი ლარი ბიუჯეტში გადაიხადა. სასამართლომ მას 5 წელი პირობითი სასჯელიც მისცა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ რემიზოვს დაავადება გაურთულდა და გარდაიცვალა.

ჟურნალისტების დარბევა

ნუგზარ აბულაშვილის მიერ ადგილობრივ თვითმმართველობაზე განხორციელებული და მიმდინარე ზეწოლის გაპროტესტების მიზნით, 2006 წლის 15 ივნისს, კახეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სიღნაღში თეატრალიზებული საპროტესტო აქცია ჰქონდათ დაგეგმილი. აქციის გასაშუქებლად მიმავალ ჟურნალისტებს, თავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის წევრები დაესხნენ. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, კორესპონდენტები დაარბიეს, დაუმტვრიეს მიკროფონები, დიქტოფონები, წაართვეს ვიდეოკასეტები და ფოტოაპარატები. ჟურნალისტებმა რომან ქევხიშვილმა, ზვიად რუაძემ და გელა ჯალიაშვილმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს.

ნაციონალების მიერ ჟურნალისტების ცემა-ტყეპა დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. ამ ხნის მანძილზე პოლიციის იქ მყოფი თანამშრომლები, მოვლენებს შორიდან აკვირდებოდნენ. ჟურნალისტებმა მათ დახმარება რამდენჯერმე სთხოვეს, რეაგირებისათვის სიღნაღის პოლიციის უფროსს, ალექსანდრე ონანაშვილსაც არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. პოლიციელებმა, ბესიკ ფხოველიშვილმა, გია სიფრაშვილმა და იაგო კოჭლამაზაშვილმა, რომელიც დარბევაშიც მონაწილეობდა, მოძალადეები, სოფელ ვაქირის საკრებულოს ახლადდანიშნული გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ნანობაშვილი, ამავე სოფლის მკვიდრი ჯემალ დემეტრაშვილი პოლიციის მანქანაში მოათავსეს და „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ოფისში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით მაშინ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა. ნინო ბურჯანაძემ დარბევას ვანდალიზმი უწოდა და ჟურნალისტების ცემის ფაქტის სასწრაფოდ გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვა. „თუ დადასტურდა ინციდენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ან პოლიციის წარმომადგენლების მონაწილეობა, ეს ადამიანები კანონის შესაბამისად მკაცრად დაისჯებიან“, -  განაცხადა ბურჯანაძემ. ხულიგნობის ბრალდებით დარბევის სამი მონაწილე იოსებ ნანობაშვილი, ვასიკო მუნჯიშვილი და ჯემალ დემეტრაშვილი დააკავეს, თუმცა გირაოს სანაცვლოდ ისინი მალევე გაათავისუფლეს. ორი წლის შემდეგ პროკურატურამ ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, სასამართლო პროცესი კი ისე ჩატარდა, რომ დაზარალებულებს არ აცნობეს. აი, რა მოგვითხრო ერთ-ერთმა ბრალდებულმა ვასიკო მუნჯიშვილმა: „ნუგზარ აბულაშვილს არ უნდოდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისის წინ თეატრალიზებული აქცია გამართულიყო. შეგვკრიბა პარტიის აქტივისტები და დაგვავალა, რომ სიღნაღის ცენტრში აქციის მონაწილეთა შესვლა არ უნდა დაგვეშვა. თვითონვე უზრუნველყო ტრანსპორტის მოყვანა, რომლითაც სიღნაღიდან ანაგაში გადავაადგილდით, სადაც აქციის მონაწილეები იკრიბებოდნენ. აბულაშვილისგან სრული თავისუფლება და დაუსჯელობის გარანტია გვქონდა მოცემული. გვითხრა, რომ აქციის დარბევის შესახებ შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა იცოდა, რომელთანაც მეგობრობს და არავის დაგვაკავებდნენ“.

მიწის და ქვეშეთის დეპუტატი

საქმე სიღნაღის რაიონის გამგეობის ძველ ბეჭედს ეხება, რომელიც ახლის დამზადებისთანავე, 2005 წელს უნდა გაუქმებულიყო. როგორც აღმოჩნდა, სიღნაღის რაიონის გამგეობამ ბეჭედი არ გააუქმა და მისი გამოყენებით, ძველი რიცხვებით, მთელ რიგ საიჯარო დოკუმენტებს ამოწმებდნენ. პროკურატურის ინფორმაციით, ამ გზით, ასობით ჰექტარი მიწის იჯარით გაცემას სიღნაღის რაიონის გამგებელი ბერდო ასანიშვილი, მისი მრჩეველი მამუკა მანგოშვილი და კიდევ რამდენიმე თანამდებობის პირი, მოიჯარეებთან კორუფციული გარიგებების სანაცვლოდ ახდენდნენ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თანამდებობის პირების მიერ, ორი წლის განმავლობაში, ასობით ჰექტარი მიწის იჯარით გაცემასა და გაყიდვას, საქართველოს პარლამენტის წევრი ნუგზარ აბულაშვილი კურირებდა, ბერდო ასანიშვილმა დაკავებისთანავე დაადასტურა. „ნუგზარ აბულაშვილმა ჯერ გვამუშავა, შემდეგ კი, როცა აღარ ვჭირდებოდით,  პროკურატურას ინფორმაცია მიაწოდა და ჩვენი თავი დააჭერინა“, - განაცხადა ასანიშვილმა. ასანიშვილს და მანგოშვილს სასამართლომ რამდენიმეწლიანი პატიმრობა შეუფარდა. 2009 წელს ისინი პრეზიდენტმა შეიწყალა.

ნუგზარ აბულაშვილი სიღნაღში ჯართის ბიზნესშიც ერეოდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტს აჩვენეს ვიდეო, სადაც აბულაშვილი ჯართის ბიზნესში ჩართულ მცირე მეწარმეებს წილს სთხოვს: „აბულაშვილი 10-მდე ადამიანს ხვდება. მისი დავალება ასეთია: ვინც სიღნაღის რაიონში ჯართის ყიდვა - გაყიდვას აწარმოებს, ყოველი თვის ბოლო რიცხვამდე მის ძმას თანხა უნდა გადაუხადონ, მოგებული თანხის 30%“. ნუგზარ აბულაშვილის ძმა სიღნაღის პოლიციის თანამშრომელი იყო.

დავით მარტაშვილი, სიღნაღის რაიონის ყოფილი პროკურორი: „2004 წელს, სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს წყალსადენის ქსელის ლითონის მილების უკანონო რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა, რაც საჭიროებდა მოკვლევას. მისი ჩატარება სიღნაღის რაიონულ პოლიციას დავავალე. მოკვლევის დროს ჩემთან პოლიციის მაღალჩინოსანი მოვიდა და მითხრა, რომ რეალიზებული ლითონის მილები ფაქტობრივად შეძენილი ჰქონდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, საქართველოს პარლამენტის წევრს, ნუგზარ აბულაშვილს და მთხოვა, უხერხულობის თავიდან ასაცილებლად თავი შეგვეკავებინა ამ ფაქტის რეაგირებაზე. მე ვუპასუხე, რომ თუ ნუგზარ აბულაშვილი იყო კეთილსინდისიერი შემძენი, მას არ დაეკისრებოდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ზემოაღნიშნულ ფაქტზე კანონის შესაბამისად აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რაც სასწრაფოდ აცნობეს ნუგზარ აბულაშვილს. განაწყენებულმა დეპუტატმა ფაქტების დამახინჯებით შეატყობინა კახეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას, თითქოს მე უკანონოდ ვახორციელებდი ნაციონალური მოძრაობის წევრების დევნას. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ თავის მხრივ სათანადო ინფორმაცია მიაწოდა გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას, რომელმაც მხედველობაში მიიღო აღნიშნული გარემოება და რის გამოც არ დამამტკიცეს გურჯაანის რაიონული პროკურორის მოადგილედ, სადაც საოლქო პროკურორის მიერ ვიყავი წარდგენილი“.

ძმა ძმისთვისაო

1999 წლის 11 დეკემბერს სიღნაღის რაიგანყოფილების ინსპექტორმა ნოდარ აბულაშვილმა (ნუგზარ აბულაშვილის ძმა) 19 წლის ზვიად ბაღაშვილს ესროლა. საქმეს ჯერ სიღნაღის, შემდეგ კი თელავის რაიონული პროკურატურა იძიებდა. გამოძიების მასალების მიხედვით, ზვიად ბაღაშვილი დაბა წნორში მცხოვრებ ნანა თანდილაშვილს, მეგობარ დავით ნასყიდაშვილთან ერთად ესტუმრა. ნანას ოჯახი სტუმრებს არაკეთილგანწყობით შეხვდა. ბებიამ სიღნაღის პოლიციის წნორის ქვეგანყოფილებიდან ნოდარ აბულაშვილი დაიბარა, რომელიც მეზობლების თქმით, თანდილაშვილების ხშირი სტუმარი იყო. თვითმხილველების ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ადგილზე პოლიციელების მისვლისას, ბაღაშვილის მანქანა თანდილაშვილების სახლიდან უკვე გამოდიოდა, თუმცა ნოდარ აბულაშვილმა ზვიად ბაღაშვილს მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვა. ბაღაშვილი პილიციელის მოთხოვნას არ დაემორჩილა. აბულაშვილმა ტაბელური იარაღი ამოიღო, ბაღაშვილს დაუმიზნა და ესროლა.

პროკურატურამ 1999 წლის 11 დეკემბრიდან 2000 წლის 7 აპრილამდე ნოდარ აბულაშვილი დამნაშავედ არ სცნო და შესაბამისად არც დაუკავებიათ. მას ბრალი მხოლოდ 7 აპრილს წაუყენეს განზრახ მკვლელობის მუხლით დამამძიმებელი გარემოებების გარეშე და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის. აბულაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, პროკურატურამ შუამდგომლობით თელავის რაიონის სასამართლოს მიმართა. 8 აპრილს სასამართლომ დაპატიმრების ბრძანება გასცა, თუმცა საპროცესო ნორმების უხეში დარღვევებით, რის გამოც თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე იური გაბისონიამ, თელავის სასამართლოს ბრძანება დაპატიმრების შესახებ გააუქმა, ხოლო ნოდარ აბულაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ბაღაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების შეწყვეტის თაობაზე დადგენილება რამდენჯერმე იქნა გამოტანილი. მოკლულის მამა ვაჟა ბაღაშვილი აღნიშნავს, რომ საოლქო და უზენაესი სასამართლოების მიერ საქმე ხუთჯერ იქნა დაბრუნებული ხელახალ ძიებაში, მაგრამ გამოძიებამ სასამართლოს ყველა მითითება უგულებელყო. 2008 წლიდან ნოდარ აბულაშვილი შსს-ს გენერალურ ინსპექციაში მუშაობს.

2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ნუგზარ აბულაშვილი პარლამენტის წევრი მეორე ვადით გახდა.

ნუგზარ აბულაშვილი არც ერთ აქ მოცემულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

მომდევნო დღეებში სხვა მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობის შესახებ გიამბობთ.

ახალი ამბები