კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადება

13 აპრილი, 2011

2011 წლის 8 აპრილს,  საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გამოაქვეყნა ინტერვიუ  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ანტონ ქელბაქიანთან, სათაურით: „სასჯელაღსრულების სამინისტრო სახალხო დამცველის ანგარიშს პასუხობს“. 
 
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია გამოვეხმაუროთ აღნიშნულ ინტერვიუს და ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით სახალხო დამცველისა და მისი აპარატის პოზიცია დავაფიქსიროთ.
 
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში დიდი ნაწილი ეთმობა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ პრობლემებს, ყველა პრობლემატური საკითხი დეტალურად არის გაანალიზებული და კონკრეტული ფაქტებით გამყარებული. სახალხო დამცველის ანგარიშის მიმართ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლის მოსაზრებები უმეტესწილად საფუძველსმოკლებულია და არ ასახავს რეალობას. ამ მოსაზრებების საპირწონედ, გვსურს წარმოგიდგინოთ რამდენიმე ამონარიდი ანგარიშიდან, რომლებიც კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახებს, თუ კონკრეტულად რა პრობლემების წინაშე დგას აღნიშნული სისტემა.
 
პირველ საკითხად უნდა გამოვყოთ პატიმართა სიკვდილიანობის ზრდა. სახალხო დამცველი კატეგორიულად ვერ გაიზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში „სიკვდილიანობის ზრდა პატიმრების ზრდის პროპორციულია“.
 
ევროპაში, პატიმართა სიკვდილობის საშუალო დონე, ყოველ 10 000 პატიმარზე გადაანგარიშებით 33.2-ის ტოლია, მაშინ როცა, საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი, ევროსაბჭოს მიერ გამოქვეყნებული (2008 წლის მონაცემები) ბოლო ანგარიშის მიხედვით 53.3-ს უთანაბრდება.
 
რაც შეეხება გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობის ხელოვნურ შემცირებას, უნდა აღინიშნოს, რომ  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან მიღებულ კორესპონდენციაში, როგორც წესი არ არის მითითებული იმ პატიმრების მონაცემები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში გარდაიცვალნენ.
 
ანალოგიური ვითარება იყო პატიმარ ნადიმ ცეცხლაძის შემთხვევაშიც.
 
სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროდან მიღებულ გარდაცვლილი პატიმრების სიაში ნ. ცეცხლაძე არ ფიგურირებს. აღნიშნული გვარი ასევე არ ფიგურირებს, მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან მიღებულ პასუხშიც. სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც  ადგილი აქვს გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობის ხელოვნურ შემცირებას, და ეს მანკიერი პრაქტიკა, უკვე რამდენიმე წელია არსებობს.
 
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მითითებულია, რომ 2010 წელს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში გარდაიცვალა 75 პატიმარი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს მცდელობას ხელოვნურად შეამციროს გარდაცვლილთა რაოდენობა და დამალოს რეალურად არსებული ვითარება.
 
ყურადღება უნდა გავამახვილოთ ასევე მომაკვდავი პატიმრების ციხეებიდან სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანის საკითხზე.
 
2010 წელს, ქალაქის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გაყვანილი და გარდაცვლილი პატიმრების რაოდენობამ გარდაცვლილთა თითქმის  46% შეადგინა.
 
ქალაქის სამედიცინო დაწესებულებებში გაყვანილ და გარდაცვლილი პატიმრების დიდ ნაწილს რაიმე განსაკუთრებით რთული ნოზოლოგია კი არ აღენიშნებოდა, არამედ დაავადებათა შორსწასული, გართულებული ფორმები. ბუნებრივია, ამ დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა და ადეკვატური მკურნალობა რომ ჩატარებულიყო, შესაძლებელი გახდებოდა სიკვდილობის ფაქტების გარკვეული ნაწილის თავიდან აცილება. აღნიშნული პრობლემა დეტალურად არის გაანალიზებული სახალხო დამცველის ანგარიშში.
 
კიდევ ერთხელ გვსურს განვაცხადოთ, რომ სახალხო დამცველი წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, მაგრამ მხოლოდ ინფრასტრუქტურის ნაწილობრივი გაუმჯობესება ვერ მოაგვარებს ჯანდაცვის უფლების რეალიზაციის კუთხით არსებულ პრობლემებს.
 
სახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული არაერთი გეგმური და არაგეგმური მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ: მიუხედავად საქართველოს ციხეებში ტუბერკულოზის მხრივ განხორციელებული არაერთი პროექტისა, პრობლემა არათუ მოგვარდა, არამედ უფრო გაღრმავდა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ის აქტიური თანამშრომლობა, რაც ტუბერკულოზთან ბრძოლის და ზოგადად, სასჯელაღსრულების ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით დაიწყო სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის, რეალურ შედეგებს მოიტანს – დაიგეგმება ეფექტური ნაბიჯები ზემოაღნიშნული პრობლემების მოგვარებისთვის. სახალხო დამცველის ანგარიშებში ხაზგასმულია, რომ ჯანდაცვის სპეციალისტების უფრო მეტი და აქტიური ჩართულობა მდგომარეობის შეცვლის ერთ–ერთი აუცილებელი წინაპირობაა;

2010 წელს გარდაცვლილ პატიმართა უმეტეს ნაწილს გულის იშემიური დაავადება აღენიშნებოდა. ეს არ ნიშნავს, რომ გულის იშემიურმა დაავადებამ პირდაპირ განაპირობა სიკვდილი. ანგარიშში საკმაოდ დეტალურადაა განმარტებული, რომ იგივე ტუბერკულოზთან ან სხვა სახის ნოზოლოგიასთან ამ დაავადების თანაარსებობა ხელს უწყობს, ართულებს და აჩქარებს უარყოფითი შედეგის დადგომას;

სამედიცინო ბარათები, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემაში დაინერგა არ არის შესაბამისობაში  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებულ სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმებთან. სწორედ ამ ბარათების შემოღებით, პენიტენციური ჯანდაცვის სისტემა კიდევ უფრო გაიმიჯნა საქართველოს ჯანდაცვის სისტემისაგან. შესაბამისად, აღნიშნულ სიახლეს პროგრესულს ვერ ვუწოდებთ;

პირველადი ჯანდაცვის პუნქტები არ არის აღჭურვილი შესაბამისი ინვენტარით. მონიტორინგის შედეგად  გამოვლინდა, რომ დაწესებულებათა აბსოლუტურ უმრავლესობას არ გააჩნია ელემენტარულად ელექტროკარდიოგრაფიც კი. N18 დაწესებულების გარდა არც ერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ არის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისათვის საჭირო ელემენტარული ხელსაწყოებისა და საშუალებების სრული კომპლექტი;

კიდევ ერთხელ უნდა განვაცხადოთ, რომ საქართველოში „ზოგადი პროფილის ექიმი“, ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული საექიმო სპეციალობების ჩამონათვალის მიხედვით აღარ არსებობს. ამ პროფილის ექიმების გადამზადები სურვილის გამოთქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ ჯანდაცვის რეფორმა არ მიმდინარეობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში;

კვლავ მნიშვნელოვანია  უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტებიც. აღსანიშნავია, რომ უკანონო საექიმო საქმიანობა წარმოადგენს არა ხარვეზს, არამედ საქართველოს კანონმდებლობის მიერ განიხილება დანაშაულად. აღნიშნული დანაშაულის გამოვლენის და მასთან ბრძოლის არაეფექტურ მექანიზმებზე საკმაოდ ვრცლადაა საუბარი სახალხო დამცველის ანგარიშში.
 
ცალკე საუბრის თემაა პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები, დაგვიანებული ექსპერტიზა და დაუსრულებელი გამოძიება. აღნიშნულ საკითხებზე არაერთ ანგარიშშია საუბარი.
 
ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რომელთა წინაშეც დგას საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემა.
 
დასასრულს გვსურს აღვნიშნოთ, როდესაც სახალხო დამცველის ანგარიშში დადებითი ტენდენციების სიმცირეზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, თუ რას გვავალებს კანონი. სახალხო დამცველის ანგარიში არ წარმოადგენს დოკუმენტს, რომელმაც მიზანმიმართულად და დეტალურად მხოლოდ ის უნდა ასახოს თუ რა დადებითი ძვრები მოხდა. პირიქით, კანონის თანახმად, „საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში უნდა მიეთითოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ის ორგანოები და თანამდებობის პირები, რომლებიც არღვევდნენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არ ითვალისწინებდნენ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ამ უფლებათა აღდგენის ღონისძიებების შესახებ“ (საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“, მუხლი 22, პუნქტი 2).

ახალი ამბები