10:57, Wednesday, 13.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ლევან ბერძენიშვილი: „ზნეობის პრობლემა აქვთ სააკაშვილის იმ მომხრეებს, რომლებიც ცდილობენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოიყვანონ სულელების ხროვად“

15.04.2011

ნათია დოლიძე, „ყველა სიახლე“

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი სამშობლოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. ის ხუთი თვის განმავლობაში აშშ-ში ცნობილი ამერიკული ფონდის NED-ის (National Endowment for Demmocracy) პროგრამით იმყოფებოდა. შეგახსენებთ, ეს ფონდი მსოფლიოში დემოკრატიის განვითარების ხელშემწყობი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა.

ბატონმა ლევანმა ამ პროგრამაში მონაწილეობის სტიპენდია დიდი კონკურსის გავლის შედეგად მოიპოვა. ლევან ბერძენიშვილთან ინტერვიუ სწორედ ამერიკაში გატარებული ბოლო ხუთი თვის შეფასებით დავიწყეთ.

- ვცხოვრობდი ვაშინგტონში, მქონდა ჩემი ოფისი და მყავდა თანამშრომლები. ეს იყო ძალიან შრომატევადი და საინტერესო ხუთი თვე. დაახლოებით ასი შეხვედრა გავმართე ამერიკის პოლიტიკური ელიტის გავლენიან და ცნობილ ადამიანებთან, პოლიტოლოგებთან, არასამთავრობო წრეებთან. როცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნას ვკითხულობდი, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ჩემი ნათქვამიც აისახა ამ ანგარიშში. შეხვედრები მქონდა სახელმწიფო დეპარტამენტში, შევხვდი ბევრ ცნობილ ადამიანს, მათ შორის: კისინჯერს, ბჟეზინსკის, ზდანოვიჩს, ყველა ყოფილ ელჩს, ვინც კი საქართველოში მუშაობდა და ა.შ.

მქონდა საშუალება, მემოგზაურა ქვეყანაში და წამეკითხა ლექციები კოლუმბიის, ჰარვარდისა და სტენფორდის უნივერსიტეტებში. ხუთთვიანი მუშაობის შედეგი ამ პროგრამის მონაწილეებს სპეციალურ პრეზენტაციაზე უნდა განგვეხილა. მეც წარმოვადგინე „ვარდების რევოლუციის“ შედეგის ანალიზი, სათაურით: „არც ისე ვარდისფერი შედეგები - საქართველო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ“. ამას ესწრებოდა წარმომადგენლობითი აუდიტორია: სახელმწიფო დეპარტამენტისა და ცნობილი ფონდების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ყველა ის კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც აშშ-ის საგარეო და საშინაო პოლიტიკას განსაზღვრავს. ამ პრეზენტაციას დაესწრნენ ამერიკული ტელევიზიები, ასევე ARTVI და ფრანგული TF1, მაგრამ არ დაესწრნენ „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები. პრეზენტაციაზე იყო ჩვენი საელჩოს წარმომადგენელი, ყოფილი ჟურნალისტი ნათია ზამბახიძე. ამ პრეზენტაციაზე დასაბუთებულად განვაცხადე, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან კარგი არაფერია მოსალოდნელი.

საქართველოს უპირებენ სინგაპურიზაციის გზაზე გაყენებას, რაც დიდი სისულელეა და არც გამოვა. აგრეთვე, ვთქვი, რომ ჩვენი ხელისუფლების ახალი იდეები ტურიზმის შესახებ, არარეალურია. გავაკრიტიკე სახელმწიფო პოლიტიკა განათლების სფეროში. ასევე, კრიტიკის ცეცხლში გავატარე რამდენიმე ამერიკული ორგანიზაციაც, მათ შორის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, რასაც მოჰყვა ჩემი შეხვედრა  ინსტიტუტის თბილისის წარმომადგენლობის დირექტორ ლუის ნავაროსთან. ვერ ვიტყვი, რომ ეს „ქურდული გარჩევა“ იყო, მაგრამ სერიოზულად ვილაპარაკეთ.

ნავაროს მტკიცებით, არასდროს ემხრობოდნენ საქართველოს ხელისუფლებას. მართალია, მათ ბოლო გამოკვლევაში რეიტინგების შესახებ ბევრი კითხვაა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს კვლევები აშკარად უკეთესია და იქ კრიტიკის ელემენტები გაჩნდა. ამაში პატარა წვლილი ჩემიც უნდა იყოს. აქამდე ვაშინგტონში არავის გაუბედავს ვაშინგტონური ორგანიზაციების კრიტიკა, თანაც მათივე ფულით.

- მახსოვს, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა ერთხელ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე საუბრისას თქვა, არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს დეპარტამენტსო...

- გიორგი კანდელაკი ის კაცია, რომელმაც მშვენივრად იცის, რა ხდება რეალურად. სახელმწიფო დეპარტამენტი უსმენს ბევრ ადამიანს, მაგრამ ანგარიშში შეაქვს მხოლოდ ის მონაცემები, რომელსაც ენდობა. ვახტანგ ბალავაძე კი უფრო შორსაც წავიდა და განაცხადა - სულაც არ არის ეს ანგარიში კრიტიკულიო. ეგ ან სულელია და წარმოდგენა არა აქვს, რას ნიშნავს კრიტიკა, ან ძალად ისულელებს თავს... ახალ ანგარიშში გაჩნდა ისეთი ელემენტები და ისეთი სიმძაფრით, რომელიც აქამდე არ ყოფილა. უპირველესად, იგულისხმება ელიტური კორუფცია. ელიტური კორუფციის მაგალითები ბევრმა ვიცით. მაგალითად, ვიცით, რომ გივი თარგამაძემ სწორედ კორუფციით ნაშოვნი ფულით აიშენა სამსართულიანი ტრიფლექსი...

ანგარიშში ძირითადად იგულისხმება ის ხალხი, რომელიც თვითონ დააპატიმრეს კორუფციის ბრალდებით. გია ნოდიას მინისტრობის დროინდელი, ყველა მაღალჩინოსანი რომ დააპატიმრეს, ნოდიას გარდა, ეს არ არის ელიტური კორუფცია? ისე, გია ნოდია ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი კაცია საქართველოში, მაგრამ სწორედ ამის გათვალისწინებით, ერთ-ერთი უზნეო კაციც გამოდის, რადგან თუ ტყუილ-მართალს არჩევ, მაგრამ მაინც ტყუილის მხარეს დგახარ, აქ შენს ინტელექტში კი არა, შენს ზნეობაშია პრობლემა. ეს პრობლემა აქვთ მიხეილ სააკაშვილის იმ მომხრეებს, რომლებიც ახლა ცდილობენ სახელმწიფო დეპარტამენტი გამოიყვანონ სულელების ხროვად, სადაც ინფორმაციასა და ჭორებს აგროვებენ.

- მაინც რას ამბობდნენ აშშ-ში საქართველოში არსებულ ვითარებაზე?

- პირადი, ფორმალური თუ არაფორმალური საუბრების დროს შემექმნა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ძალიან გაბრაზებულები და ნაწყენები არიან. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც უკვე ცოფებს ყრიან, შრომის კანონმდებლობაა. საქართველოს აქვს ლევან რამიშვილის მიერ შექმნილი შრომის კოდექსი, რომელიც დრაკონულია, ამის მიხედვით დამქირავებელს შეუძლია ყველაფერი, დაქირავებულს - არაფერი. ამერიკაში ძალიან ღელავენ საქართველოში პროფკავშირების მდგომარეობის გამოც. თანაც ყურმოკრულად კი არ იცოდნენ ეს ამბები, არამედ ზედმიწევნით.

გამწარებული არიან ასევე იმის გამო, რაც ხდება ქართულ მედიაში. 2007 წელს „იმედში“ შეჭრა და არხის დახურვა მიიჩნევა ყველაზე დიდ დანაშაულად მათ შორის, რაც კი სააკაშვილს ჩაუდენია. აგერ იღებენ კანონს მედიაგამჭვირვალობის თაობაზე, ამით ცდილობენ, როგორმე დემოკრატიობანა წაითამაშონ, ძალიან კარგი, მაგრამ ეს კანონი რას მოგვცემს? არსებითი მნიშვნელობა არ ექნება, ფორმალურად მესაკუთრედ ვის ჩაწერენ, როდესაც "იმედის" ხელმძღვანელი არის ყოფილი მინისტრი, მიხეილ სააკაშვილის ყურმოჭრილი ყმა.

- აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა გამოსვლის ბოლოს ახსენა ლიბია, ეს რაზე უნდა მიანიშნებდეს?

- ლიბიის ხსენება დიპლომატიის ენაზე, ვფიქრობ, უკანასკნელი არგუმენტია, სააკაშვილი გონს რომ მოიყვანონ. ეს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ვიღაცას ძალიან სერიოზულად აფრთხილებენ. მახსოვს, საბჭოთა კავშირში გამოდიოდნენ ასე ამერიკის ელჩები, დიდი საყვედურებით. ის ფორმა, რა ფორმითაც ბასმა გაავრცელა თავისი მიმართვა - ფორმატით, სუბტიტრებით, რომელიც შეურაცხმყოფელი უნდა ყოფილიყო „იმედისა“ და „რუსთავი-2“-ისთვის, მართლაც უპრეცედენტოა. წარმოგიდგენიათ, საკუთარი, შემოწმებული აწონ-დაწონილი თარგმანით გაუშვეს ჩანაწერი, რათა ჩვენს ტელევიზიებს კიდევ არაფერი დაემახინჯებინათ.

- რა შეიძლება მოჰყვეს ამ ანგარიშს?

- ხელისუფალისთვის ეს არის ყვითელი ბარათი, რომელსაც მალე შეიძლება წითელი ბარათიც მოჰყვეს, ანუ ფინანსური დახმარებაც შეგვიწყვიტონ. ვიდრე ასეთ მკაცრ სანქციებს არ დაგვიწესებენ, სააკაშვილი გონს არ მოვა.

გავიგე, სააკაშვილი ჯონ ბასზე ნაწყენი ყოფილა, საკუთარ გარემოცვაზეც - ასეთი რამ როგორ დაუშვითო. თურმე, მე რომ გამოვედი ამერიკაში, იმაზეც გაბრაზებულა. NED-ში ამერიკაში საქართველოს ელჩი იაკობაშვილი გაგზავნეს, რომელმაც ჩემზე ათასი სიბინძურე თქვა.

- აქამდე ამერიკის მხრიდან სააკაშვილის ხელისუფლების მხარდაჭერა იმითაც აიხსნებოდა, რომ აქ პოლიტიკური ალტერნატივა არ ჩანდა. დღეს რას ფიქრობენ ამაზე ამერიკელები?

- გულწრფელად არავინ გეტყვის, რა მოსწონთ და რა - არა. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს იმას, ვისაც გაჰყვება ქართველი ხალხი. მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად დამთავრდა 2007 წელს. ამის მერე შეიძლება ის კიდევ დიდხანს იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ ლეგიტიმაცია აღარ აქვს. ასე ფიქრობენ ამერიკაშიც. უბრალოდ, მას ხელისუფლებაში ყოფნა ომმა გაუხანგრძლივა და ასევე ამერიკაში ხელისუფლების შეცვლამაც.

- საქართველოში ბევრს ლაპარაკობენ პროცესების რევოლუციურ განვითარებაზე, გვაქვს ორი პოლიტიკური ძალის მიერ დაანონსებული რევოლუციები.

- წინასწარ გამოუცხადო სააკაშვილს, რომელ დღეს მოუწყობ რევოლუციას, არასერიოზულია. ქვეყანაში არსებული გაუსაძლისი სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა იძლევა საშუალებას, იფიქრო, რომ ხალხს ამოუვა ყელში და გამოვა ქუჩაში, მაგრამ რეალურად სხვა ვითარებაა. დღეს საქართველოში არ არის წინარევოლუციური სიტუაცია, ან შეიძლება მე ვერ ვხედავ, მაგრამ ბურჯანაძემ და ოქრუაშვილმა რაღაც ღრმად განჭვრიტეს.

გამოაცხადა ქალბატონმა ნინომ რევოლუცია, მაგრამ მგონია, რომ ესეც ჩაფლავდება. ისე, საინტერესოა - ბურჯანაძის ჩაფლავებას ელოდება არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ რევოლუციის მეორე დიდი შემოქმედი, ქართული პოლიტიკის ტროცკი - ირაკლი ოქრუაშვილიც. სურს, ეს რომ ჩაფლავდება, მერე მოახდინოს რევოლუცია.

ეს ბავშვური თამაშები პოლიტიკოსებს არ მოჰბეზრებიათ, ხალხს კი ამოუვიდა ყელში. ისე, მერჩივნა, რევოლუციურად ყოფილიყო განწყობილი, ეს შეიძლება პოლიტიკურად წამგებიანია, მაგრამ ამ დაბეჩავებული ქვეყნის ყურებას ყველაფერი ჯობია. როდესაც ზიხარ პარიზში, საქართველოდან წაღებული გაქვს თანხები და გაქვს საშუალება, კარგად იყო, საქართველოში შენი გულისთვის სისხლს არავინ დაღვრის.

- პოლიტიკურ „რვიანზე“ საუბრისას ოქრუაშვილმა მათ ნაფტალინიდან ამოღებულები უწოდა...

- ნაფტალინში, როგორც წესი, ნახმარ ნივთებს ინახავენ, ვინც ხელისუფლებაში არ ყოფილა, ის ნაფტალინიდან ამოღებული ვერ იქნება. ხელისუფლებაში ნამყოფი ხალხი ამ ტერმინს არ უნდა იყენებდეს... ისე, გვახსოვს, ირაკლი ოქრუაშვილი ცხინვალში აპირებდა ახალი წლის შეხვედრას, მაგრამ მერე დაადგინა, რომ ცხინვალს პარიზი ჯობია...


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC