კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ანტისემიტიზმის კლასიკური მაგალითი

15 აპრილი, 2011

სალომე აჩბა

„მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ ტელეკონკურსზე გაჟღერებული ანტისემიტური „ხუმრობის“ გამო ჟიურის წევრები და ტელეკომპანია „იმედის“ წარმომადგენლები საზოგადოებას ბოდიშს უხდიან. მართალია, ბოდიში მთელი ათი დღით დაგვიანდა და ადამიანის უფლებათა ცენტრის საგანგებო განცხადებას მოჰყვა, მაგრამ როგორც იტყვიან - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

2 აპრილს „იმედის“ სატელევიზიო ეთერში „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ მორიგ კონკურსზე სპონტანური კითხვა-პასუხის ბლოკში დასმულ კითხვაზე: „ჰიტლერის მთავარი ღირსება“, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ მონაწილე ერთ-ერთმა გუნდმა „კოზა-ნოსტრამ“ უპასუხა: „უფასო გაზი ყველა ებრაელის ოჯახში“.

შოუზე დამსწრე აუდიტორია, ამ „ხუმრობაზე“, როგორც იტყვიან,  სიცილისგან გადაბჟირდა და „კოზა ნოსტრა“ ხანგრძლივი ტაშითა და ოვაციით დააჯილდოვა. ამ გუნდის მიმართ ჟიურიც ხელგაშლილი აღმოჩნდა და ის მაღალი ქულებით შეაფასა.

მიუხედავად იმისა, რომ გადაცემა არა პირდაპირ ეთერში, არამედ ჩანაწერის სახით გადიოდა, ტელეკომპანია არ მორიდებია სიძულვილის ენის ტირაჟირებას და  დამონტაჟების დროს ქსენოფობიისა და ანტისემიტიზმის შემცველი „ხუმრობა“ არ ამოუჭრია.

ხუთკაციანი ჟიურის ერთ-ერთი წევრი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი იყო. „კოზა ნოსტრას“ გამოსვლას მანაც მაღალი შეფასება მისცა. მას საჯაროდ პროტესტი არც გადაცემის მიმდინარეობისას და არც შემდგომ დღეებში საჯაროდ არ გამოუხატავს.

ტელე-„იმედის“ ეთერში გაჟღერებული ანტისემიტური რეპლიკა „იუთუბიზეც“ აიტვირთა. მისი ნახვისა და დეტალების გარკვევის შემდეგ 12 აპრილს ადამიანის უფლებათა ცენტრმა საგანგებო განცხადება გაავრცელა და მინისტრის გადადგომა მოითხოვა:  „ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ თსსუ-ს გუნდის პასუხი დასმულ შეკითხვაზე არც სამხიარულოა და არც საზრიანი. მას ვერც უკბილო ხუმრობას ვუწოდებთ და ვერც შავ იუმორს. სინამდვილეში, ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, რომელსაც ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება ცალსახად გმობს და ემიჯნება. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ჟიურის წევრებს - „ბავშვების საყვარელი პერსონაჟი“ იქნება ის, „მშვენიერი მანდილოსანი“ თუ უბრალოდ, მსახიობი, გაათვითცნობიერონ, რომ ისინი არიან საჯარო პირები და ვალდებულნი არიან, ბოდიში მოუხადონ სამოქალაქო საზოგადოებას, პირველ რიგში კი - ებრაელ ხალხს. რაც შეეხება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილს, მიგვაჩნია, რომ იგი უფრო მეტად არის ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე, რის გამოც მოვუწოდებთ მას, გადადგეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტიდან, როგორც ამ თანამდებობისთვის შეუფერებელი პირი“.

პარალელურად ამ დროს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინტერნეტ-გაზეთი humanrights.ge მუშაობდა სტატიაზე და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელს მინისტრთან ან მის მოადგილესთან შეხვედრას სთხოვდა. მინისტრმა humanrights.ge-ს ჟურნალისტთან შეხვედრა არ ისურვა და თავდაპირველად სატელეფონო საუბრისას კითხვებზე სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელმა გვიპასუხა: „სამინისტრო აფინანსებს მხიარულთა და საზრიანთა კლუბს და არა ფაშიზმს და ანტისემიტიზმს. რაც შეეხება იმ ხუმრობას, ჩვენ კონკურსის შემოქმედებით ნაწილში არ ვერევით. შინაარსობრივ მხარეზე პასუხს აგებს „მხიარულთა და საზრიანთა კლუბი“, ხოლო ტექნიკურ მხარეზე - ტელევიზია.  ამ ფონზე, ჩვენთვის ცოტათი გაუგებარია, რატომ ითხოვთ თქვენ მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში მინისტრის გადადგომას?!“

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადების გავრცელებიდან მეორე დღეს - 13 აპრილს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე „კოზა ნოსტრასა“ და მინისტრის ბოდიში გამოქვეყნდა.„მსურს საჯაროდ გამოვხატო პირადად ჩემი კატეგორიული მიუღებლობა ნებისმიერი სახის ქსენოფობიური და ანტისემიტური გამოვლინებების, ასევე  კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშულის თამაზე ნებისმიერი სახის ხუმრობის მიმართ და ბოდიში მოვუხადო იმ ადამიანებს, ვისაც ახალგაზრდების გაუცნობიერებელმა რეპლიკამ შეურაცხყოფა და ტკივილი მიაყენა“, - აღნიშნულია მინისტრის განცხადებაში.

სტატიაზე მუშაბისას humanrights-ge-ს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ავალიანიც ესაუბრა. მან ეთერში გასული შეურაცხმყოფელი რეპლიკა ახალგაზრდების გამოუცდელობსა და საქართველოში ამგვარი თამაშების ჩატარების ტრადიციის არქონას დაუკავშირა.
 
გიორგი ავალიანი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე: „რასაკვირველია, ამგვარი ხუმრობები, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არაეთიკური და შეურაცხმყოფელია. ჩაწერის შემდეგ ჩვენ პირად საუბრებში ამას შევეხეთ. „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ შემოქმედებით ჯგუფს ვურჩიეთ,  მომავალში უფრო დეტალურად და კარგად მოამზადონ შოუები. მოგეხსენებათ, ჩვენთან  ამ ტიპის კონკურსის ჩატარების კულტურა ახლა ყალიბდება.  ბევრი რამ დახვეწის პროცესშია. მე ვფიქრობ, ისიც დაიხვეწება,  რაზე შეიძლება ხუმრობა და რაზე - არა. ახალგაზრდებს ეს განცხადება შეგნებულად არ გაუკეთებიათ, კითხვას მათ სპონტანურად უპასუხეს და ასე საჯაროდ მათი გაკიცხვა სწორად არ მიმაჩნია“.

ჟიურის კიდევ ერთი წევრი, ცნობილი ტელეწამტვანი გიორგი გოგიჩაიშვილი humanrights-ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს ხუმრობა ეთერში არავითარ შემთხვევაში არ უნდა გასულიყო: „დამთავრდა თუ არა კონკურსი, მაშინვე ვუთხარი  ნიკა მახვილაძეს, რომ ამგვარი რამ  არ უნდა გასულიყო კონკურსზე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხვედრილიყო  სატელევიზიო ვერსიაში. არ შეიძლება ყველაფერზე ხუმრობა.  ჩვენ იქ  ვერაფერს ვიზამდით, ვერ ვეტყოდით საჯაროდ გუნდს - ასე რატომ თქვითო“.

- მიუხედავად ამისა, თქვენ მაღალი შეფასება მიეცით ამ გუნდს...

- რა არის მაღალი შეფასება?

-ის 5 ქულა, რომელიც თქვენ დაწერეთ.

-რომ იცოდეთ, უმაღლესი შეფასება მანდ  ექვსი იყო და მე  ერთი ქულით ნაკლები დავუწერე.

Humanrights.ge – „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“  პრეზიდენტ ნიკოლოზ მახვილაძესაც ესაუბრა.

- რა შეფასებას აძლევთ კონკურსზე გაჟღერებულ ფრაზას?

-კონკურსის ეს ნაწილი იყო კითხვა-პასუხის  ნაწილი, რომელიც წინასწარ დადგმული არ არის და  მთლიანად იმპოვიზაციაზეა აგებული. შესაბამისად, იმის პროგნოზირება, რომელი მონაწილე გუნდი რა პასუხს გასცემს ამა თუ იმ კითხვას,  წარმოუდგენელია. მე ვფიქრობ, კონკურსზე გამოთქმული ხუმრობა არანაირად არ ყოფილა სიძულვილით ნათქვამი.

- იყო თუ არა  ეს „ხუმრობა“ შეურაცხმყოფელი ებრაელი ხალხის მიმართ?

- არა, როგორ გეკადრებათ, რანაირად?!..  როგორ შეიძება ებრაელების მიმართ სიძულვილი არსებობდეს?!..

- თქვენ გადაცემაში, იხუმრეს ადამიანების ტრაგედიაზე... ადამიანების ტრაგედიაზე ხუმრობა არ მიგაჩნიათ არაეთიკურად და შეურაცხმყოფელად?

-კი როგორ არა... შეურაცხყოფად მიგვაჩნია და ამის შემდეგ ამგვარი ფაქტები არც ერთ გადაცემაში არ განმეორდება. გადაცემის მონტაჟს ჩვენვე ვაკეთებთ და გპირდებით, რომ ამგავრი რამ ეთერში არ მოხვდება.

- ეს გადაცემა ხომ ისედაც არ გადიოდა პირდაპირ ეთერში?.. თუკი თქვენ მიიჩნევთ,  რომ გაჟღერებული „ხუმრობა“ იყო შეურაცხმყოფელი ებრაელი ხალხისადმი, რატომ არ ამოიჭრა გადაცემის ეს ნაწილი მონტაჟის დროს?

- შეიძლება ითქვას, რომ უბრალოდ გამეპარა. შემდგომში ასეთი რამეები აღარ გაიპარება. მე პირადად ვიხდი ბოდიშს ებრაელი ხალხის წინაშე.

საგანგებო განცხადებით ადამიანის უფლებათა ცენტრმა „იმედს“ მოუწოდა, განიხილოს ეს შემთხვევა და საზოგადოებას ახსნა-განმარტება მიაწოდოს, დაარღვია თუ არა საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“, როცა პროფაშისტური და ანტისემიტური შინაარსის რეპლიკა ეთერში გაუშვა.

კერძოდ, ამ კანონის 56-ე მუხლის („პროგრამული შეზღუდვები“) მიხედვით, „იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას“.

რაიმე ოფიციალური განცხადება ან ბოდიში „იმედს“ არ გამოუქვეყნებია. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით,  გაზეთ Prime Times-ს კომენტარი მისცა „ტელე-იმედის“ გენერალურმა დირექტორმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა და ეკონომიკის ექს-მინისტრმა გიორგი არველაძემ:  „რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამას მწვავე რეაგირება მოჰყვა. მე მეორე დღესვე მოვიწვიე საგანგებო თათბირი. გვყავდა მთელი შემოქმედებითი ჯგუფი. ვისაც საჭირო იყო ვესაუბრე და ჩვენი კატეგორიული პოზიცია დავაფიქსირეთ. მნიშვნელობა არა აქვს ეს ხუმრობაა თუ სერიოზული ნათქვამი. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია ანტისემიტური გამონათქვამები... ჩვენ ვთხოვეთ მათ თავი შეიკავონ მომავალში მსგავსი ხუმრობებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, „იმედმა“ უფლება დაიტოვა, თავად ამოჭრას მორალურად მიუღებელი ფრაზები. ერთია, რას ამბობს მონაწილე სცენაზე და მეორე, რა ხვდება ტელეკომპანიის ეთერში. მათ მიიღეს ჩვენი გაფრთხილება და რამდენადაც ვიცი, უკვე მონაწილეებსაც განემარტათ, რომ მსგავსი რამის მომავალში გამეორება, სრულიად მიუღებელია“.

ანტისემიტურ „ხუმრობას“, სახალხო დამცველი გიორგი ტუღუშიც  გამოეხმაურა და ადამიანის უფლებათა ცენტრის პოზიცია გაიზიარა.

„აღსანიშნავია, რომ ამ პასუხს (გუნდის პასუხს დასმულ კითვაზე) დარბაზი ოვაციით შეეგება. ამავდროულად, ჟიურის არც ერთ წევრს, მათ შორის სახელმწიფო–პოლიტიკური თანამდებობის პირს – სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრს ლადო ვარძელაშვილს, გადაცემის მსვლელობისას არ გამოუხატავს პროტესტი კითხვასა და გუნდის პასუხთან დაკავშირებით. აღნიშნული ფაქტი შემაშფოთებელია. მხიარულთა და საზრიანთა გუნდის პასუხი ებრაელი ხალხის ღირსებისა და ჰოლოკოსტის ხსოვნის შეურაცხმყოფელ და ანტისემიტურ გამონათქვამს წარმოადგენს. ამგვარი გამონათქვამები, თუნდაც იუმორისტულ კონტექსტში, საჭიროებს მკაცრ შეფასებასა და დაგმობას“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში .
 
რაც შეეხება, ტელეიმედის ეთერში გასული „ხუმრობის“ სამართლებრივ შეფასებას, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი გიორგი გოცირიძე ცალსახად განიხილავს მას სიძულვილის ენად და ამბობს, რომ ტელეკომპანიმ კანონი მაუწყებლობის შესახებ  დაარღვია. კერძოდ, დაირღვა ამ კანონის 49-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ავალდებულებს მაუწყებლებს ეთერში არ გაუშვას ისეთი რამ, რაც შეურაცხყოფს საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, არასამთავრობო  ორგანიზაცია „მრავალეროვანმა საქართველომ“ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, უკვე მიმართა ტელე-იმედს საჩივრით. როგორც „იმედში“ გვითხრეს, საჩივარს უახლოეს დღეებში განიხილავენ.

ახალი ამბები