კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკონსტიტუციო სასამართლომ მანიფესტაციების შესახებ კანონის ზოგიერთი ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო

18 აპრილი, 2011

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მანიფესტაციების შესახებ კანონის რამდენიმე ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო. გაუქმდა ის ნორმები, რომლებიც კრძალავდა შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას ზოგიერთი დაწესებულებისა და ადმინისტრაციული ორგანოს, მათ შორის სასამართლოს შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საქმეზე „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, „კონსერვატიული პარტია“, ზვიად ძიძიგური, კახა კუკავა, დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „საქმის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საქმის გადაწყვეტას შეიძლებოდა გამოეწვია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ადრე დამკვიდრებული პრაქტიკის ცვლილებები, იგი  საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განიხილა“.

საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის რიგი ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19, 24-ე და 25-ე მუხლებთან მიმართებით, რომლებშიც   გარანტირებულია სიტყვის, აზრის გამოხატვისა და გავრცელების თავისუფლება,  შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმები, რომლებიც კრძალავდა შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას ზოგიერთ დაწესებულებასა და ადმინისტრაციული ორგანოს, მათ შორის სასამართლოს  შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება, რომ ასეთი სახის აკრძალვა კონსტიტუციას არ შეესაბამება, ვინაიდან რიგ შემთხვევებში ის შეკრების და მანიფესტაციის გამართვას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. ამავე დროს სასამართლომ აღნიშნა, რომ შეკრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც ის ხელს უშლის დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას ან, როდესაც შეზღუდვა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებით არის განპირობებული.

სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნია კანონის ის ნორმა, რომელიც არ აძლევდა მოქალაქეს უფლებას, ყოფილიყო შეკრებისა და მანიფესტაციის ინიციატორი, ხოლო მოქალაქეობის არმქონე პირს - უფლებას, გაეწია აქციის  ორგანიზება და ყოფილიყო პასუხისმგებელი პირი.

სასამართლომ კონსტიტუციის შესაბამისად ჩათვალა კანონის ნორმები, რომლებიც ტრანსპორტის სავალი ნაწილის თვითნებურ/თვითმიზნურ გადაკეტვას (მათ შორის სხვადასხვა კონსტრუქციებით, საგნებით და ავტომობილებით) კრძალავენ. სასამართლომ ქუჩის გადაკეტვა შესაძლებლად მიიჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს შეკრებაში მონაწილეთა რაოდენობით არის გამოწვეული. ასევე კონსტიტუციურად იქნა მიჩნეული დასახლებულ პუნქტებში ავტომანქანებით ისეთი ჯგუფური მოძრაობის შეზღუდვა, რა დროსაც, გამიზნულად, სრულად ხდება გზის სავალი ნაწილის დაკავება, მისი ბლოკირება.

ამავე დროს, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმა, რომელიც ქუჩის გადაკეტვის ან კანონის სხვა მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, შეკრების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითვალისწინებდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ შეკრებაში მონაწილეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, შეკრება (მანიფესტაცია) კანონის მოთხოვნათა შესაბამისობაში მოიყვანონ. ხოლო შეკრების შეწყვეტა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია კანონის ნორმა, რომელიც კრძალავს შეკრებისა და მანიფესტაციის მსვლელობისას კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით დამხობისაკენ მოწოდებებს. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონთან ერთობლიობაში უნდა იქნეს წაკითხული, რომელიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას დასაშვებად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს, როდესაც მოწოდება მიზნად ისახავს ძალადობრივი ქმედების განხორციელებას და ამასთანავე საფრთხე რეალურია. გარდა ამისა, შეკრება შეიძლება შეწყდეს, როდესაც კონსტიტუციური წყობილების დამხობის და ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდებები მასობრივ ხასიათს ატარებს.

ასევე, სასამართლომ მიიჩნია, რომ კონსტიტუციურია ნორმა, რომელიც კრძალავს სხვადასხვა სახის ნახატებისა და წარწერების შესრულებას ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიებზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული შენობების ფასადებისა და მიმდებარე ტერიტორიის სხვადასხვა სახის წარწერებით დამახინჯება, საფრთხეს შეუქმნიდა საზოგადოებრივი წესრიგსა და უსაფრთხოებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია კანონის ის ნორმები, რომლებიც კრძალავენ მოსამართლის საცხოვრებელი ადგილიდან შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას, რადგან სადავო ნორმით დადგენილი აკრძალვა ემსახურება მოსამართლის (სასამართლოს) დამოუკიდებლობის და მოსამართლის პირადი ცხოვრების დაცვის უზრუნველყოფას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურზე კანონმდებლობით დაკისრებული კონკრეტული ამოცანების, კომპეტენციის, უფლებამოსილების სპეციფიკურობის გამო, კონსტიტუციასთან შესაბამის ნორმად იქნა მიჩნეული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისათვის შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობის (მათი ორგანიზების) აკრძალვა.

ახალი ამბები