კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თვითმკვლელობის შემთხვევები გასამმაგდა

19 აპრილი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

კახეთში თვითმკვლელობის ფაქტები გახშირდა. სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო 6 თვის განმავლობაში რეგიონში სუიციდის 12 ფაქტია დაფიქსირებული. სიცოცხლე თვითმკვლელობით ძირითადად ახალგაზრდებმა დაასრულეს. ფსიქოლოგები თვითმკვლელობის ფაქტების მატებას მძიმე სოციალურ ფონს უკავშირებენ.

4 აპრილს, თელავის რაიონის სოფელ კონდოლში თავი 21 წლის ბიჭმა მოიკლა. თვითმკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება.

31 მარტს ახმეტის რაიონის სოფელ აწყურში 23 წლის ახალგაზრდამ თავი სანადირო თოფით მოიკლა. ცხედარი საცხოვრებელი სახლის ახლოს მინდორში იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით გარდაცვლილს ბანკის ვალი ჰქონდა, რომელსაც ვერ იხდიდა. მეზობლები კი ამბობენ, რომ ახალგაზრდამ თვითმკვლელობა ორი კვირის წინაც სცადა. მათი თქმით, გიორგი გასულ წლებში ჯარში მსახურობდა, რა დროსაც რუსეთ - საქართველოს ომში წაიყვანეს, საიდანაც დაბრუნების შემდეგ, ის სტრესულ მდგომარეობაში ხშირად იმყოფებოდა.

20 მარტს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით თვითმკვლელობა სცადა ყვარლის პოლიციის თანამშრომელმა გ. ი-შვილმა. მან ჭრილობა თავის არეში მიიყენა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელმა თვითმკვლელობა ოჯახში არსებული კონფლიქტის გამო სცადა. დაჭრილს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

22 თებერვალს გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში 28 წლის ნათია გ-შვილმა, რომელიც მეორე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, თავი ჩამოიხრჩო. გოგონას ცხედარი ოჯახის წევრებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში გამთენიისას იპოვეს.

ამავე დღეს თავი მოიკლა გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში 23 წლის დავით ჩ-შვილმაც. ბიჭი ჩამომხრჩვალი გურჯაანში, კურორტ „ახტალის“ ტყეში იპოვეს. გარდაცვლილის მეზობლების თქმით, ახალგაზრდა ტოტალიზატორში თამაშობდა და ვალი ჰქონდა.

თავი მოიკლა თელავის მე-4 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ელენე ყ-შვილმაც. ბავშვს დიდი რაოდენობით წამლები ჰქონდა დალეული.

სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა დედოფლისწყაროში, ნიკორციხის ქუჩაზე მცხოვრებმა 15 წლის შ. ოდერიძემაც. მოზარდმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავი მავთულით ჩამოიხრჩო. მეზობლები თვითმკვლელობას ოჯახის მძიმე სოციალურ - ეკონომიკურ პირობებს უკავშირებენ.

ეს ბოლო 6 თვის განმავლობაში კახეთში მომხდარი თვითმკვლელობის შემთხვევების არასრული ჩამონათვალია. ყველა ფაქტზე პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ზოგიერთ საქმეზე გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის მიზეზით შეწყდა, რამდენიმე საქმე ჯერ კიდევ გამოძიებაშია.

ფსიქოლოგი ია ახვლედიანი ამბობს, რომ თვითმკვლელობები ყოველთვის გარდამავალ პერიოდში ხდება, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული მძიმე სოაციალურ ფონთან. მისი თქმით, თვითმკვლელობის ძირითადი მიზეზებია სულიერი აშლილობა, სტრესი და დეპრესიული მდგომარეობა.

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ თუ ქვეყანაში მდგომარეობა არ შეიცვალა და განვითარების პოზიტიური ნიშნები არ გამოჩნდა, საკუთარი თავისკენ მიმართული აგრესია სხვანაირად გამოვლინდება და სხვათა წინააღმდეგ მიმართულ ანგარიშსწორებად გადაიქცევა.

ბოლო 18 წლის სტატისტიკური მონაცემებით, 1990 წლიდან 2008 წლის ჩათვლით, საქართველოში თავი 5300 კაცმა მოიკლა. 90-იანი წლების შემდეგ თვითმკვლელობების რიცხვი ყველაზე მეტად 2004 წელს გაიზარდა. მოგვიანებით ამ მაჩვენებელმა დაიკლო, მაგრამ 2007 წლიდან კვლავ დაიწყო მატება.

2008 წელს თვითმკვლელობის 67 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2009 წლის სტატისტიკური მონაცემებით, სიცოცხლე თვითმკვლელობით 183-მა ადამიანმა დაასრულა, აქედან 149 - მამაკაცია, ხოლო 39 - ქალი. სუიციდის შემთხვევები ძირითადად 20 წლის ზემოთ დაფიქსირდა.

ახალი ამბები