კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა ხდება მაშინ თუ სახელმწიფოს შენი ნაკვეთი მოეწონა?

19 აპრილი, 2011

ცირა გვასალია, ლიბერალი

ჯუმბერ ბერიძე პირწმინდად გადათხრილ ნაკვეთზე მიმანიშნებს, ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ აქ მისი ვენახი იყო გაშენებული. ახლა ამ ტერიტორიაზე, თბილისის ზღვის მახლობლად, წითელჩაფხუტიანი მუშები ფუსფუსებენ. ეს მიწა კანონით ჯერ კიდევ ბატონ ჯუმბერს ეკუთვნის, თუმცა, ამას ყურადღებას უკვე აღარავინ აქცევს. ჯუმბერ ბერიძის კუთვნილი ნაკვეთი, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის არეშე მოექცა. სანამ ლიანდაგებს გაიყვანენ, მუშები პატარა, დროებით საცხოვრებელს იშენებენ.

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების 300-მდე მფლობელი დაბალი კომპენსაციის გამო, საქმეს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. „საქართველოს რკინიგზა", რომელიც ამ ტერიტორიაზე რკინიგზის მაგისტრალს აშენებს, მიწის მფლობელებს საკომპენსაციოდ ერთ კვადრატულ მეტრ მიწაში 6 ლარს სთავაზობს, არადა მერიის შეფასებით, დღეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ კვადრატულ მეტრზე მიწის ნორმატიული ფასი 14 ლარია.

თბილისის შემოვლითი რკინიგზის მაგისტრალის პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია. ჰიუნდაის ფირმის წითელი და ყვითელი ექსკავატორები შავმიწანიადაგის ზედა ფენას ხსნიან.

პროექტის განხორციელებისთვის შპს "საქართველოს რკინიგზამ" ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვით პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 100 მილიონი ევროთი უნდა დააფინანსოს.მშენებლობა სამ წელიწადში უნდა დასრულდეს.

ამირან აფხაზიშვილს ერთ ჰექტრამდე ხეხილის ბაღი, ქაცვისა და რკინის ეკლებით აქვს შემოღობილი. სამი დღის წინ, მუშებმა, პატრონის უკითხავად, მესერი სანახევროდ მოარღვიეს. ბატონმა ამირანმა, თარჯიმნის დახმარებით უცხოელ მუშებს ("საქართველოს რკინიგზის" დაკვეთით, პროექტირებასა და მშნებლობას სააქციო საზოგადოება „ხიდმშენი" აწარმოებს) განუმარტა, რომ კომპენსაციაზე "საქართველოს რკინიგზასთან" მოლაპარკება ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული. ამის შემდეგ მას ღობე ისევ აღუდგინეს, თუმცა მამა-შვილი აფხაზიშვილები მას შემდეგ საკუთარ ნაკვეთს დარაჯობენ. მათაც იგივე პრეტენზია აქვთ, რაც დანარჩენ 300-მდე მიწის მესაკუთრეს. მათი აზრით, 6 ლარი კვადრატულ მეტრში - უსამართლოდ მცრე თანხაა, თანაც მიწის შეფასების დროს, ნაკვეთის ფასში ხეხილის ღირებულება არ შეუტანიათ.

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიწები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეაფასა. მოსახლეობა ამ შეფასებას არ ეთანმხება, მაგრამ „საქართველოს რკინიგზა" ისე იჭრება მოსახლეობის საკუთრებაში, რომ მათთან საკომპენსაციო მოლაპარაკებები ჯერ არ დაუსრულებია.

ექსკავატორებსა და სესიტაშვილების კუთვნილი კაკლების პლანტაციას სულ ორი-სამი მეტრიღა აშორებს. მიწის მესაკუთრე დავით სესიტაშვილი ყოველდღე ამოდის მიწის ნაკვეთზე, რომელიც თბილისის ზღვიდან 800 მეტრის მოშორებით მდებარეობს. სესიტაშვილების ოჯახმა ეს მიწა იჯარით შეიძინა, შემდეგ საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა და უკვე 20 წელზე მეტია, რაც კაკლის სახეობა „იდეალი" მოჰყავს. პლანტაცია წელიწადში ორჯერ იღებს მოსავალს.

რკინიგზის პროექტი სესიტაშვიელბის კაკლის პლანტაციას ორად - თითქმის შუაზე - ყოფს. იქითა მხარე, რომელიც ზღვისკენ დახრილი ნაკვეთის ბოლოშია, პლანტატორისთვის გამოუსადეგარი რჩება, ვინაიდან მოსარწყავად მიუვალი ხდება. ამიტომ, სესიტაშვილები, მიწის ფასის მომატებასთან ერთად, მიწის ამ ნაწილის შესყიდვასაც ითხოვენ.

„რკინიგზის 10-მეტრიანი თხრილის იქით დარჩენილი კაკლის მორწყვა შეუძლებელი გახდება. ჯერ ერთი, ჩვენი შემოსავალი განახევრდება, პლანტაციის ერთანობა კი ირღვევა.", - ამბობს ლია სესიტაშვილი.

შემოვლითი რკინიგზის პროექტის ფარგლებში, სესიტაშვილების ოჯახსაც მოაკითხეს და შეუფასეს მიწის ის ნაწილი, რომელზეც რკინიგზა გაივლის. საკომპენსაციოდ კი ერთ კვადრატულ მეტრში მათაც 6 ლარი შესთავაზეს. ოჯახი კომპენსაციის მომატებას ითხოვს და საქმეს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

„ჩემი შრომის ფასიც უნდა იანგარიშონ, არ უნდა დამცინონ," - ამბობს დავით სესიტაშვილი, რომელიც თავის პლანტაციას ყოველდღე დარაჯობს, რათა იქაც არ შეიჭრან ექსკავატორები, რომლებიც მისი პლანატაციიდან სულ ორიოდე მეტრში მუშაობენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „საქართველოს რკინიგზას" ექსპროპრიაციის უფლება მისცა. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიას უმცირესი ანაზღაურებით, საკუთრების ჩამორთმევის უფლება აქვს, თუ ამ საკუთრებაზე მიმდინარე პროექტი სახელმწიფო მნიშვნელობისაა.

მიწის მფლობელები კომპენსაციისთვის ბრძოლას აგრძელებენ. შიდა ინსტანციების ამოწურვის შემთხვევაში, აპირებენ მიმართონ ევროსასამართლოსაც.

ახალი ამბები