კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერიკ ფურნიე პატიმრობაში მყოფი ცოტნე გამსახურდიას მონახულებას არ გეგმავს

21 აპრილი, 2011
საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე პატიმრობაში მყოფი ცოტნე გამსახურდიას მონახულებას არ აპირებს. როგორც „პირველს“ ერიკ ფურნიემ განუცხადა, იგი პირველი პრეზიდენტის ვაჟის მოსანახულებლად საპყრობილეში შესვლას არ გეგმავს. „ამ ადამიანთან შეხვედრა მე არ მომითხოვია“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა. 

ცოტნე გამსახურდიას ადვოკატის ქეთი ბექაურის განცხადებით კი, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე საქართველოში საფრანგეთის ელჩ ერიკ ფურნიეს პატიმრების მონახულების უფლებას არ აძლევს. 

„ბატონ ელჩს მისივე ინიციატივით შევხვდი და როგორც ცოტნე გამსახურდიას საქმეებში არსებულ დარღვევებზე, ასევე ზოგადად სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ მდგომარეობასა და უშუალოდ  პატიმართა მიმართ დამკვიდრებულ ღირსების შემლახველ მოპყრობაზე ვესაუბრე. ამასთან, ბატონ ფურნიეს ვკითხე - ხომ არ ექნებოდა მას საშუალება, გამსახურდია საპყრობილეში პირადად მოენახულებინა. ელჩმა კი მიპასუხა, რომ მას რამდენჯერმე ჰქონდა პატიმრების მონახულების მცდელობა, მაგრამ მინისტრმა - ხათუნა კალმახელიძემ ამის ნება არ დართო და განუმარტა, რომ მხოლოდ პატიმრობაში მყოფ საფრანგეთის მოქალაქეებთან შეხვედრის უფლება აქვს“, - განუცხადა „პირველს“ ქეთი ბექაურმა.

ადვოკატის თქმით, ცოტნე გამსახურდიას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ მასალები ერიკ ფურნიეს ოთხი დღის წინ გადაუგზავნა.

„საფრანგეთის ელჩმა გამსახურდიას ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესების გამო მწუხარება გამოთქვა და დაინტერესდა, თუ იყო გაგზავნილი საქმე სტრასბურგის სასამართლოში და მიმდინარეობდა თუ არა კომუნიკაცია. საბოლოოდ ბატონ ფურნიესთან შეხვედრით კმაყოფილი ვარ. მას საქმის დეტალებთან დაკავშირებით უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და საუბრის მიმდინარეობისას დეტალებს წიგნაკში ინიშნავდა. როგორ იმოქმედებს სამომავლოდ და ჩაერთვება თუ არა საქმეში სტრასბურგის დამოუკიდებელ სასამართლოსთან კომუნიკაციის დაჩქარების მიზნით, არ ვიცი, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მის ხელთ არსებულ რესურსებს გამოიყენებს და საქართველოს ხელისუფლებას სარეკომენდაციო წერილით მიმართავს“, - განუცხადა „პირველს“ ბექაურმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია: მას C ჰეპატიტი აქვს და ამასთან, სახსრებისა და სისხლძარღვების პრობლემები აწუხებს.

„პატიმარი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში სამარტოო საკანში იმყოფება, არ უტარდება შესაბამისი მკურნალობა და არა აქვს კორესპოდენციის მიღების საშუალება“, - დასძინა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი სასჯელს ამჟამად მკვლელობის მცდელობისთვის, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სახელმწიფო მოხელის მოქრთამვის მცდელობისთვის იხდის. სასამართლომ მას თავისუფლების 14 წლითა და 6 თვით აღკვეთა განუსაზღვრა.

გარდა ამისა, ცოტნე გამსახურდიას წინააღმდეგ საქმე კიდევ ორი საქმეა აღძრული - სსსკ-ის 314-315 მუხლებით. მას ბრალად ედება რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო განხილვა ამ ეტაპზე  დაწყებული არ არის.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები