კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დომხალი ფოთის წყალკანალში

21 აპრილი, 2011
ინგა გვასალია, სამეგრელო

ფოთში წყლის პრობლემა ისევ მოუგვარებელია. 24-საათიანი წყალმომარაგების დაპირებისა ფოთელებს აღარც სჯერათ და პრეზიდენტ სააკაშვილის შეთხზული ზღაპარი ჰგონიათ. წყალი ისევ გრაფიკით ორ დღეში ერთხელ, მხოლოდ რამდენიმე საათით მოდის. 

უწყლობას დაემატა წყლის ახალი ტარიფები და 2010 წლის დავალიანებების ამოღების გამკაცრებული მექანიზმები. მოსახლეობაში ამან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. „დასავლეთი წყლის“ ფოთის სერვისცენტრთან გრძელი რიგები დადგა.  პრობლემა შექმნა აპრილის დასაწყისში მოქალაქეებისთვის დარიგებულმა ქვითრებმა, საიდანაც მოსახლეობამ შეიტყო, რომ მათი დავალიანება გაურკვეველი მიზეზების გამო გაზრდილიყო. 

დავალიანების ამოღება ფოთში სექტემბრიდან დაიწყო მკაცრი სანქციებითა და მოთხოვნებით. ჩაჭრეს მილები, წყლის მიწოდება კარგა ხნით შეუწყდათ კორპუსებს. ამ ეგზეკუციაში მოჰყვნენ კეთილსინდისიერი გადამხდელებიც, რომლებსაც საერთოდ არ ჰქონდათ დავალიანება. ზოგ კორპუსში თითო ოჯახიდან ათ-ათი ლარიც აკრიფეს ორჯერ, რაც 2010 წლის მარტიდან დაგროვებულ დავალიანების  დაფარვას სჭირდებოდა. 

როგორც ჩანს, მუქარამ და დასჯის მეთოდებმა არ გაამართლა. ამიტომაც წყლის მესვეურებმა დავალიანებების მაქსიმალურად ამოსაქაჩავად სხვა ხერხს მიმართეს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, რომ წყლის გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში აბონენტს შეუწყდებოდა ელექტროენერგიის მიწოდება. 

ეს გადაწყვეტილება პრაქტიკაში ჯერ არ გატარებულა. თუმცა, დარიგდა ქვითრები, რამაც მოსახლეობის შეშფოთება და გულისწყრომა გამოიწვია. 

რამდენიმე დღეა, წყალკანალში მოსახლეობის რიგები დგას. ხალხი მუჯლუგუნებითა და ქვითრების ფრიალ-ფრიალით მიიწევს წინ, რომ „სამართალი იპოვოს“. წყალკანალის ოფისის ოპერატორები თავჩარგული მუშაობენ კომპიუტერთან, მოქალაქეები კი ცალკე ოთახში გაჰყავთ და განცხადებებს აწერინებენ. ამ ოთახში ირკვევა, რომ თურმე მათ ქვითარში აღნიშნული გაზრდილი დავალიანება შეცდომაა და აბონენტებს გადასახადი უკვე გადახდილი აქვთ. 

„შეცდომის გასწორების ოთახი“ აბონენტებით გაივსო. 78 წლის ზაირა მალანიამ ხმის კანკალით ჰკითხა ოპერატორს, რას ნიშნავდა მის ქვითარში დავალიანების აღმნიშვნელი ციფრი - 168 ლარი. მოხუცმა, თურმე, გასულ წელს ოცი წლის წინ გარდაცვლილი დედის სახელზე მიიღო ქვითარი. 

„ვარ მარტოხელა, 78 წლის ქალი. ცოტა წყალს ვხარჯავ. როგორც მარტოხელას, აქამდე მეკუთვნოდა შეღავათი და არ ვიხდიდი წყლის ფულს. შარშან მომიტანეს ქვითარი - მთელი წლის ხუთი ლარია გადასახდელიო. ახლა კი ეს 168 ლარი საიდან მოვიდა, ვერ გავიგე?! 80-ლარიანი პენსიით ვცხოვრობ, წნევის წამლები ვერ მიყიდია და ამხელა ფული როგორ უნდა გადავიხადო?!“ - აღშფოთებას ვერ მალავდა მოხუცი.  

მან ქვითარი დემონსტრაციულად ოპერატორის წინ დახია და ისიც უთხრა, რომ ამ უაზრო გადასახადის გადახდას არ აპირებს.

როგორც გავარკვიეთ, წყლის გადასახადზე შეღავათით 2010 წელს სარგებლობდნენ უმწეოები, რომლებიც იღებდნენ სოციალურ დახმარებას, ასევე - დევნილები. ამ კატეგორიის ადამიანებს ფოთის თვითმმართველობა უხდიდა თვეში სამ ლარს, ხოლო დანარჩენი მრიცხველის ჩვენებით თავად იხდიდნენ. 2011 წლიდან კი ეს შეღავათი საერთოდ გაუქმდა და ახლა არავინ სარგებლობს. 

„შეცდომების გასწორების ოთახში“ უკმაყოფილო მოქალაქეებს ამშვიდებდნენ, რომ თუ წინა გადახდების ჩეკებს სრულად წარმოადგენენ, ამ ქვითრებზე დაწერილ ციფრებს ყურადღება აღარ უნდა მიაქციონ. 

უამრავ კითხვას და გაურკვევლობას იწვევს ტარიფები. მოქალაქეებს ვერ გაუგიათ, საიდან გაჩნდა ე. წ. კანალიზაციის ტარიფი, რომელიც ზედ ერთვის წყლის გადასახადს. შესაბამის სამსახურში განგვიმარტეს, რომ  წყალზე დღეს არსებული ტარიფები დაადგინა „აზიის ბანკმა“, რომელიც ფოთში წყლის პროექტის დამფინანსებელია, ასევე - სემეკმა. სწორედ მათ განსაზღვრეს, რომ საშუალოდ ერთი ადამიანი თვეში ხარჯავს 2,55 ტონა წყალს, ეს ციფრი გამრავლდა 1 ტონა წყლის ღირებულებაზე, რომელიც 0,55 ლარია. მიღებული ციფრი - 1,40 ლარი არის წყლის ტარიფი ერთ სულზე. ამას ემატება წყალლარინების (კანალიზაციის) მომსახურების ფასი - 0,25 ლარი, რომელიც ასევე გამრავლდა ერთ ტონა წყლის ფასზე - 0,55ლარზე. ასე დადგინდა წყალლარინების გადასახადი 0,64 ლარი, რომელიც ერიცხება ყველა  აბონენტს. მრიცხველით წყლის ტარიფი ერთ ტონა წყალზე 80 თეთრია კორპუსებში. კერძო სახლებში კი - 55 თეთრი. 

კანალიზაციის გადასახადის თემა ძალიან გაურკვეველი აღმოჩნდა ხალხისთვის. ეს გადასახადი დაერიცხათ კერძო სახლებში მცხოვრებ აბონენტებსაც, რომლებიც არ არიან მიერთებული საკანალიზაციო ქსელს. მართალია, ეს შეცდომაც დადასტურდა, მაგრამ შესაბამის სამსახურში განგვიმარტეს, რომ თუკი ქუჩაზე გაყვანილია კანალიზაციის მილები, უნდა გაირკვეს, ვინ არის მიერთებული სისტემას და ვინ არა. ისინი, ვინც არ არიან მიერთებული საკანალიზაციო ქსელს, დაწერენ განცხადებას, შემდეგ მათ გადაამოწმებენ ადგილზე და მოეხსნებათ წყალლარინების გადასახადი. 

დიდ გაურკვევლობას იწვევს ოჯახებში სულადობის განსაზღვრის საკითხი. მაგალითად, ერთსა და იმავე აბონენტს სამ ქვითარში სხვადასხვა სულადობა უწერია.  ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია ეს საკითხიც - რა სიებს ეყრდნობა „წყალკანალი“, ან რატომ იცვლება სამი თვის განმავლობაში სულადობის რაოდენობა ერთსა და იმავე ოჯახში? ამაზე პასუხი ვერსად მივიღეთ. 

ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანი წლობით არ ცხოვრობს ბინაზე და წყლის დავალიანება მაინც უგროვდება. ამაზე „წყალკანალის“ მესვეურთა პასუხია, რომ ასეთ შემთხვევაში, უნდა ამოეწერონ ქალაქიდან. სხვანაირად, ამ საკითხის გაკონტროლება პრაქტიკულად შეუძლებელია. 

ვინ უნდა აგოს პასუხი შეცდომებზე და ფოთში შექმნილ ქაოსზე?   

„დასავლეთი წყლის“ ფოთის სერვისცენტრში ამ საკითხებზე კომპეტენტური პირებისგან კომენტარის მიღება პრაქტიკულად  შეუძლებელია. ეს უწყება, როგორც ყველა ორგანო ჩვენს ქვეყანაში, უკიდურესად ცენტრალიზებულია. ინფორმაციის მოპოვება ადგილობრივი კადრებისგან რთულია. ისინი ცენტრის სათაო ოფისის დირექტივების შემდეგ იძლევიან პასუხს. სათაო ოფისი კი რაღაც მიზეზებით თავს არიდებს ჩვენს შეკითხვებს. 

ახალი ამბები