კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ალაზანს იქით დარჩენილი „გურჯისტანი“

26 აპრილი, 2011
ლელა ხეჩოშვილი 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

წვიმების და მთაში თოვლის დნობის გამო კახეთში მდინარე ალაზანი ადიდდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სიღნაღის რაიონიდან ფერმერებმა აცნობეს, ადიდებულმა მდინარემ 1 ჰექტრამდე მიწა წაიღო. მათივე თქმით, მდინარე განსაკუთრებულ საფრთხეს ერთ-ერთ მეანდრას უქმნის, რომელიც დაახლოებით 15 ჰექტარს მოიცავს. მეანდრის გარღვევის შემთხვევაში, აღნიშნული ტერიტორია აზერბაიჯანის მხარეს დარჩება.

„ალაზანი ყოველწლიურად ზემოთ იწევს და ტერიტორიები მიაქვს. განსაკუთრებით გაზაფხულზე, როცა ინტენსიურად წვიმს ხოლმე, დღეში თითქმის 25-30 მეტრ მიწას გლეჯს. ხუთი წლის წინ, ალაზანი იმ ტყის ადგილზე მოდიოდა. როცა ფერმა ავაშენეთ, მდინარიდან 300 მეტრით ვიყავით დაშორებულები, მაგრამ ამჟამად 80 მეტრიღაა დარჩენილი. მაგალითად, სოფელ ანაგის ტერიტორიაზე არის ყურე, რომლის სიგანეც 180 მეტრი იყო, დღეისათვის კი მხოლოდ 30 მეტრია დარჩენილი. ორი ყურე ალაზანმა უკვე გაარღვია და 70 ჰექტარზე მეტი ტერიტორია მდინარის გაღმა დარჩა. იქით ვერ გადავდივართ ვერც ჩვენ, ფერმერები და ვერც ქართველი მესაზღვრეები. იმ ტერიტორიებით აზერბაიჯანელები სარგებლობენ და იმათი მესაზღვრეები აკონტროლებენ. საქართველოს მხარეს ალაზანი ნაპირებს ამჟამადაც ინტენსიურად რეცხავს. მდინარე საფრთხეს კიდევ ერთ მეანდრას (ყურეს) უქმნის“, -ამბობს ფერმერი ნინო ფხოველიშვილი.

მისივე თქმით, მდინარე ნაპირებს აზერბაიჯანის მხარესაც აზიანებს, მაგრამ ნგრევის საწინააღმდეგოდ მეზობელი ქვეყნის ხელისუფლება ნაპირებს ამაგრებს. „ლოდებს, ქვებს ყრიან. კალაპოტს მიმართულებას აძლევენ. ერთ დღეში შეიძლება ასი მანქანა ქვა დაცალონ. ფაქტია რომ ინტენსიურად ამაგრებენ ტერიტორიებს. დაახლოებით 6 წლის წინ, აზერბაიჯანის მხარეს ერთ-ერთ ყურეს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ნაპირები გაამაგრა და 70 ჰექტრამდე ტერიტორია შეინარჩუნა. ამავე პერიოდში, ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს კიდევ ერთ ყურეს შეუქმნა საფრთხე. მდინარემ მეანდრა გაარღვია და 45 ჰექტარი კალაპოტს აქეთ, საქართველოს მხარეს დატოვა. საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, აზერბაიჯანულმა მხარემ ეს კუნძული შეინარჩუნა. მათ ხიდი გააკეთეს და ამ ხიდის მეშვეობით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ალაზანს აქეთ დარჩენილ ტერიტორიას დღემდე აკონტროლებენ, აზერბაიჯანს კი ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს“.

მდინარე ალაზანი საქართველოს მხარეს ნაპირებს რამდენიმე წელია რეცხავს და ანგრევს. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მონაცემებით, ეროზიის შედეგად, ალაზნის პირას სახნავ - სათესი მიწების ფართობი მნიშვნელოვნად შემცირდა. ცოტა ხნის წინ, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ასოციაცია CENN-ის ანგარიში, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიულმა დანაკარგებმა დაახლოებით 293 ჰექტარი შეადგინა. ამასთან, ადგილზე მდინარის სწორი უბნების ვიზუალური დათვალიერების შედეგად, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საფუძვლიანი საველე კვლევების ჩატარების შემდეგ, ეს ფართობი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ეროზიის პრობლემა მდინარე ალაზანს რამდენიმე ათეულ კილომეტრ მანძილზე გასდევს და მისი აღმოფხვრა არსებული ბიუჯეტის პირობებში წარმოუდგენელია.

„მდინარე ალაზნის აღნიშნულ ნაპირებზე 2010 წელს ნაპირსამაგრი სამუშაოები არ ჩატარებულა. ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, პრიორიტეტი მიენიჭა მდინარეთა ნაპირების დაცვას დასახლებულ ადგილებში. ამჟამად, ყველაზე მნიშვნელოვანი მეანდრების ყელის მდგრადობის შენარჩუნებაა, რაც აგვაცილებს მეანდრების მარჯვენა ნაპირიდან მოწყვეტას და საზღვრის დადგენის საკითხში გაუგებრობებს. ამასთან, პრობლემა აქვს ჯუმასყურესაც, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონის ტერიტორიაზეა. საჭიროა შევიწროვებული გადასასვლელების დაჯავშნა ხისტი საფარით და ფსევდოკარსტული ღრმულების შევსება ხსნარებით“, - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ნიკოლოზ ალხაზაშვილი.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენლის რეზო გეთიაშვილის განცხადებით, საფრთხე ასევე ემუქრება დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე ბუნების ძეგლს - კაკლისყურეს. მისი თქმით, მეანდრის ყელი უკიდურესად შევიწროვებულია, შეიძლება ამ გაზაფხულზე გაწყდეს და ტერიტორია, რომლის ფართობიც 180 ჰექტარს შეადგენს, ალაზანს გაღმა აღმოჩნდეს.  

გარემოს დაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული მონაკვეთის მონიტორინგი მუდმივად ხორციელდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მდინარე ალაზანზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება 2011 წელს დაგეგმილი არ არის.

ახალი ამბები