კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამამართლებელი განაჩენების დაბალი მაჩვენებელი ქართულ სასამართლო სისტემას ამძიმებს

26 აპრილი, 2011
TrustLaw

ამ თვის დასაწყისში ორი ისრაელელი ბიზნესმენის სადავო პატიმრობამ, მინისტრისთვის ქრთამის შეთავაზების მცდელობის ბრალდებით, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის სასამართლო სისტემა ყურადღების ცენტრში მოაქცია.

მართალია 2003 წლის შემდეგ (მას მერე რაც მიხეილ სააკაშვილი  ხელისუფლებაში მოვიდა) საქართველოს სასამართლო სისტემაში გამჭვირვალობა ნამდვილად გაუმჯობესდა, მაგრამ მონაცემები აჩვენებს, რომ ბრალდებულებს გამამართლებელი განაჩენის  უკიდურესად დაბალი შანსები აქვთ.

„თუ კრიმინალური საქმეების 2010 წლის იმ სტატისტიკას გადავხედავთ, რომელიც ამას წინათ უზენაესმა სასამართლომ გამოაქვეყნა, ვნახავთ, რომ ბრალდებულთა მიერ მოგებული საქმეების რაოდენობა სულ 0.04%-ს შეადგენს“, – გვითხრა მარიამ გაბედავამ, ლობისტური ჯგუფის  Transparency International-ის წამყვანმა ანალიტიკოსმა თბილისში ორგანიზაციის ოფისში.

„2009 წელს ეს მაჩვენებელი 0.1%-ის ტოლი იყო და მაშინ ვამბობდით, რომ ეს კატასტროფული პროცენტია, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდა“.

უზენაესი სასამართლოს 2010 წლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ გასულ წელს გასამართლებული 20 196  პირიდან გამამართლებელი განაჩენი სისხლის სამართლის სასამართლოებში რვა პირმა მიიღო, ხოლო  საქმეების 98.7% ბრალდებულების დამნაშავედ აღიარებით და სასჯელის გამოტანით დასრულდა.

ნანა ვასაძე, უზენაესი სასამართლოს სპიკერი  სასამართლოს სამართლიანობას იცავს. ის ამბობს, რომ საქართველო წინაა სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის და ნებისმიერ შემთხევაში ეს სტატისტიკა არ ქმნის სრულ სურათს.

„საქმეების უმრავლესობა, რომელიც რეალურად იქნებოდა სასამართლოებში გამართლებული, მანამდე პროკურატურაში შეწყდა“, – განაცხადა მან.

„2010 წელს, 1394 პირის წინააღმდეგ აღძრული  საქმე პროკურატუში შეწყდა“.

მნიშვნელოვანი წინსვლა

საქართველომ შეაჩერა კორუფცია, რითაც ოდესღაც მოცული იყო მისი ბიზნესგარემო. დღეს Transparency International-ის რეიტინგებში ის 124-ე ადგილიდან, რომელიც მას 2003 წელს ეკავა, 68-ე ადგილზე გადავიდა. 

გამჭვირვალობის გაუმჯობესებას ზურგი გაუმაგრა სასამართლო სისტემის სამართლიანობის განმტკიცებამ. იურისტების და აქტივისტების თქმით, ეს მოხდა უსისხლო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რომელმაც ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოიყვანა, იურისტი ამერიკული განათლებით.

„2003 წლის „ვარდების რევოლუციის” შემდეგ, სასამართლო სისტემის რეფორმა საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი გახდა და მართლაც მნიშვნელოვანი წინსვლა განხორციელდა, განსაკუთრებით ანტი-კორუფციულ ძალისხმევასა და ძალაუფლების სეპარაციის მიმართულებით“ – ამბობს იოანა პოპიანევსკი, დირექტორის მოადგილე ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის, ანალიტიკური ორგანიზაციისა, რომელიც ვაშინგტონსა და სტოკჰოლმში მდებარეობს.

მაგრამ ვითარება სრულყოფილი არ არის.

„პრობლემები რჩება“ – ამბობს პოპიანევსკი – „რაც ძირითადად ძველ ტრადიციას უკავშირდება, რომლის თანახმად სასამართლოს განაჩენი პროკურორისა და ელიტის სასარგებლოდ გამოაქვს. ასეთი მოდელი მთელს რეგიონს ახასიათებს და მის დაძლევას დრო სჭირდება“.

1 აპრილს ქართველმა მოსამართლემ რონ ფუქსს 7 წლით, ხოლო ზეევ ფრენკელს ექვსნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ორი ისრაელელი ბიზნესმენი დამნაშავედ სცნეს 2010 წელს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის, ავთანდილ ხარაიძისთვის  7 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის შეთავაზებისთვის. ქრთამის სანაცვლოდ საქართველოს არ უნდა გაესაჩივრებინა საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველოს ორი ისრაელელი ბიზნესმენისთვის $90 მილიონი უნდა გადაეხადა.

ადვოკატები ამბობენ, რომ ეს საქმე საქართველოს ხელისუფლების ფაბრიკაციაა, რადგან მას უნდოდა თავიდან აეცილებინა  $90 მილიონის გადახდა.  ისინი მიუთითებენ პროკურატურის მიერ მოგებულ საქმეთა მაღალ მაჩვენებელზე და იმაზე, რომ საქართველოში შეუძლებელია სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტილების მიღება. ქართველი ჩინოვნიკები უარყოფენ ორივე ბრალდებას.

თბილისში, საქართველოს რელიეფურ, საშუალო საუკუნოვან დედაქალაქში, მოსახლეობას ქართული სასამართლო სისტემის ეფექტურობაზე შერეული წარმოდგენა აქვს.

პოლიტიკა და სამართალი

ავთანდილ ზაკაშვილი, 53 წლის იურისტი, თითქმის არ ეჭვობს, რომ ქართული სასამართლო სისტემა სამართლიანია.

„მე მიმაჩნია, რომ ის დამოუკიდებელია“, – ამბობს ის – „შესაძლოა, არსებობს ინციდენტები, როდესაც ისინი შეცდომას უშვებენ, მაგრამ მთლიანობაში, სისტემა კარგად მუშაობს, განსაკუთრებით წინა წლებთან შედარებით“.

ნინო ჩიმაკაძე, 27 წლის ხელოვნების კრიტიკოსი, უფრო სკეპტიკურდაა განწყობილი.

„ზუსტი დეტალები ისრაელელი ბიზნესმენების შესახებ არ ვიცი,  მაგრამ ფაქტია - თუ საქმე პოლიტიკას უკავშირდება, ეს  ნიშნავს, რომ სასამართლო არ არის მიუკერძოებელი“, – განაცხადა მან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემები საქართველოს სასამართლო სისტემაზე უფრო მეტ დეტალებს იძლევა. ბრალდებულების მიერ დანაშაულის აღიარება და უფრო მსუბუქი განაჩენისთვის საპროცესო გარიგებით ჯარიმის გადახდა,  ქართული სასამართლო სისტემის მთავარ კომპონენტად იქცა.

უზენაესი სასამართლოს 2010 წლის მონაცემებით, ბრალდებულების 80% საპროცესო გარიგებაში შევიდა.

გაბედავა Transparency International-დან ამბობს, რომ გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2009 წელს საპროცესო გარიგებით სახელმწიფომ 63 მილიონი ლარი მიიღო.

ის ამბობს, რომ ადვოკატების კვალიფიკაცია დაბალია იმ დროს, როცა სახელმწიფო პროკურორების წვრთნაში მილიონები იხარჯება.

„ხშირად პროფესიონალიზმის ნაკლებობის გამო, ადვოკატები უბრალოდ საპროცესო გარიგებაზე ხელის მოწერას არჩევენ, რაც ბევრად ადვილია, ვიდრე  საქმის შესწავლა და არგუმენტების მომზადება“.

ნანა ვასაძეს, უზენაესი სასამართლოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელს, განსხვავებული აზრი აქვს: „როდესაც სასამართლოში სახელმწიფო წარმოადგენს ერთ მხარეს, ხოლო ინდივიდი მეორე მხარეს, იმარჯვებს ის ვინც სასამართლოში უკეთ მომზადებული მოდის და უკეთესად წარმოაჩენს თავის პოზიციას“.

სააკაშვილი საქართველოს ნატო-სა და ევროპის კავშირში გაწევრიანებას ცდილობდა, მაგრამ კახა კოჟორიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ამბობს, რომ საპროცესო გარიგების სისტემა და ბრალდებულთა გამამართლებელი განაჩენების დაბალი მაჩვენებელი, ამ მისწრაფებებს პოტენციურ ბარიერს უქმნის.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ლიბისტური ჯგუფია, რომელიც იურისტებს მხარდაჭერას უწევს.

კოჟორიძე ამბობს, რომ თუ კერძო პირი იმ საქმისთვის იბრძვის, რომელშიც ჩართულები არიან სახელმწიფო კომპანიები, ან ცნობილი ადამიანები, ან ისინი ვისაც კავშირები აქვს, საქმის მოგება ფაქტობრივად შეუძლებელია: „ის თუ რატომ აგებს ხალხი სასამართლოებში, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი დაინტერესების საგანი უნდა იყოს“.

„ყველა, ნატო-ს, ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ საქართველოს დასახული მიზნების მიღწევა სურს, მას დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო უნდა ჰქონდეს“.


თარგმანი: foreignpress.ge/?p=17116 

ახალი ამბები