Elbyt Systemsს-ი ადასტურებს, რომ საქართველოს 100-მილიონიანი დავალიანება აქვს. ამის შესახებ ებრაული კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა დალია როზენმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
„დიახ, მე ოფიციალურად ვადასტურებ, რომ საქართველომ ჩვენს კომპანიას უნდა გადაუხადოს 100 მილიონი აშშ დოლარი და ჩვენ ამ მოთხოვნით მივმართეთ ლონდონის სასამართლოს“, - აღნიშნა როზენმა.
„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, შეესაბამება თუ არა სიმართლეს, რომ დავალიანების გამო ისრაელის მხარემ საქართველოსთვის მიწოდებულ შეიარაღებაზე გარკვეული სისტემები გათიშა, როზენმა განაცხადა, რომ ამ საკითხებზე კომენტარს არ გააკეთებს.
„მე არ შემიძლია ამ საკითხებზე გავაკეთო კომენტარი. ყოველივე ამისთვის შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ჩვენი პრესრელიზით. ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა პრესრელიზში არსებულისა, სხვა არაფერია, თუ არა წმინდა სპეკულაცია“, - აღნიშნა როზენმა.
Elbyt Systems-მა ერთი თვის წინ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც მითითებული იყო, რომ საქართველოს მიწოდებული შეიარაღების, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების 100-მილიონიანი დავალიანება აქვს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დავალიანების არსებობა კატეგორიულად უარყო.
ინტერპრესნიუსი