კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლია მუხაშავრია თინა ბურჯალიანის კვალიფიკაციას უტევს

28 აპრილი, 2011

ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი, იურისტი ლია მუხაშავრია სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე ხელისუფლების დამოკიდებულებას აკრიტიკებს.

„ძალიან მინდა სერიოზულად შევუტიო თინა ბურჯალიანის კვალიფიკაციას.  მას შემდეგ, რაც საქართველომ ჰააგაში, მართლმსაჯულების საერთაშორიოს სასამართლოში წააგო, ბურჯალიანმა თავს უფლება არ უნდა მისცეს, მსგავსი კომენტარების კეთების, მით უფრო, რომ ის არის წაგებული სახელმწიფოს წარმომადგენელი და ვალდებულია, ზედმიწევნით ზუსტად წაიკითხოს ტექსტი, გააკეთოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების კომენტარი და ყოველგვარი საკუთარი კომენტარისგან თავი შეიკავოს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ მუხაშავრიამ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, თინა ბურჯალიანის მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას.

იურისტის განცხადებით, ევროსასამართლო გადაწყვეტილებაში პირდაპირ ამბობს, რომ გამოძიება ჩატარებულია არასრულყოფილად, რაც იმისა მიზეზი გახდა, რომ სტრასბურგმა აღიარა საქართველოს მთავრობის მხარეს სიცოცხლის უფლების დარღვევა.

მისი განმარტებით, სიცოცხლის უფლების დარღვევა სახელმწიფომ შეიძლება მოახდინოს ორგვარად - ერთია, რომ პირდაპირ დაარღვიოს ანუ მოკლას ადამიანი, და მეორე – სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, როდესაც თანამდებობის პირები ჩაიდენენ მკვლელობას, სრულყოფილად გამოიძიოს ის და დაადგინოს დამნაშავე და დასაჯოს.

„როდესაც ევროსასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ არ გამოიძია სათანადოდ დანაშაული და ამით დაარღვია სიცოცხლის უფლება, ეს ყველა შემთხვევში ნიშნავს, რომ აღსდგეს დარღვეული უფლება, რაც გულისხმობს სრულყოფილ, ევროსტანდარტებით გათვალისწინებული გამოძიების ჩატარებას“, - აღნიშნა მან.

მუხაშავრიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც გამოვა გადაწყვეტილება, თუ მას სამი თვის განმავლობაში არც ერთი მხარე არ გაასაჩივრებს დიდი პალატეს წინაშე, გადაწყვეტილება შედის ძალაში და ევროსასამართლოს აღმასრულებელი ორგანო გამოცემს სპეციალურ სააღმსრულებლო დოკუმენტს, რომელშიც დეტალურად გაიწერება, რა კონკრეტული ქმედებები უნდა განახორციელოს მთავრობამ.

„ვიდრე ეს დოკუმენტი არ გამოწერილა და საქართველოს მთავრობას არ მიუღია, არც ერთი თანამდებობის პირი არ არის უფლებამოსილი, გააკეთოს რაიმე კომენტარი, რა დაევალათ მათ განსახორციელებლად და რა  - არა; ამასთან, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, საჯარო გახადოს და გამოაქვეყნოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ქართულ ენაზე და საზოგადოებას და დაზარალებულ პირებს ჩააბაროს ზედმიწევნით ზუსტი ანგარიში, რა გააკეთა ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად“, - განაცხადა მუხაშავრიამ.

როგორც თინა ბურჯალიანმა გუშინ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, გადაწყვეტილებაში ევროსასამართლოს არ მიუთითებია, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ხელახალი გამოძიება ჩაატაროს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები