კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შრომას შეწირულები

28 აპრილი, 2011
გელა მთივლიშვილი

28 აპრილს სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება. სტატისტიკური მონაცემებით, 2010 წლიდან დღემდე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 81 ადამიანი დაიღუპა. დასაქმებულების დაშავების შემთხვევაში შრომის კოდექსით მათი უფლებები დაცული არ არის, სამუშაო პროცესში გარდაცვალების შემთხვევაში კი კანონი არანაირ რეაბილიტაციას არ ითვალისწინებს.

შრომის კოდექსით გათვალისწინებულია მხოლოდ დაშავებული ადამიანების რეაბილიტაცია. ისიც იმ შემთხვევაში, თუ თავად დამქირავებელი საკუთარი გამოკვლევით დაადგენს, რომ დამნაშავე თვითონ არის. დამქირავებლის მიერ საკუთარი თავის გამტყუნების პრეცენდენტი კი, როგორც პროფკავშირებში ამბობენ, ჯერ არ ყოფილა. სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში, დაშავებულმა შესაძლოა რაღაც თანხა მიიღოს, მაგრამ თუ პირი სამუშაო პროცესში გარდაიცვალა, რადგან გარდაცვლილის რეაბილიტაცია შეუძლებელია, შრომის კოდექსი არანაირ კომპენსაციას არ ითვალისწინებს.

ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დაცვა 2006 წლამდე შრომის დაცვის ინსპექციას ევალა, მაგრამ მას შემდეგ, რაც შრომის კოდექსში ცვლილებები შევიდა, აღნიშნული სამსახური გაუქმდა.

უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარე მშენებლობამ, 2007 წელს გურჯაანში, სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბიზნესმენ ზურაბ ფერიშვილის დავალებით, მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში მუშები ღვინის მარანს აშენებდნენ. საძირკველის გაჭრისას სახლის კედელი ჩამოინგრა. ნანგრევების ქვეშ ოთხი ადამიანი მოჰყვა. თამაზ ყავალაშვილი, ვასიკო აბესაძე და არასრულწლოვანი იმედა სისაური დაიღუპნენ, ერთი გადარჩა.

ფერიშვილის მეზობელი ნინო აბესაძე, რომლის სახლის კედელიც ჩამოინგრა, ამბობს, რომ უკანონო მშნებლობის შეწყვეტისა და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, მათ ზურაბ ფერიშვილი რამდენჯერმე გააფრთხილეს, თუმცა, უშედეგოდ.

სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, შს გურჯაანის სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ გამოძიება უსასრულოდ გაგრძელდა.

„რაც შეეხება უკანონო მშენებლობაზე არასრულწლოვანის მუშაობას, ამაზე სისხლის სამართლის კოდექსი სანქციას არ აწესებს“, -  ამბობს გურჯაანის რაიონული პროკურორის მოადგილე ზურაბ ბიკაშვილი.

იურისტის განმარტებით, ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა 16 წლის ასაკიდან წარმოიშობა, თუმცა, აკრძალულია არასრულწლოვანის დასაქმება ისეთ მძიმე სამუშაოზე, რომელიც ზიანს აყენებს მის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, დამქირავებლის მიერ უხეშად იყო დარღვეული შრომის კანონთა კოდექსი, მიუხედავად იმისა, რომ შრომითი ურთიერთობა არაოფიციალური იყო. არ შეიძლება არასრულწლოვანის დასაქმება მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად, თუნდაც კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის არსებობის შემთხვევაში. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს შრომის კანონთა კოდექსი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით, რომლის თანახმადაც გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, თუ ისინი დაზარალებულებად არიან ცნობილნი, უფლება აქვთ დაიწყონ სამოქალაქო დავა და მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება,“ - აღნიშნავს ადვოკატი ლია ხუროშვილი.

გარდაცვლილის ახლობლებმა არ იჩივლეს. მშენებარე ობიექტის მეპატრონე ზურაბ ფერიშვილმა მათ ფინანსური დახმარება გაუწია.

კიდევ ერთი შემთხვევა მიმდინარე წლის 20 თებერვალს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ვარდისუბანში მოხდა. თოვლისგან გაწყვეტილი ელექტროგადამცემი ხაზების გადაბმის დროს, მოულოდნელად ელექტროენერგია ჩაირთო, რამაც 2 ადამიანი იმსხვერპლა. 40 ნიკოლოზ არევაძე და 29 წლის ავთანდილ ყოჩიაშვილი ადგილზე დაიღუპნენ.

„თოვლმა მთავარი ძაბვის სადენი გაწყვიტა. უბნიდან დაურეკეს მონტიორებს. საღამოს ჩამოვიდნენ, ნახეს და დახმარება გვთხოვეს. რამდენიმე კაცი წავიდა დასახმარებლად. მონტიორი ზემოთ ბოძზე იყო ასული და ესენი ქვემოდან უჭიმავდნენ მავთულს. უცებ ელექტროენერგია ჩაირთო. მონტიორი ბოძზევე დაიწვა. დამხმარეებიდან დენმა ორს დაარტყა, ერთი ადგილზევე დაიღუპა, ერთი გადარჩა. ასეთი შემთხვევა სოფელში ადრეც მოხდა“, - ამბობს ვარდისუბნის მკვიდრი ვალერი ხარაიშვილი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ლაგოდეხის პოლიციაში მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით არის აღძრული, რაც ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

გარდაცვლილი ნიკოლოზ არევაძის ოჯახის წევრები კახეთის საოლქო პროკურატურას დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილი მონტიორის მეუღლემ ნინო არევაძემ განუცხადა, პროკურატურისთვის იმ ადამიანის ვინაობა, რომლის ქმედებამაც ორი ადამიანი იმსხვერპლა ცნობილია, მაგრამ მისი პასუხისგებაში მიცემა არ ხდება.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ლაგოდეხის სერვის - ცენტრის მენეჯერი ბესიკ კობერიძე საოლქო პროკურორის პირველი მოადგილის ვაჟა მაღრაძის ცოლის ძმაა და საქმის გამოძიების გაჭიანურება ამ მიზეზით ხდება. ამ საკითხზე კახეთის საოლქო პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ.

ახალი ამბები