კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პენსიონერები პენსიის გარეშე

29 აპრილი, 2011
გელა მთივლიშვილი, კახეთი

კახეთში 500-ზე მეტმა პენსიონერმა მარტისა და აპრილის თვეების პენსია ვერ მიიღო. სოციალური დახმარების გარეშე დარჩა 100-მდე ოჯახი. შემოსავლების სამსახურმა პენსიონერებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ანგარიშზე დარიცხული თანხა ავტომატურად ჩამოაჭრა და ბიუჯეტში გადარიცხა.

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთ ლიდერს დავით საგანელიძეს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოებს, პენსიებზე ე. წ. ინკასოს დადება და თანხის მოხსნა უნდა აეკრძალოთ. პარტია საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანას ითხოვს.

77 წლის ანზორ ნოზაძე პენსიონერ მეუღლესთან ერთად სიღნაღის რაიონის დაბა წნორში ცხოვრობს. მისი თქმით, 1999 წელს საკუთარი ავტომანქანით ტვირთის გადაზიდვას ახდენდა, რის გამოც ინდ მეწარმის საბუთი აიღო. „სანამ მანქანა მყავდა, გადასახადს ვიხდიდი. 2000 წელს მანქანა გავყიდე და ინდ.მეწარმის საბუთიც უკან ჩავაბარე. თურმე დავალიანება დამარიცხეს და შემდეგ მისი გადაუხდელობის მიზეზით, საურავიც დამაკისრეს. 10 წლის განმავლობაში არაფერი ვიცოდი. ცოტა ხნის წინ პენსია აღარ მომცეს. ვიკითხე და მითხრეს, სახელმწიფოს მიმართ 6 400 ლარი გაქვს დავალიანება და პენსიას ინკასო ადევსო. პენსია ვერც ჩემმა მეუღლემ აიღო, არადა ჩვენი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა“, - ამბობს ანზორ ნოზაძე.

შემოსავლების სამსახურმა ინკასო გურჯაანში მცხოვრები მთივლიშვილების ექვსშვილიანი ოჯახის სოციალურ დახმარებასაც დაადო. „ბანკში ფული უნდა ამეღო და ვერ ავიღე. მითხრეს, საგადასახადო სამსახურის მიერ ინკასო ადევსო. 6 შვილი მყავს. ამჟამად შვილიშვილებიც ჩემთან არიან. ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი საარსებო შემწეობაა. პურის ფულიც არ გვაქვს“, - აღნიშნა ექვსი შვილის დედამ.

მისივე თქმით, 2007 წელს მეზობლის ეზოში თონე ჩადგა, პურს აცხობდა, ყიდდა და თავს ირჩენდა, რა დროსაც სალარო აპარატის უქონლობის გამო საგადასახადო ინსპექციამ დააჯარიმა. „ოთხი წლის განმავლობაში არავის მოუკითხებია“, - ამბობს მრავალშვილიანი დედა.

ამ ფაქტებზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ პენსიონერებსაც და სოციალურად დაუცველ ოჯახებსაც ინკასო მოუხსნეს, თუმცა, თავად პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრების თქმით, ინკასოს მოხსნამდე შემოსავლების სამსახურმა მარტისა და აპრილის თვეების პენსია და საარსებო შემწეობა ბიუჯეტში გადარიცხა.

ამ თემაზე „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საგანელიძემ პრესკონფერენცია გამართა.

„გასულ კვირას „ლიბერთი ბანკის“ მიერ მასობრივად ხდებოდა საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად პენსიებიდან ინკასოთი თანხების მოხსნა. აღნიშნულ ქმედებას საფუძვლად ედო „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“,  რომლის 35-ე თავის 238-ე და 243-ე  მუხლების მიხედვითაც, ყველა სახის ანგარიშიდან გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა ნებადართულია ინკასოთი თანხის მოხსნა. ამ ოპერაციის შედეგად ერთადერთი შემოსავლის წყაროს გარეშე,   ხშირ შემთხვევაში წლის ბოლომდე, რჩება ასობით პენსიონერი. მართალია, წინა კვირას კახეთში 533 პენსიონერზე აღნიშნული ოპერაცია გაუქმდა, მაგრამ ჯერჯერობით როგორც კახეთში, ასევე  საქართველოს დანარჩენ რეგიონებში,  პენსიონერებს კიდევ ემუქრებათ პენსიის გარეშე დარჩენა“, - განაცხადა საგანელიძემ.

პრესკონფერენციას სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროს მკვიდრი, პენსიონერი ჟორა ჯებირაშვილიც ესწრებოდა. მან აღნიშნა, რომ სალარო აპარატის უქონლობის გამო იგი ჯერ 500 ლარით, შემდეგ კი 5 ათასი ლარით დააჯარიმეს. მისივე თქმით, მას დავალიანების დაფარვის საშუალება არ ჰქონდა, რადგან მის მაღაზიაში დღეში მხოლოდ 60 ლარის ბრუნვა იყო. 5 500 ლარის დავალიანების გამო კი, პენსიასთან ერთად, მისი მიწის ნაკვეთიც დაყადაღებულია და სააღსრულებოს აქვს გასაყიდად გადაცემული

ახალი ამბები