კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წოდება აახიეს, სცემეს და სამსახური დაატოვებინეს

3 მაისი, 2011

ნინო მიქიაშვილი, presage.tv

თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების მეოთხე ქვეითი ბრიგადის სატრანსპორტო ასეულის მძიმე აღჭურვილობის ყოფილ მეთაურს, ბადრი ხითარიშვილს, როგორც „ჩამშვებს“, გენშტაბში „საქმე გაურჩიეს“; მეოთხე ქვეითი ბრიგადის ნიშანი, ოფიცრის წოდება ფორმიდან აახიეს, შემდეგ სცემეს და შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს.

ამ ფაქტის შესახებ თავად ბადრი ხითარიშვილისგან შევიტყვეთ. გენშტაბში მომხდარ ინციდენტს თავდაცვის სამინისტრო „ობიექტივი.ნეტ“-თან საუბრისას უარყოფს.

ქართველი ოფიცრის სარჩელი, შეიარაღებულ ძალებში დაბრუნების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, თინათინ შავერდაშვილმა განიხილა და არ დააკმაყოფილა. ხითარიშვილის საჩივარს ახლა სააპელაციო სასამართლო განიხილავს. პარალელურად, მისი გათავისუფლების კანონიერების საქმეს სწავლობს სახალხო დამცველის ოფისი.

ამ საქმესთან დაკავშირებით შევხვდით და ვესაუბრეთ თავად ბადრი ხითარიშვილს; მისი უფლებების დამცველ ადვოკატს, მაკა ჩეჩელაშვილს; სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნინო ერემაშვილს; ასოციაცია „სამართალი და თავისუფლებას“ დირექტორს, ირაკლი სესიაშვილს და თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს, სალომე მახარაძეს.

ბადრი ხითარიშვილი შეიარაღებულ ძალებში 1997 წლიდან მსახურობდა. მონაწილეობა მიღებული აქვს 2008 წლის აგვისტოს ცნობილ მოვლენებში, მანამდე, 2004 წელს შიდა ქართლში და 2001 წელს კოდორის ხეობაში მომხდარ სამხედრო ოპერაციებში. 2010 წლის აპრილში, გათავისუფლებამდე ექვსი თვით ადრე ხითარიშვილმა შეიარაღებულ ძალებში უმწიკვლო სამსახურისთვის ორდენი მიიღო. მომდევნო თვეში საყვედურები გამოუცხადეს, ოქტომბერში ფაქტობრივად დაითხოვეს, ხოლო 18 დეკემბერს, თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიერ ხელმოწერილი ბრძანების საფუძველზე შეიარაღებული ძალებიდან ოფიციალურად გაათავისუფლეს.

2011 წლის 22 მარტს, მოსამართლე თინათინ შავერდაშვილის მიერ, „საქართველოს სახელით“ გამოტანილ გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში წერია:

„მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მისი შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნა მოხდა უკანონოდ და გათავისუფლებამდე მას მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა“. თავდაცვის სამინისტრომ, რომელსაც სასამართლოზე გიორგი ცაბაძე წარმოადგენდა, ხითარიშვილის შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნა ასე ახსნა - „სახელშეკრულებო და კანონისმიერი ვალდებულებებიდან გამომდინარე, დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რის გამოც დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან“.

აი, როგორ აღწერს თავად ბადრი ხითარიშვილი შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის ამბავს: „ყველაფერი პირადი დაინტერესების საფუძველზე მოხდა - 2005 წელს მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონში ვმუშაობდი, ერაყში წასასწვლელად ვემზადებოდით, სპეციალურ წვრთნებს გავდიოდით, მაგრამ მოხდა ისე, რომ ბატალიონის მეთაურად დავით შველიძე დანიშნეს, რომელმაც 60-მდე კაცი სამსახურიდან გაგვათავისუფლა. პირად საქმეში „სამსახურებრივი შეუსაბამობა“ ჩაგვიწერეს, რომ ვითომ დაკისრებულ მოვალეობას არ ვასრულებდით. გათავისუფლებამდე პირადად მე არანაირი საყვედური და დარღვევა არ მქონია. თან, გათავისუფლების მომენტში შვებულებაში ვიყავი.

გათავისუფლებული ხალხის ერთი ნაწილი შეიარაღებული ძალებიდან საერთოდ წავიდა, ხოლო ზოგმა სასამართლოთი აღვიდგინეთ თავი - მხარეებს შორის მორიგება მოხდა და ასე დავბრუნდი შეიარაღებულ ძალებში, რის შემდეგაც 3 წელი მეოთხე ქვეით ბრიგადაში ვიმსახურე. ამასობაში დავით შველიძემ სხვადასხა თანამდებობები მოიარა და ერთ მშვენიერ დღეს მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაურად მოვიდა“.

ბადრი ხითარიშვილი ყოფილ მეთაურთან შეხვედრას ასე აღწერს: „5 000 კაცის წინაშე მეუბნება: „მე შენ გაგაფუჭე სამსახურიდან. შენ არა ხარ ის ოფიცერი, ვინც ჩემს გვერდით უნდა იმსახუროს! როგორ აღიდგინე თავიო?!“ ამგვარ შეხვედრას მოჰყვა ყოველდღიური დამცირება. 2005 წელს დაშვებული „შეცდომა“ გამოასწორა და საყვედურები გამომიცხადა, ხელფასის დაქვითითურთ, რომ ასე ვთქვათ, კანონიერად მომხდარიყო ჩემი „გაფუჭება“. ხელფასი 60%-მდე რომ დამიყვანა, რაც თითქმის სამი თვე გაგრძელდა, ამასობაში სამსახურიდან გამათავისუფლეს“.

ბადრი ხითარიშვილს წერილობითი საყვედურები არ გაუსაჩივრებია. ამბობს, რომ ამგვარი ნაბიჯის გადადგმა შეიარაღებული ძალების დატოვების ტოლფასი იქნებოდა და ამიტომ, თავი შეიკავა, მაგრამ, მისივე განმარტებით, როცა დავით შველიძე ყოველგვარ ზღვარს გასცდა, ხითარიშვილმა გენინსპექციას განცხადებით მიმართა.

ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“ ათეულ წელზე მეტია, წვევამდელებისა და სამხედრო მოსამსახურეების უფლებებს იცავს. მისი დირექტორი, ირაკლი სესიაშვილი ჩვენს კითხვაზე - რამდენად მართებულია მთელი ბრიგადის წინაშე მეთაურის ოფიცრისადმი ამგვარი დამოკიდებულება, პასუხობს: „საქმე გვაქვს შეიარაღებულ ძალებში არასაწესდებო და არაეთიკურ დამოკიდებულებასთან, რადგან სამხედრო მოსამსახურისთვის ყველაზე მთავარია სამხედრო მოსამსახურის ღირსება. მეთაური ქვეშევრდომს ღირსების შემლახავად როცა ექცევა, იგი უპირველესად შეურაცხყოფას აყენებს ზოგადად სამხედრო სამსახურს, საკუთარ ღირსებას და იმ მოსამსახურეს, რომელსაც ასეთი სახით მიმართავს. ეს ყველაფერი რეგულირდება შინაგანაწესით, სადისციპლინო წესებით და ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან“.

სესიაშვილის აზრით, შეიარაღებულ ძალებში არ არის სათანადო კულტურა და პატივისცემა სამხედრო სამსახურისადმი, რაც გადამდებია, რადგან, როცა ამ რანგის მეთაური ასე იქცევა, თავისთავად, სხვა სამხედრო მეთაურებსაც იგივე უნარ-ჩვევები უმუშავდებათ და ისევე არასწორად და არაეთიკურად მიმართავენ საკუთარ ქვეშევრდომებს: „ესაა პირამიდული სისტემა. ამიტომ, ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული მეთაურზე. ის უნდა იყოს სამაგალითო და სწორედ დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა იმასთან, რომ ვერტიკალი არ სცემს პატივს სამხედრო სამსახურს, სამხედრო ღირსებას და ვერ ხვდება იმას, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში მოქმედებას თავიანთი ქვეშევრდომების მიმართ“.

ბადრი ხითარიშილმა გენინსპექციაში განცხადება 2010 წლის 13 ოქტომბერს დაწერა, რასაც მოჰყვა მასალის დასაწყისში ხსენებული ინციდენტი: „იმავე დღეს ბრიგადის მეთაურმა ღამის ათ საათზე დამირეკა. ამ დროს აეროპორტში ვიყავი დავალებაზე. ჩამომაკითხა, მანქანაში ჩამისვა და სამინისტროში წამიყვანა. გზაში ვიკამათეთ, მეუბნებოდა: როგორ თუ ჩამიშვი და გენინსპექციაში მიჩივლე?! რაღაც რომ იყოს, არ გაგახარებ, არ გაცოცხლებ! სადაც არ უნდა იყო, იქ მოგძებნი და მოგთხრიო. ამაზე მივუგე - მე ჩემი სიმართლე ვთქვი, რისი გამეორებაც ყველგან თამამად შემიძლია-მეთქი.

გენშტაბში ვიცე-პოლკოვნიკ გიგი კალანდაძესთან მიმიყვანა. ამ დროს ღამის 11 საათი იქნებოდა. ბრიგადის მეთაურმა შეურაცხყოფა გააგრძელა: „შენ ის კაცი არა ხარ, რომელმაც მეოთხე ბრიგადაში უნდა იმსახროს! არაკაცი, ჩამშვები ხარ!“ გენშტაბის უფროსის მოადგილემ, კალანდაძემ მეოთხე ქვეითი ბრიგადის ნიშანი და ოფიცრის წოდება ამახია. წადი, თავისუფალი ხარო - მითხრეს და წამოვედი“.

ხითარიშვილის თქმით, გენშტაბიდან ნახევარი საათის გამოსული იყო, როცა ბრიგადის მეთაურმა, დავით შველიძემ დამტკბარი ტონით დაურეკა - „ბადრი, ძმაო, ყველაფერი მოგვარდა, წამოდი ნაწილში ავიდეთ“.

ურთიერთობაში ასეთ უეცარ ცვლილებას ხითარიშვილი იმით ხსნის, რომ შენობა აღელვებულმა დატოვა. ამასთან, ბრიგადის მეთაურს ნაწილიდან უდროო დროს, მუქარის თანხლებით ჰყავდა წაყვანილი და ოფიცერს რომ რაიმე შემთხვეოდა, პასუხს ბრიგადის მეთაურს მოსთხოვდნენ. ხითარიშვილმა შველიძეს ნაწილში გაყოლაზე უარი უთხრა.

გენშტაბის უფროსის მოადგილის მიერ, ბრიგადის ნიშნისა და ოფიცრის წოდების ჩამორთმევი ფაქტს ირაკლი სესიაშვილი უკანონოდ აფასებს და ამბობს, რომ სამხედრო წოდების ჩამორთმევის უფლება მხოლოდ სასამართლოს აქვს.

ბადრი ხითარიშვილის თქმით, წოდების უკანონოდ ჩამორთმევას, მეორე დღეს მისი ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა: „14 ოქტომბერს დილით დამირეკეს, სამხედრო ნაწილში დამიბარეს, სადაც სამანდატო კომისია დამხვდა შეკრებილი. დასვენების დღე იყო - სვეტიცხოვლობა. კომისიის სხდომა დაუგეგმავად ჩაატარეს. იქ სამხედრო პოლიციის წარმომადგენელიც უნდა ყოფილიყო, რომელიც არავის გამოუძახებია. სამანდატო კომისიის სხდომა ქუჩური გარჩევით დაიწყო. ბრიგადის  მეთაურმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა - „ბიჭო, მე შენ ხომ გაგაფუჭე?! სამსახურიდან მოგხსენი და შენ როგორ აღიდგინე თავი?!“ თან დროდადრო ქუჩაში, საქმის გასარჩევად მეპატიჟებოდა - გავიდეთ ქუჩაში და „ვიბაზროთო“.

ბრიგადის მეთაურმა კომისიის წევრების თანდასწრებით მირტყა, „ჩამშვები“ მეძახა. მას მივუგე, რომ კანონისა და წესდების მიხედვით ვიქცეოდი, რასაც თავად არღვევდა. სხვების თანდასწრებით სიმართლე რომ ვუთხარი, ვერ აიტანა და გადაირია. გარეთ რომ გამოვედით, ჩემთან ორი პიროვნება მოვიდა - კაპიტანი ცერცვაძე და სატანკო ბატალიონის მეთაური ხურციძე. როგორ თუ შენ ბრიგადის მეთაურს ამდენი გაუბედეო და ჩხუბი დამიწყეს; ისინი მირტყამდნენ, მე ხელი არ გამინძრევია.

უზრუნველყოფის ბატალიონის მეთაურმა კაბინეტში ამიყვანა, დასისხლიანებული სახე წყლით მოვიწმინდე, შემდეგ სახეზე ცივი ტილოები დამადეს, რომ არ შეშუპებულიყო. ბრიგადის მეთაურმა ბატალიონის მეთაურს დაავალა, სასწრაფოდ გავეძევებინეთ ნაწილიდან მე და მეორე ოფიცერი, რომელსაც ასევე უსამართლოდ მოექცნენ. ტვინის შერყევით საავადმყოფოში მოვხვდი, სადაც დაინტერესდნენ, ეს როგორ დამემართა. ვუთხარი, რომ სამხედრო ნაწილში ინციდენტი მოხდა-მეთქი. ეს ამბავი სამხედრო პოლიციას გადასცეს. ჩვეულებრივად დაიწყო მოკვლევა, მაგრამ შემდეგ ვაზიანის განყოფილებაში დამიბარეს და მითხრეს: დაანებე თავი ამ მიწოლას, სასამართლოებს, მაინც არაფერი გამოვა, ჩვენ დაგეხმარებითო.

ბადრი ხითარიშვილი ამბობს, რომ მას არავინ დახმარებია. მომხდარიდან ერთი თვის შემდეგ სახალხო დამცველის ოფისს მიმართა დახმარებისთვის.

სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ნინო ერემაშვილის განმარტებით, ხითარიშვილის თხოვნის საფუძველზე თავდაცვის სამინისტროს წერილობით მიმართეს და სთხოვეს გათავისუფლების ბრძანების ასლის გადმოცემა და გათავისუფლების საფუძვლის განმარტება.

„სამინისტროდან პასუხი არ მიგვიღია. ამდენად, ოფიციალური ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ. სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის ბოლო თავში თუ ჩაიხედავთ, ნახავთ ამ უწყებასთან კომუნიკაცია როგორი გართულებულია. მარტის მეორე ნახევარში ბადრი ხითარიშვილი ჩვენთან მოსული იყო. რადგან თავდაცვის სამინისტრომ დოკუმენტაცია არ მოგვაწოდა და საქმე სასამართლოშია, მას ვთხოვეთ საქმის მასალის ასლი მოეტანა“, - ამბობს ერემაშვილი.

მისივე განმარტებით, ხითარიშვილმა მის ხელთ არსებული საქმის მასალის ასლი მიმდინარე თვეში წარადგინა, რომლის შესწავლის შემდეგ სახალხო დამცველის ოფისი შესაბამის რეაგირებას მოახდენს. 

სახალხო დამცველის გარდა ხითარიშვილმა დახმარებისთვის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც მიმართა.

ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, სამხედრო მოსამსახურის ნებისმიერი ფიზიკური შეურაცხყოფა ისჯება კანონით - როგორც სადისციპლინო წესდებით, ასევე თუ საქმე გვაქვს მძიმე ფიზიკურ დაზიანებასთან, სისხლის სამართლის კოდექსით.

„ამგვარ ვითარებაში დაზარალებული მიმართავს სასამართლოს, ან მაგალითად, გენინსპექციას. შესაბამისი სამსახური, ამ კონკრეტულ შემთხვევაში - სამხედრო პოლიცია ვალდებულია, სულ ცოტა, საქმის გამოძიება დაიწყოს. საქმის გამოძიების არდაწყება სამსახურებრივ გულგრილობად შეიძლება მივიჩნიოთ. თქვენ შეგიძლიათ, თავდაცვის სამინისტროში გაარკვიოთ სამხედრო პოლიციამ გამოძიება თუ დაიწყო. თუ გამოძიება დაწყებული არ არის, მაშინ, ის უნდა განმარტონ, რის საფუძველზე არ მოხდა ეს“, - ამბობს ირაკლი სესიაშვილი.

„ობიექტივი.ნეტ“-თან საუბრისას თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი, სალომე მახარაძე ამბობს, რომ სამხედრო პოლიციას არავითარი გამოძიება არ დაუწყია. ჩვენ კითხვაზე - რატომ არ დაიწყო გამოძიება? მახარაძემ მოგვიგო  - „რას ჰქვია რატომ?! ეტყობა, არავის საჩივარი არ არის და იმიტომ. გამოძიება რომ დაიწყოს, რამე პრობლემას ხომ უნდა ჰქონდეს ადგილი?!“

ბადრი ხითარიშვილის უფლებების დამცველის, ადვოკატ მაკა ჩეჩელაშვილის განმარტებით, სააპელაციო საჩივარი ჩაბარებულია, მაგრამ ჯერ არ არის ცნობილი, რომელი მოსამართლე განიხილავს ამ საქმეს. 

ახალი ამბები