თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანის ცემისათვის ბრალდებულ ცაცა ბ.-ს 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, საქმის მასალების მიხედვით, 2011 წლის იანვრის თვეში გიორგი დ.-მ და მისმა მეუღლემ ირინა კ.-მ შვილისთვის, მცირეწლოვანი ნიკოლოზ დ.-სთვის მომვლელად ცაცა ბ. აიყვანეს. ძიძას დღის განამავლობაში, კერძოდ კი, მშობლების სახლში არ ყოფნის პერიოდში, მზრუნველობა უნდა გაეწია მათი მცირეწლოვანი შვილისთვის. ცაცა ბ. ნაცვლად მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისა, სისტემატიურად და უმიზეზოდ სცემდა ბავშვს, არ აძლევდა საკვებს. ცაცა ბ.-ს მიერ ჩადენილმა ქმედებამ პატარას ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
სასამართლო განხილვისას ცაცა ბ.-მ სრულად აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული. გარდა თავად ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა - წარდგენილი ბრალი დადასტურებული იყო: მცირეწლოვანი ბავშვის მშობლების ჩვენებებით, დათვალიერების ოქმით, СD დისკზე არსებული ჩანაწერით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ცაცა ბ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ინტერპრესნიუსი