კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს მანქანები წაართვეს

11 მაისი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს, რომლებიც „ქართული პარტიის“ დაკვეთით, 9 მაისს, კახეთში, საპროტესტო აქციების მონაწილეების გადაყვანას ახდენდნენ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიკროავტობუსები წაართვეს. მძღოლების თქმით, სამართალდამცავებს მათთვის მანქანების წართმევის ოფიციალური მიზეზი არ განუმარტავთ.

9 მაისს, „ქართული პარტიის“ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, კოლონას თან დაჰყვებოდნენ საპატრულო პოლიციის რამდენიმე მანქანა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლები. სამართალდამცავების თქმით, ისინი შეკრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. სინამდვილეში, ისინი ხალხს აღრიცხავდნენ და მიკროავტობუსების ნომრებს იწერდნენ.

პოლიციელებმა მძღოლებს მანქანები 10 მაისს, საღამოს ჩამოართვეს.

„9 მაისს, „ქართული პარტიის“ დაკვეთით, გურჯაანიდან, დიდების მემორიალიდან წავიყვანე ხალხი თელავში, ერეკლეს მოედანზე. მერე ისევ უკან წამოვიყვანე. პარტიამ მომსახურებაში ფული გადამიხადა. იმ დღეს არაფერი პრობლემა არ შემქმნია. 10 მაისს, დილით, ჩვეულებრივ წავედი რეისით - გურჯაანიდან თბილისში. საღამოს, უკან რომ ვბრუნდებოდი, საპატრულო პოლიციამ გამაჩერა ჩალაუბანში. მიზეზი არ უთქვამთ. მანქანიდან მგზავრები ჩაიყვანეს, ევაკუატორი გამოიძახეს და მანქანა წაიღეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ვკითხე - რატომ მართმევდნენ მანქანას. მითხრეს - თელავში ჩახვალ და იქ გეტყვიანო. თელავში ჯერ არ ჩავსულვარ“, - ამბობს ერთ-ერთი მძღოლი გიორგი ვარამაშვილი.

მიკროავტობუსები კახეთში კიდევ ორ მძღოლს, დათო ლაზაშვილს და მიშა ცანკაშვილს ჩამორთვეს.

„ქართული პარტიის“ წევრის დავით ნიკოლაშვილის თქმით, მძღოლები, რომლებსაც საპატრულო პოლიციამ მიკროავტობუსები წაართვა, მას გუშინვე დაუკავშირდნენ.

„მითხრეს, საპატრულო პოლიცია გვეუბნება, გუშინ, აქციაზე დროშას რომ აფრიალებდით, აბა რა გეგონათო. მძღოლებს აქციაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მათ მხოლოდ ხალხი გადაიყვანეს, რაშიც ფული გადავუხადეთ“, - აღნიშნავს ნიკოლაშვილი.

საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოში მძღოლებისთვის მანქანების წართმევის ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ.

სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს, რომლებიც 9 მაისს „ქართულ პარტიას“ მოემსახურნენ, სამართალდამცავებთან პრობლემები სიღნაღის რაიონშიც შეექმნათ.

ხორნაბუჯი-რუსთავის ხაზის მიკროავტობუსის მძღოლი აკაკი ჯიქურაშვილი უშიშროების თანამშრომლებმა 10 მაისს დილით წნორში დააკავეს და ავტოსადგურის შენობაში დაკითხეს.

რუსთავის ავტოსადგურის ინფორმაციით, ხორნაბუჯი-რუსთავის ხაზის მიკროავტობუსი ავტოსადგურში 11:30 საათამდე უნდა შესულიყო, მაგრამ 10 მაისს, მთელი დღის განმავლობაში არ შესულა.

„რატომ არ შევედი, რაში გაინტერესებთ. დამანებეთ რა თავი. არ ვჩივივარ“, - აღნიშნა მძღოლმა აკაკი ჯიქურაშვილმა.

კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი სამარშრუტო ტაქსების მძღოლებისთვის მანქანების წართმევას არ ადასტურებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში მძღოლებისთვის მიკროავტობუსების წართმევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საჩივრით მიმართა გურჯაანის პროკურატურას. „მიგვაჩნია, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე და 332-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს, რაზედაც გთხოვთ დაიწყოთ გამოძიება“, - ნათქვამია საჩივარში.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ მანქანების წართმევა პოლიტიკური ნიშნით მოხდა. პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა მოქალაქეთა დევნას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას.

ახალი ამბები