კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქისტი და ქართველი მოზარდების ქრონიკული შუღლი ახმეტაში

18 მაისი, 2011

„ახმეტაში ქისტ და ქართველ ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება. როგორც ახმეტის საკრებულოს „რესპუბლიკელი“ წევრი ზაქარია ქინქლაძე „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, პრობლემა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რაც შესაძლებელია დიდ ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

„საკრებულოს დეპუტატს მიაჩნია, რომ მოზარდების დაპირისპირებაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აუცილებლად უნდა ჩაერიოს. შაშკინის უწყებიდან კი აცხადებენ, რომ მათთვის ამის შესახებ არავის მიუმართავს და აქედან გამომდინარე, რეაგირებას ვერ მოახდენენ“, - წერს „რეზონანსი“ სტატიაში - „ქისტი და ქართველი მოზარდების ქრონიკული შუღლი ახმეტაში“.

„რეზონანსის“ წყაროს ცნობით, ქისტ და ქართველ ახალგაზრდებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო ახმეტის საჯარო სკოლების უფროს კლასებში 17 მაისს სასწავლო პროცესი ჩაიშალა... ორი დღის წინ ახმეტაში პანკისის ხეობისა და ახმეტის საჯარო სკოლებს შორის საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატის დროს ქისტმა და ქართველმა ახალგაზრდებმა პოლიციის შენობის წინ ერთმანეთს უმოწყალოდ სცემეს და დაპირისპირება მეორე დღესაც, ანუ 17 მაისსაც გაგრძელდა.

ქინქლაძის თქმით, მთელი ახმეტა მომხდარით შეშფოთებულია, რადგან მოსწავლეები პოლიციელებსაც არ მოერიდნენ და ერთმანეთს ჯგუფ-ჯგუფად დასდევდნენ.

„გამგებლის მოადგილე, რესურსცენტრის უფროსი, სკოლების დირექტორები ქალაქის ცენტრში არიან, პოლიციაც აქ არის, მაგრამ ბავშვების სკოლაში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. თუ პოლიციამ, განათლების სამინისტრომ და სკოლების დირექტორებმა ერთობლივად ვერ აღმოფხვრეს ქისტ და ქართველ ახალგაზრდებს შორის არსებული უთანხმოება, შესაძლოა ახალგაზრდებმა ერთმანეთს ზიანი მიაყენონ. მომავალში კი ერთმანეთის სიძულვილით გაზრდილი ახალგაზრდები დაპირისპირებას ეთნიკური ხასიათს მისცემენ და პრობლემა პოლიტიკურ ელფერს შეიძენს... ახმეტის გამგებელი ვითარების დამალვას ცდილობს, რესურსცენტრი კი სკოლებში სასწავლო პროცესის ჩაშლას უარყოფს", - განუცხადა სააგენტო „მედიანიუსს“ ზაქარია ქინქლაძემ.

ახმეტის საკრებულოს „რესპუბლიკელი“ წევრი „რეზონანსთან“ საუბრისას ამბობს, რომ პრობლემა სერიოზულია, რის გადასაჭრელადაც განათლების სამინისტრომ და საერთოდ, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს.

ზაქარია ქინქლაძე: „პრობლემა ის არის, რომ ქართველი და ქისტი ბავშვების კონფლიქტი უკვე ქრონიკული გახდა. დაპირისპირების მიზეზი ის არის, რომ განათლების სისტემა აქ კარგად არ მუშაობს. უკვე მეორე წელიწადია არ გამართულა სპორტული ღონისძიებები. ბავშვები რომ შეხვდებიან ერთმანეთს, მაშინვე ჩხუბს იწყებენ. მიდის, ასე ვთქვათ, არჩეული ბავშვების დაჯახება ერთმანეთთან. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ქისტ ბავშვებს ვიღაც აქეზებს, რომ თითქოს ქართველი ბავშვები არიან მშიშრები, ლაჩრები და იწყება დაუსრულებელი ჩხუბი. ეს უბრალო კინკლაობა აღარ არის. ეს უკვე დანაშაულია. დღეს დილიდან უფროსკლასელები - მე-10-11-12 კლასელები სკოლაში არ არიან, დარბიან ქალაქის ცენტრში და არიან საშინელ ამბებში. ჩამოვიდნენ განათლების სამინისტროდან და ნახონ, რა ვითარებაა. ბოლოს და ბოლოს, ეს ბავშვები ერთმანეთს ხომ არ დახოცავენ?! საქმეში აქტიურად უნდა ჩაერიონ მშობლებიც... ამ ხელისუფლებას ლამის ნახევარი საქართველო ციხეში რომ ჰყავს, ხომ შეიძლება, ეს ბავშვები დასვას და დაელაპარაკოს?! თუ არ გატარდა რამე ღონისძიება, ისეთივე შედეგს მივიღებთ, როგორიც გვქონდა ადრე: კახელებისა და ქისტების სერიოზული დაპირისპირება გარდაუვალი იქნება“.

„სამინისტროსთვის ამაზე არავის მოუმართავს. თუკი სამინისტროს მომართავენ, აუცილებლად ჩავერევით და შესაბამისი რეაგირება იქნება. ამ დროისთვის ამის შესახებ ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია“, - აცხადებს განათლების სამინიტროს პრესსამსახურის უფროსი ნინო პოტრჟებსკაია.

„რა რეაგირებას მოახდენს შაშკინის უწყება, პრესსამსახური არ აკონკრეტებს, რადგან, როგორც თავად აცხადებენ, ვითარების არსი მათთვის უცნობია“, - აღნიშნავს „რეზონანსში“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი მარი ოთარაშვილი.

ინტერპრესნიუსის „პრესის მიმოხილვის“ მიხედვით

ახალი ამბები