კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაპატიმრებულია „ქართული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი

19 მაისი, 2011
ინტერპრესნიუსი

18 მაისს პოლიციამ „ქართული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, შოთა იამანიძე დააკავა. მას გამოძიება ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-მოხმარებას ედავება - სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის II ნაწილით. დანაშაული 7-დან 14-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ოჯახის წევრების განცხადებით, იამანიძე ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე დააკავეს. 

იამანიძის ადვოკატის შალვა თადუმაძის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. შესაბამისად, როგორც ადვოკატი აცხადებს, მის ხელთა არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს იამანიძის გასათავისუფლებლად. 

 „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძემ მათი აქტივისტის დაკავებას პარტიის დისკრედიტაციისკენ მიმართულ ნაბიჯად აფასებს. გარდა იმისა, რომ შოთა იამანიძე „ქართული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერია, ის მისი ვაჟის რატი გაჩეჩილაძის ბავშვობის მეგობარიცაა.

„ის ჩემს თვალწინ არის გაზრდილი და 1500%-ით ვარ დარწმუნებული, რომ მას არა თუ ნარკოტიკთან კავშირი არ ჰქონდა, სიგარეტსაც კი არ ეწეოდა. თუ ეს ასე არ არის, მზად ვარ იმ დღესვე დამიჭირონ. ხელისუფლების უსუსურობა, მხდალობა და იმის შიში, რომ სკამებს დაკარგავენ, სწორედ ასეთი ვაჟკაცი, ლიდერი ადამიანების დევნაში გამოიხატება“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, იამანიძე ადრეც იყო დაკავებული ვეტერანების აქციაში მონაწილეობისთვის: „მაშინ მას სცემეს და ნარკოლოგიურში შემოწმებაზეც წაიყვანეს. თუმცა ვერაფერი დაუმტკიცეს“.

„ქართული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი შოთა იამანიძე სამართალდამცავებმა 18 მაისს ვაკეში დააკავეს. იამანიძის ადოვკატის, შალვა თადუმაძის განცხადებით, დაკავებულს ბრალი წაყენებული აქვს 260-ე მუხლის II ნაწილით, რაც ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-მოხმარებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 14-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

19 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაურით დაიწყო სასამართლო პროცესი, სადაც შოთა იამანიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილებოდა. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პროცესზე მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი შევიდა, ხოლო პროცესზე მყოფი „სამოქალაქო ფრონტის“ ლიდერი, ჯაბა ჯიშკარიანი და მისი თანამოაზრეები ფეხზე არ წამოდგნენ.

„ჩვენ სააკაშვილ-მერაბიშვილის ტანდემის მართულ სასამართლოს პატივს არ ვცემთ და როდესაც მოსამართლე დარბაზში შემოვიდა ფეხზე არ დავდექით“, - ასეთია ჯაბა ჯიშკარიანის არგუმენტი. 

მოსამართლემ აღნიშნული ქმდების გამო მანდატურს მიმართა, ჯაბა ჯიშკარიანსა და მის მეგობრებს სასამართლო დარბაზი დაეტოვებინათ, რასაც ხმაურიანი შელაპარაკება მოჰყვა.

სასამართლოში დადგენილი წესით, დარბაზში მყოფი მოქალაქეები ვალდებული არიან, მოსამართლის დარბაზში შემოსვლისას ფეხზე ადგნენ.

მოგვიანებით მოსამართლე ფუხაშვილმა შოთა იამანიძის ბებიას - ნინო მომცელიძესაც მოსთხოვა სასამართლო დარბაზის დატოვება. როგორც ნინო მომცელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მანდატურებმა იგი ძალის გამოყენებით გამოაძევეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან. მისივე თქმით, როცა მოსამართლემ მანდატურებს მასზე უთხრა, რომ გაეძევებინათ, ვინაიდან უწმაწურ სიტყვებს იყენებდა. თუმცა როგორც მომცელიძე ამტკიცებს, იგი ამ დროს ლოცვებს და ფსალმუნებს კითხულობდა.

მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილის გადაწყვეტილებით, შოთა იამანიძეს წინასწარი დაპატიმრება შეეფარდა. ამით მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა. შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა დაცვის შუამდგომლობა იამანიძის თავდებით გათავისუფლების შესახებ. 

იამანიძის ადვოკატი შალვა თადუმაძე მიიჩნევს, რომ დაპატიმრების საფუძველი არ არსებობდა. „არ იყო საქმეში მტკიცებულებები, რომელიც დაპატიმრებას საფუძვლიანს გახდიდა“, - აღნიშნა მან.

ახალი ამბები