კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მუხროვანის „ამბოხი“ სააკაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი იყო

24 მაისი, 2011
სოფო გეწაძე

20 მაისს თბილისის კინოს სახლში გაიმართა ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოსტუდიის HRIDC.TV-ს დოკუმენტური ფილმის „ოპერაცია - „ამბოხის“ პრეზენტაცია. ფილმი 2009 წელს მუხროვანის სამხედრო ბაზაზე მომხდარ „ამბოხს“ შეეხებოდა.

დოკუმენტური ფილმი ეხება იმ სამართალდარღვევებს, რაც ამ საქმეზე ე.წ. მუხროვანის ამბოხებიდან სასამართლო პროცესის დასრულებამდე გამოიკვეთა. დაპატიმრებულების ადვოკატები ფილმში იმ გარემოებებზე საუბრობენ, რის გამოც სამხედრო მოსამსახურეები დააკავეს. ფილმში ისეთ აბსურდულად ფორმურილებულ ბრალდებებზე იყო საუბარი, როგორიცაა - „იარაღის შენახვის მცდელობა“, „ამბოხების მოწყობის ორგანიზება“ და  თქვენ წარმოიდგინეთ - ამბოხების ორგანიზებაში საკუთარი თავისთვის დახმარების გაწევაც. ფილმში გაიჟღერა 8 თვის ბავშვის დაკავების ისტორიამ,  რამაც დამსწრე საზოგადოების მწარე ღიმილი გამოიწვია.

„ოპერაცია - „ამბოხის“ მომზადებისას ფილმის ავტორმა, გიორგი ჯანელიძე,, ძირითადად, ბრალდებულთა მხარის ვედეოინტერვიუების ჩაწერა მოახერხა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კომენტარებზე უარი განაცხადეს. ბალანსის დაცვას ავტორი სხვადასხვა მედიასაშუალებების არქივში შემონახული სახელისუფლებო წარმომადგენლების ვიდეოჩანაწერებით შეეცადა.

„პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა საერთოდ იგნორირება მოახდინა ჩვენს წერილზე. საქალაქო სასამართლომ უარი განაცხადა სპიკერ მოსამართლესთან ვიდეოინტერვიუს ჩაწერის ნებართვის გაცემაზეც კი“, - განმარტა ფილმის რეჟისორმა გიორგი ჯანელიძემ.

ფილმის დასრულების შემდეგ საზოგადოებამ საკუთარი აზრი გამოთქვა, როგორც ფილმთან, ასევე მუხროვანის ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით.

გალინა ოზიაშვილი,  მოძრაობა „ვეტერანები ვეტერანებისთვის“: „რადიკალურად არ ვეთანხმები ფორმულირებას, რითაც შედის სტრასბურგის სასამართლოში საქმეები, ანუ ვთქვათ - „ოთანაძე საქართველოს წინააღმდეგ“. არავითარი „საქართველოს წინააღმდეგ“! საქმე ეხება პირადად საქართველოს ხელისუფლებას, ამ დეზერტირებს, რომლებიც სულაც არ არიან საქართველო“.

ეთერ გრიგალაშვილი, დაპატიმრებული ბექა გრიგალაშვილის დედა: „ჩემი შვილი ციხეში ზის დაუმორჩილებლობისა და იარაღის შენახვის მცდელობისთვის. „იარაღის შენახვის მცდელობა“ რას ნიშნავს, ეს ვერ განგვიმარტა ვერანაირად ვერც პროკურორმა, ვერც ადვოკატმა და საერთოდ ვერავინ. თვითონ ჩემმა შვილმა მოსამართლეს ჰკითხა - რას ნიშნავს იარაღის შენახვის მცდელობაო, მოსამართლემ პროკურორთან გადაამისამართა. პროკურორმა დამცინავი კი კილოთი უთხრა, ციხიდან როცა გამოხვალ, მაშინ გაგცემ პასუხსო. ბექას მისჯილი აქვს 15 წელი. მარტო ისაა საცოდაობა, რომ ეს ბიჭები, რომლებიც იბრძოდნენ აფხაზეთში და სამაჩაბლოში, იმის მაგივრად, რომ ეს დააფასოს სახელმწიფომ, ეს ძვირფასი ბიჭები დღეს ციხეში არიან გამოკეტილნი.“

ლაშა ჩხარტიშვილი „კონსერვატიული პარტია“: „მიხეილ სააკაშვილი გამოირჩევა ავანტიურისტული ბუნებით და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის არ ერიდება დანაშაულებრივ ქმედებებს, მათ შორის - ისეთ დანაშაულებს ჩადენას, როგორითაც აზარალებს არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს ან მათ ერთობლიობას, არამედ მთლიანად სახელმწიფოსაც. მუხროვანის საქმე არის კლასიკური მაგალითი, როგორ გაწირა მიხეილ სააკაშვილმა ქართული ჯარი და მისი მრავალი ღირსეული წარმომადგენელი კონკრეტული ლოკალური პოლიტიკური ამოცანის შესრულებისათვის. ეს ამოცანა მიზნად ისახავდა იმ პერიოდში საზოგადოების მასობრივი პროტესტის დისკრედიტაციას და ამასთანავე ჯარიდან, შეიარაღებული ძალებიდან და სხვა ძალოვანი სტრუქტურებიდან ადამიანების მოშორებას. ფილმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დაკავებული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა 29-დან თითოეული ადამიანი არის უკანონო პატიმარი და შეეწირა სააკაშვილის სპექტაკლი. ეს სპექტაკლი საჭირო იყო საზოგადოების ყურადღების გადასატანად იმ უმძმესი მდგომარეობიდან, რომელიც ქვეყანაში იყო შექმნილი“.

ნოდარ ეფრემიძე, სამხედრო ექსპერტი: „სააკაშვილი ცდილობდა, საზოგადოებისათვის დაეხატა ისეთი სურათი,  თითქოს მას ებრძვიან სამხედრო მოსამსახურეები, თითქოს ქვეყანაში არიან დაქირავებული შპიონები   და ამის გამო არის, რომ ეს ქვეყანა, როგორც სახელმწიფო, ვერ შედგა. თუ გახსოვთ, შემდგომ ამ მუხროვანის მოვლენებთან მიბმული იყო ტელეკომპანია „იმედის“ ე. წ. მოდელირებული „ქრონიკა“.  ეს ერთი ციკლია, ერთი ჯაჭვის ლოგიკური გაგრძელება. რაც შეეხება მუხროვანის ბოლო მოვლენებს, მისი გაანალიზებისას, კარგი იქნება, თუკი საფუძვლად ავიღებთ მუხროვანის 2001 წლის მოვლენებს, რადგან მაშინ ოთანაძე და კრიალაშვილი ნამდვილად მონაწილეობდნენ დაუმორჩილოებლობაში. მაშინ მათ წმინდა სოციალური მოთხოვნები წამოაყენეს: სამხედრო მოსამსახურებს 14 თვე არ ჰქონდათ ხელფასი მიღებული. მეტსაც გეტყვით - სამხედრო მოსამსახურეები სისხლსაც კი აბარებდნენ, რათა ოჯახში სარჩო შეეტანათ და ამან განაპირობა მაშინდელი სოციალური მოთხოვნები. შემდეგ საზოგადოება რომ ადვილად დაერწმუნებინათ, ეს ორი ადამიანი მიაბეს 2009 წლის 5 მაისის მოვლენებს, რათა საზოგადოებას ადვილად დაეჯერებინა, რომ ოთანაძეს და კრიალაშვილს მეორედაც შეეძლოთ გამოეხატათ დაუმორჩილებლობა. ეს იყო სააკაშვილი მთელი ფოკუსი. ოთანაძეს და კრიალაშვილს არანაირი შეხება არ ჰქონდათ  მუხროვანის მოვლენებთან. ამ ამბოხების სპექტაკლით შეეცადნენ, გადაეფარათ ქვეყანაში არსებული ფონი. იმ დროს საქართველო გუგუნებდა  და ითხოდა სააკაშვილის გადადგომას“.

დამსწრე საზოგადოებამ ფილმის მნიშნელობაზეც ისაუბრა. როგორც ლაშა ჩხარტიშვილი აღნიშნავს, ფილმი განსაკუთრებით მნიშნელოვანია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც თბილისში არ ცხოვრობენ, მაგრამ მათთვის მგავსი ინფორმაცია საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი.

„ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე რუსეთის მეშვეობით განხორცილებულ ქმედებებთან დაკავშირებით. თუმცა, ეს ბრალდება როგორც წესი ქრება ხოლმე. ეს ამ ფილმშიც ვნახეთ - ბრალდება, თითქოს მათ ჰქონდათ ურთიერთობა ოკუპანტებთან, მერე საერთოდ  გაქრა. სასამართლოს ამის შესახებ არც უმსჯელია. ეს არის მუდმივი საკმაზი იმისათვის, რომ მოქალაქეებს გაუქრონ უკანონო პატიმრებისადმი სოლიდარობა და თანაგრძნობა“.

თავად ფილმის ავტორი, გიორგი ჯანელიძე ფილმის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ სიმართლის ერთი - სახელისუფლებო მხარის პოზიცია საზოგადოებისთვის ცნობილი იყო. ეს ფილმი კი მეორე მხარის -  პატიმრების, ყოფილი სამხედრო მოსამხასურეების და მათი ადვოკატების თვალით დანახულ სიმართლეს აჩვენებს.  „ჩვენ ორივე მხარე ვაჩვენეთ, განსჯა და შეფასება მაყურებლისთვის მიგვინდია“, - აღნიშნავს ჯანელიძე.

ფილმს პატიმრების ნათესავები, ჟურნალისტები, სამხედრო ექსპერტები, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

21 მაისს „მუხროვანის ამბოხის“ ე.წ. ორგანიზატორთა დასაკავებლად ჩატარებული სისხლიანი სპეც-ოპერაციიდან 2 წელი სრულდება. დაკავებულ 18 სამხედრო მოსამსახურეს 3-დან 29 წლამდე პატიმრობა აქვს მისჯილი.

ახალი ამბები