კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორ დაარბია სპეცრაზმმა ბათუმში „სახალხო კრების“ საპროტესტო აქცია

25 მაისი, 2011

მაკა მალაყმაძე, აჭარა

21 მაისს აჭარის ტელევიზიის წინ სპეცრაზმა „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული აქცია დაარბია. აქციის მონაწილეებს იმ ხელჯოხებით გაუსწორდნენ, რომლებიც მათი თქმით, დროშებისთვის და პლაკატებისთვის ჰქონდათ. 22 მაისის გამთენიისას, 4 საათზე კი, „სახალხო კრების“ ოფისში ნიღბიანი სპეცრაზმი შეიჭრა და რამდენიმე პიროვნება წაიყვანა.

სპეცრაზმის შტურმის დროს სამი შეშინებული ადამიანი ოფისის მეორე სართულიდან გადახტა. ორი მათგანი სხეულის დაზიანებებითა და მოხეტილობებით საავადმყოფოშია მოთავსებული. 8 აქტივისტს შეეფარდა ადმინისტრაციული ჯარიმა და პატიმრობა 45 ან 60 დღით. ხოლო 7 აქტივისტის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულის მუხლებით. ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

„1937 წელი მონაგონი გახდა. საქართველოს ჰყავს სისხლიანი ხელისუფალი. მას სძულს ქართველი მოსახლეობა და უყვარს სკამი...“ - განაცხადა თემურ შაშიაშვილმა აქციის დარბევისა და დაპატიმრებების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

22 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე - www.police.ge განთავსდა შემდეგი ინფორმაცია: „21 მაისს ბათუმში, აჭარის ტელევიზიის წინ, „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებულ აქციის მიმიდინარეობისას, აქციის მონაწილეებმა ქვები და სხვადასხვა სახის საგნები ესროლეს და დააზიანეს ტელევიზიის შენობა. ინციდენტის შედეგად სამართალდამცავებმა დააკავეს აქციაში მონაწილე 11 პიროვნება“.

ფაქტობრივად კი, სამართალდამცავებმა „სახალხო კრების“ 15 აქტივისტი თუ ლიდერი დააკავეს. მათგან გოჩა მუხაშავრიას, ვახტანგ სიორიძეს, დიმიტრი ჭეიშვილს, ანზორ სოლომონიძეს, ხვიჩა გამარჯობაძეს, დავით ფარტენაძეს და ტარიელ ფუტკარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წაუყენეს: ტელე-რადიო მაუწყებლობის ბლოკირება და ხელში ჩაგდების მცდელობა, ასევე პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევა და დაუმორჩილებლობა. ბრალდებულთა წინააღმდეგ საქმეს ისიც ამძიმებს, რომ სახელმწიფო ბრალდება მათ ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს ედავება. ამიტომაც, წაყენებული დანაშაულის სასჯელთა ჯამი მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 11 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

21 მაისი _ აქციის დასაწყისი

ბათუმში, ერას მოედანზე დაახლოებით 4 000 აქციის მონაწილე შეიკრიბა. მათ ძირითად მოთხოვნას - „მიშა წადი“ ემატებოდა სხვა შინაარსის პლაკატებიც: „წადი მშვიდობიანად“, „გონიო შეიხების გარეშე“, „ჩვენ წაგვართვეს საკუთარი მიწები“, „დაგვეხმარეთ დავიბრუნოთ საკუთრება“. აქციაზე ძირითადად დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან უფლებადარღვეული და სოციალურად გაჭირვებული მოქალაქეები იყვნენ.

აქციის მონაწილეთა უმრავლესობას მგზავრობაში საპატრულო პოლიციის მხრიდან პრობლემები შეექმნა. კერძოდ, მათ მიკროავტობუსებს სხვადასხვა მოტივით ართმევდნენ და საჯარიმოზე გადაჰყავდათ.

ერთ-ერთი ასეთი მძღოლია ზაზა გელაშვილი, ოზურგეთიდან: „აქციაზე მოვდიოდი კუთვნილი მარშუტკით LLS 298. ქობულეთის ცენტრის შემდეგ საპატრულო პოლიციამ გამაჩერა და მითხრა, რომ ერთ-ერთ მონაკვეთზე გადაჭარბებული სიჩქარით _ 85 კმ/სთ გამოვიარე. თუმცა, ვერც მონაკვეთი დამისახელა და ვერც თვითმხილველი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისას“.

სამართალდამცავების მიერ ჩამორთმეული მიკროავტობუსები ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საჯარიმო ავტოსადგომზეა გადაყვანილი. ჩამორთმეულ ტრანსპორტს პოლიციის ამკრძალავი ლენტი აქვს შემოხვეული. თუ როდის და ვინ მიიყვანა საჯარიმოზე მიკროავტობუსები, ამის შესახებ ტერიტორიის მეპატრონეები კომენტარს არ აკეთებენ.

მძღოლებისთვის ავტომანქანების ჩამორთმევის ზუსტი მიზეზების დასადგენად საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველოს მივმართეთ. თუმცა, შსს-ს პრეს-სამსახურის უფროსთან გადაგვამისამართეს. ზურაბ გვენეტაძემ კი სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

აქციის ერთ-ერთი ლიდერის, ცოტნე ანანიძის თქმით, აქციის მონაწილეები შუახევის მუნიციპალიტეტიდან, ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს.

ერას მოედანზე, დღის 3 საათიდან 7 საათამდე, საპროტესტო აქციის მოპირდაპირე ქუჩის მხარეს მობილიზებული იყვნენ აჭარის მთავარი სამმართველოს, კუდისა და სოდის მაღალჩინოსნები. მათ შორის - ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეები და გამგებლები. მათ კომენტარზე უარი გვითხრეს, მხოლოდ იმით შემოიფარგლენ, რომ უფლება აქვთ, სადაც უნდათ, იქ იყვნენ. 

საპროტესტო აქციის დარბევა აჭარის ტელევიზიის წინ

საღამოს 7 საათისათვის შეთხელებული რიგებით საპროტესტო აქციამ აჭარის ტელევიზიის წინ გადაინაცვლა. აქციის ორგანიზატორები აჭარის ტელევიზიისგან მოვლენების ობიექტურად გაშუქებას და პირდაპირ ეთერს ითხოვდნენ: „ეს ტელევიზია ბიუჯეტიდან ფინანსდება. იგი ხალხს ეკუთვნის. ამიტომ აქცია პირდაპირ ეთერში უნდა გაშუქდეს“.

აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა მურმან დუმბაძემ მოთხოვნილი პირობის შესასრულებლად, აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობას 15 წუთი მისცა და თვლაც დაიწყეს. თუმცა, სპეცდანიშნულების რაზმმა ჯგუფს წუთების ბოლომდე დათვლა აღარ დააცადა. ტელევიზიის შესასვლელის გასწვრივ სპეცრაზმელთა მობილიზება სწრაფადვე მოხდა. ისინი აჭარის ტელევიზიის წინ სწრაფად განლაგდნენ და ხალხს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ პერიოდში აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქვაც ისროლეს. თუმცა, როგორც ოპოზიცია ამტკიცებს, ამ დროს აქციის მონაწილეთა შორის სამოქალაქო ფორმით შეგზავნილი სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. გამორიცხული არ არის, რომ ქვა სწორედ მათ ესროლათ. შედეგად ჩატყდა აჭარის ტელევიზიის შენობის ფანჯრისა და შესასვლელი კარის მინები.

რამდენიმე წუთი სიტუაცია აბსოლუტურად უმართავი იყო - სპეცრაზმელები და პოლიციელები აქციის მონაწილეებს დროშის ტარებით უსწორდებოდნენ. აქციის მონაწილეები თავს გაქცევით შველოდნენ. თუმცა, მათ სპეცრაზმელები დასდევდნენ და ხელჯოხებით სცემდნენ, მათ შორის - ასაკოვან ქალებსაც.

სპეცრაზმელები არც ჟურნალისტებს აძლევდნენ მუშაობის საშუალებას. გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტს მზია ამაღლობელს ფოტოაპარატიდან ფოტო წააშლევინეს: „ფოტოს წაშლა მოითხოვა ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა, რადგან ფოტოზე კარგად ჩანდა მისი ქმედება“.

ფოტოს გადაღების საშუალება არც ადამიანის უფლებათა ცენტრს მიეცა. სპეცრაზმელმა, რომელსაც ხელზე შავი ტყავის ხელთათმანი და ე.წ. კასტეტი ეკეთა, გვიბრძანა, მისთვის ფოტო არ გადაგვეღო.

გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორს ეთერ თურაძეს კი, დაახლოებით 15 წუთის მანძილზე გადაადგილების საშუალება არ მისცეს: „აჭარის ტელევიზიის წინ ვიდექი და პოლიციელმა მომთხოვეს, ჩემივე უსაფრთხოებისათვის, ტერიტორია დამეტოვებინა. მე უსაფრთხოდ თავს ვერ ვგრძნობდი, რადგან სწორედ ეს პოლიციელები ურტყამდნენ რამდენიმე წუთის ადრე წაქცეულ მომიტინგეს“.

ახალი ამბები