კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

განსაკუთრებული სისასტიკით დაშლილი საპროტესტო აქცია

27 მაისი, 2011
შორენა ლათათია, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

2011 წლის 26 მაისს,00:10-ზე „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული აქცია სპეცრაზზმა რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაარბია. შსს-ს ინფორმაციით, დაშავდა 37 ადამიანი, მათ შორის 8 პოლიციელი, 1 ჟურნალისტი და 27 სამოქალაქო პირი. გარდაცვლილია ორი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი. ამჟამად, 90-მდე ადამიანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, რომელთაც ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ  2 თვის ვადით. რამდენიმე მათგანზე კი აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქციის დაშლას მოყვა ძალის არაპროპორციული გამოყენება, უკვე დაკავებული დემონსტრანტების ცემა, რომლებიც პოლიციას არავითარ წინააღმდეგობას არ უწევდნენ. არსებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლას, რამდენიმე მათგანი დაშავებული ან/და დაკავებულია.

პოლიციამ პასუხი უნდა აგოს მომიტინგეების ცემისთვის, მიუხედავად სანქციის არარსებობისა, არანაირი გამართლებაარა აქვს მშვიდობიან მომიტინგეებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას , - ესგანცხადება Human rights watch-ის   დირექტორმა ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებში რეიჩელ დენბერმა გააკეთა.

„25 მაისს ოპოზიციის ასობით მომხრე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბა. ხელისუფლებამ მომიტინგეები გააფრთხილა, რომ მიტინგს დაშლიდნენ, რათა დაგეგმილი აღლუმი ჩაეტარებინათ. მიტინგის მონაწილეებს თანხმობა 25 მაისამდე ჰქონდათ. მუნიციპალიტეტმა მათ სხვა ადგილი შესთავაზა. მომიტინგეებმა უარი თქვეს. პოლიცია მისდევდა გაქცეულ მომიტინგეებს, ცემდა მათ, იყენებდა რეზინის ხელკეტებს, ისინი ეძებდნენ დემონსტრანტებს კინოთეატრის შენობაშიც“,- ნათქვამია Human rights watch-ის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში აკვირდებოდნენ აქციის დაშლას, მათ უშუალოდ მოინახულეს დაკავებულები მომიტინგეები, რის საფუძველზე სახალხო დამცველმა წინასწარი შეფასება მისცა აქციის დარბევას  და განაცხადა, რომ დაირღვა საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს კანონმდებლობა, რამაც მთელ რიგ შემთხვევებში გამოიწვია ცალკეულ პირთა უფლებების დარღვევა: „მე მინდა ავღნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა აქციის გაშლის სამართლებრივი მექანიზმი პოლიციის მიერ ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას. აქციის მონაწილეებს არ მიეცათ აქციის მშვიდობიანი დატოვების საშუალება და არაერთ მათგანს სამართალდამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე ჟურნალისტს სამართალდამცავებმა აპარატურა დაუზიანეს და მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს მთავარ პროკურატურას რათა სწრაფად და ეფუქტურად გამოიძიოს ზემოთხსენებული ფაქტები.  

დემონსტრანტების მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენებზე საუბრობს ქართული არასამთავრობოებიც. ადამიანის უფლებათა ცენტრი დემონსტრაციებს აკვირდებოდა პროექტის ფარგლებში. პროექტის ხელმძღვანელის, ბექა ჯიქიას განცხადებით, ცენტრის დამკვირვებლები ყოველდღე იმყოფებოდნენ აქციაზე და გვაწვდიდნენ მიუკერძოებელ ინფორმაციას იქ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით: „მიუხედავად იმისა, რომ აქცია იყო არასანქცირებული და დემონსტრანტთა გარკვეული ნაწილი ემზადებოდა წინააღმდეგობის გასაწევად, მონიტორინგმა გამოავლინა, რომ პოლიციის სპეციალური დანაყოფები მოქმედებდნენ აშკარად გადამეტებული ძალით და ზოგ შემთხვევებში - კანონის დარღვევით. კონკრეტულად: პოლიციამ ალყა შემოარტყა დემონსტრანტებს ყველა მხრიდან. მათ მიერ დაკავებულ იქნა ყველა ქუჩა საიდანაც აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება შეეძლოთ. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ ოპერაციის მიზანს წარმოადგენდა არა აქციის დაშლა (დაკავებული ტერიტორიის დატოვების იძულება), არამედ რაც შეიძლება, ძლიერი ფიზიკური ანგარიშსწორება. ალყის შემორტყმის შემდეგ არ ყოფილა არანაირი სიტყვიერი გაფრთხილება ან მოწოდება დაშლისაკენ, როგორც ეს 2007 წლის ნოემბერში მოხდა. პოლიციის რაზმები პირდაპირ მწყობრი ნაბიჯით გადავიდნენ შეტევაზე და ცეცხლი გახსნეს სპეციალური გაზის ყუმბარების მტყორცნი საშუალებებიდან.

აქციის დაშლის შემდგომ ტერიტორიის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ თავისუფლების მეტროს წინ დაკავებულთა ნაწილი, დაახლოებით 10 ადამიანი, წვიმაში ტროტუარზე ყავდათ დაწვენილი, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ყოველივე ზემოთჩამოთვლილიდან გამომდნიარე, მიუხედავად დემონსტრანტთა მხრიდან არსებული კანონდარღვევებისა, პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას და კანონის აშკარა დარღვევას“.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „საერთაშორის გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ სახეზეა პოლიციის მხრიდან ძალისგადამეტება და შესაბამისად დანაშაულის ნიშნები: „2011 წლის 26 მაისს დაახლოებით 00:12 წუთზე შსს-ს ძალებმა დაიწყეს რუსთაველის პროსპექტზე გამართული საპროტესტო აქციის დაშლა. იმ შემთხვევაშიც კი, რომ აქციის დაშლის გადაწყვეტილება ყოფილიყო ლეგიტიმური, მედიით გავრცელებული კადრები აშკარად მიუთითებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ნიშნებზე, რაც ,,პოლიციის შესახებ” კანონის მოთხოვნების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.  აღნიშნული ფაქტი არ შეიძლება დარჩეს ეფექტური გამოძიებისა და სამართლებრივი რეაგირების გარეშე“.

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მიიჩნევს, რომ 2011 წლის 26 მაისს შს სამინისტროს ძალების მიერ რუსთაველის პროსპექტზე გამართული საპროტესტო აქციის დაშლა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ნორმებით დადგენილ სტანდარტებს.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საქართველოს მთავარ პროკურატურას, აწარმოონ ეფექტური გამოძიება, 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის მსვლელობისას კონკრეტულ პირთა პასუხსიმგებლობის საკითხის დასადგენად.

21 მაისს „სახალხო კრების“ორგანიზებით დაახლოებით 25 ათასი მომიტინგე  თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა და პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყენება მოითხოვა. საპროტესტო აქციები გაიმართა ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, რომელებიც მოგვიანებით თბილისში მყოფ დემონსტანტებს შეუერთდნენ აჭარის რეგიონში. თბილისისაგან განსხვავებით, ბათუმში ტელევიზიის წინ შეკრების მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილეები მხოლოდ მას შემდეგ დაარბია, როცა დაუდგენელმა პირებმა ტელევიზიის შენობას ქვები დაუშინეს.

თავისუფლების მოედანზე დაწყებულმა აქციამ მოგვიანებით, პირდაპირი ეთერის მოთხოვნით, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გადაინაცვლა. ტელევიზიასთან მისულმა მომიტინგეებმა ხელმძღვანელობას 15 წუთი მისცეს მოსაფიქრებლად, რომ მათთვის პირდაპირი ეთერი დაეთმოთ. პირველმა არხმა აქციის ორგანიზატორების მოთხოვნა დააკმაყოფილა და საინფორმაციო გადაცემის მსვლელობისას მიტინგიდან 5-5 წუთიანი პირდატირი ტრანსლაცია გაუშვა, თუმცა „სახალხო კრების“ ლიდერებმა აღნიშნული დრო საკმარისად არ მიიჩნიეს.

22 მაისსსახალხო კრებას შეურთდა „ქართული პარტია“, რომელსაც თავის მხრივ, პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნით, 25 მაისს ჰქონდა დაანონსებული საპროტესტო აქცია და ეს დღე „მრისხანების დღედ“ გამოაცხადა. ამასთან გავრცელდა ინფორმაცია,რომ თბილისში ჩამოსვლას გეგმავდა ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.აღსანიშნავია, რომ ოქრუაშვილს 2007 წელს ბრალი თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და ფულის გამოძალვაში დაედო, რის გამოც იგი დააკავეს, მოგვიანებით კი მან პოლიტიკური თავშესაფარი საფრანგეთისაგან მიიღო. 

„ბოლო რამოდენიმე დღეა, ახალგორის რაიონიდან გასვლა, როგორც ავტომანქანებისათვის ასევე ქვეითად მოსიარულეთათვის შეზღუდულია. გამშვები  პუნქტი ჩაკეტილია ქართული მხრიდან და როგორც ახალგორელები ამბობენ, მიზეზი ოქრუაშვილია. ხელისუფლებას ეშინია, რომ ექს-მინისტრი ცხინვალის გავლით რუსეთიდან არ შემოვიდეს, რაც თავისთავად  ძალიან სამარცხვინო ფაქტია. გამოდის, ხელისუფლებას ოქრუაშვილის ბედი უფრო ადარდებს ვიდრე საკუთარი მოქალაქეების და მათი თავისუფალი გადაადგილების“, - განაცხადა ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა. 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან საუბრისასას საზღვრის ჩაკეტვის ფაქტი დაადასტურა თავად ახალგორში მცოვრებმა მოსახლეობა და გამოთქვეს ეჭვი, რომ აღნიშნული თბილისში მიმდინარე დემონსტრაციებს უკავშირდება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი აკვირდება საპროტესტო აქციების ორგანიზებასა და მიმდინარეობას და შეშფოთებას გამოთქვამს სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით თბილისისაკენ მომავალი მოქალაქეების დაკავებასა და ავტომანქანების ჩამორთმევის ფაქტებთან დაკავშირებით: „22 მაისს თბილისში საზოგადოებრივ მაუწყებელთან სპეცრაზმმა ხელკეტებითა და რეზინის ტყვიებით დაარბია საპროტესტო აქციები მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა პლასტმასის ჯოხებით დააზიანეს პოლიციის თანამშრომელთა კუთვნილი ავტომანქანა. ეს ინციდენტი მოხდა იმ დროს, როცა ძალოვანი უწყების წარმომადგენლები საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილის ავტომანქანაში ჩასმას და გატაცებას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეთა თქმით, მათ ამ დროს არ ეცვათ პოლიციის ფორმა, არ წარმოუდგენიათ საბუთები და არც შავი ფერის ავტომანქანას ჰქონდა რაიმე აღნიშვნა, რომ იგი პოლიციისა იყო“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 22 მაისს, დაახლოებით დილის 7 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები, რომლების ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ თავს დაესხნენ პოლიციის ავტომანქანასა და მასში მსხდომ პოლიციელებს. 

პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყენების მოხოვნით დემონსტაციები 2009 წლის 9 აპრილიდან დაიწყო და რამოდენიმე თვე გრძელდებოდა, თუმცა უშედეგოდ. განვითარებული მოვლენების დროს სამართალდამცავების მხრიდან, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ ადგილი ჰქონდა არალეტალური იარაღის, კერძოდ პლასტიკური და რეზინის ტყვიების გამოყენებას. მსგავსი იარაღის გამოყენება იმ დროისათვის ქართული კანონმდებლობით არ იყო დაშვებული, თუმცა მოგვიანებით ცვლილებები შევიდა  „პოლიციის შესახებ“ კანონში, სადაც სპეციალურ საშუალებების შესახებ ჩამონათვალში დაემატა არალეტალური იარაღი.  აღნიშნულს წინ უსწრებდა 2007 წლის 7 ნოემბერი, როცა სამართალდამცავებმა პარლამეტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. პირველად საქართველოს ისტორიაში აქციის დასაშლელად გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები: წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები, ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოწყობილობა. ევროკავშირი, ევროპის საბჭო, ეუთო, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი - ეს არის იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებმა 7 ნოემბემბრის აქციის დაშლას მკაცრი შეფასება მისცეს.


ახალი ამბები