კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იგორ მერაბიშვილისა და ვანო როდიონოვის შესახებ

27 მაისი, 2011
ალეკო ცქიტიშვილი

საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავი სისხლით, ცხედრებით და ბუტაფორიული სამხედრო აღლუმით აღვნიშნეთ.

ასე ინება პრეზიდენტმა, რომელიც დღითიდღე ემიჯნება საკუთარ მოქალაქეებს და იკეტება სპეცრაზმით, ჯარით, ტანკებით და ავტომატებით შემოსაზღვრულ წრეში. ეს მისი ვიწრო სამყაროა, საიდანაც ხან იარაღის ჟღარუნი და კბილების ღრჭიალი გვესმის, ხან - კარის ხელოვანთა ცეკვა-თამაში და ყალბი მუსიკა.

სააკაშვილი ტყვედ ჰყავს აყვანილი საკუთარ პარანოიას, რომელსაც დამახასიათებელი სიმპტომის - რეფორმატორობის ბოდვის გარდა, თან დაერთო გაუნელებელი აგრესია ხალხისადმი.

ასე ნელ-ნელა იჩეკება ავტოკრატი მმართველისგან პირწავარდნილი დიქტატორი.

შსს-ს სპეცრაზმის მიერ „სახალხო კრების“ საპროტესტო აქციის დაუნდობელი დარბევის შეფასება ვერ თავსდება ტერმინში - „ძალის გადამეტებული გამოყენება“, როგორც შეაფასეს იურისტებმა 26 მაისის ღამის მოვლენები. უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს იყო განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის მქონე ადამიანების სამაგალითო დასჯა, შურისძიება მათზე, რათა არც მათ და არც სხვებს შემდგომში აღარ ჰქონდეთ პროტესტის საჯაროდ გამოხატვის სურვილი.

ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტელეარხებით ვრცელდება ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. საზოგადოებაში კი არსებობს ეჭვი, რომ სპეცრაზმის სისხლიანმა შტურმმა რუსთაველის გამზირზე ათზე მეტი მოქალაქე შეიწირა. ამ ინფორმაციის ვერც უარყოფა ხერხდება და ვერც დადასტურება. პარალელურად, დამოუკიდებელ მედიაში ჩნდება ინფორმაციები უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე, რომელთა შესახებ კონტროლირებადი ტელეარხები არაფერს ამბობენ.

ობიექტური ინფორმაციის დეფიციტის პირობებში ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო საინფორმაციო ნაკადი დამაბნეველია და  ობიექტური განსჯისთვის გამოუსადეგარი. თუმცა, როგორ უნდა დაიკარგოს ამდენი ადამიანი რუსთაველის გამზირიდან? ორი ვარიანტია: ისინი მოკლეს და ეს ინფორმაცია საგულდაგულოდ იმალება, რათა ხალხის გულისწყრომა არ გამოიწვიოს, ან კიდევ - დაკავებულები არიან და ახლობლებს არ ატყობინებენ მათ ადგილსამყოფელს.

მოქალაქეები დაკარგულებს ეძებენ პოლიციის განყოფილებებში, საავადმყოფოებში, პროზექტურებში. ასეთ დღეშია „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ბათიაშვილის ოჯახიც. „ან მკვდარია, ან ისეა ნაცემი, რომ არ გვაჩვენებენ“, - გვითხრა მისმა მეუღლემ.

ადამიანების გაქრობა საქართველოს შსს-ს მუშაობის სტილია, ვანოს ხელწერაა.

მაინცდამაინც არ ვამართლებ ხოლმე „სახალხო კრების“ საპროტესტო აქციის დარბევის შედარებას 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებთან, მაგრამ შეუძლებელია, ზოგიერთ დეტალთან დაკავშირებით არ დავეთანხმო მათ, ვინც ამ პარალელს ავლებს.

იგორ როდიონოვმა მომიტინგეებს ერთი მიმართულებით შეუტია, დანარჩენ სამ მხარეს კი გზა გახსნა, რათა მსხვერპლს გაქცევა შეძლებოდა. ვანო მერაბიშვილმა მომიტინგეებს ალყა შემოარტყა, ყველას გზა მოუჭრა, რათა მათ სათითაოდ გასწორებოდა და არავინ დაეტოვებინა დაუსჯელი.

იგორ მერაბიშვილის (უკაცრავად - როდიონოვის) ჯარისკაცებმა ხალხი ნიჩბებით აჩეხეს, ვანო როდიონოვის (უკაცრავად - მერაბიშვილის) სპეცრაზმელებმა კი ხელებშეკრული მოქალაქეები მიწაზე დააწვინეს და უმოწყალოდ, სადისტურად სცემეს.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ „სახალხო კრების“ აქციის მონაწილეები ჯოხებით და ქვებით არიან შეიარაღებული. ზოგიერთი პოლიციის მიმართულებით ისვრის კიდეც რაღაც საგნებს. მსგავსი ქმედებები სულაც არ არის მოულოდნელი ადამიანებისგან, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავენ. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს სპეცრაზმმა ალყა შემოარტყას და გაქცევის, თავის გადარჩენის საშუალება არ მისცეს. პოლიციის მიზანი ამ დროს უნდა იყოს არასანქცირებული შეკრების დაშლა და არა განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეთა დასჯა.

ამ ტექსტით მინდოდა, ჩემი პროტესტი გამომეხატა, თანაც - აგრესიული ფორმით. მინდოდა, უგზო-უკვლოდ გამქრალი ადამიანების სათქმელი მეთქვა.

პრეზიდენტ სააკაშვილით დავიწყე და შს მინისტრ როდიონოვით დავამთავრე.

ჩათვალეთ, რომ ცხელ გულზე ჯოხიც მოვიქნიე და ქვაც ვისროლე.

მქონდეს იმედი, რომ არ გავქრები?


ახალი ამბები