კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას და დამნაშავეთა დასჯას

31 მაისი, 2011

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სადამსჯელო და რეპრესიული მოქმედებებით. ბოლო დღეების განმავლობაში არნახული მასშტაბები მიიღო განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის მქონე ადამიანების დაშინებამ, დევნამ, დაპატიმრებებებმა და ფიზიკურმა ანგარიშსწორებამ.

26 მაისს საქართველოს პარლამენტის წინ შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმების მიერ „სახალხო წარმომადგენლობითი კრების“ საპროტესტო აქციის დარბევისას პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ ძალის გადამეტებას, არამედ კანონის აშკარა, შეგნებულ დარღვევას. არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 5 მოქალაქე.

დაღუპულთა შესახებ განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება. შსს ამტკიცებს, რომ აქციის ერთ-ერთი მონაწილე 50 წლის ნოდარ ცხადაძე ოპოზიციის ლიდერების ესკორტს ემსხვერპლა ისევე, როგორც პოლიციელი ვლადიმერ მასურაშვილი. შსს-ს ოფიციალური ვებგვერდი ასევე იტყობინება მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე ორი მამაკაცის გვამის აღმოჩენის შესახებ. შსს-ს მტკიცებით, მათი გარდაცვალების მიზეზი იყო ელექტროსადენებთან მათი შეხება. თუმცა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ არსებობს ფოტომასალა, სადაც ნიკა კვინტრაძე ხელფეხშეკრული წევს და ცოცხალია. ამდენად, ჩნდება ეჭვი, რომ ნიკა კვინტრაძის ცხედარი მაღაზიის სახურავზე სამართალდამცველებმა დატოვეს თავიანთი დანაშაულის მიჩქმალვის მიზნით. არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ ცნობით, ნიკა კვინტრაძის მამა 29 მაისს გულის შეტევით გარდაიცვალა, როდესაც შვილის სიკვდილის ამბავი შეიტყო. 

მიუხედავად იმისა, რომ 26 მაისის 00:00 საათიდან აქცია იყო არასანქცირებული და დემონსტრანტთა გარკვეული ნაწილი ემზადებოდა წინააღმდეგობის გასაწევად, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგმა გამოავლინა, რომ პოლიციის სპეციალური დანაყოფები მოქმედებდნენ აშკარად გადამეტებული ძალით და ზოგ შემთხვევებში შეგნებულად კანონის დარღვევით.

კონკრეტულად: პოლიციამ ალყა შემოარტყა დემონსტრანტებს ყველა მხრიდან. სპეცრაზმმა დაიკავა ყველა ქუჩა, საიდანაც აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება შეეძლოთ. გაქცეულ მოქალაქეებს სპეცრაზმი შეჰყვა კინოთეატრ „რუსთაველშიც“, სადაც ამ დროს მიმდინარეობდა მხატვრული ფილმის „კარიბის ზღვის მეკობრეების“ საპრემიერო ჩვენება. სპეცრაზმის წევრები აქციის მონაწილეებს კინოდარბაზშიც ეძებდნენ, აპატიმრებდნენ მათ და გარეთ გამოჰყავდათ.

აქედან გამომდინარე, ოპერაციის მიზანს წარმოადგენდა არა აქციის დაშლა და პარლამენტის წინ დაკავებული ტერიტორიის დატოვების იძულება, არამედ რაც შეიძლება ძლიერი ფიზიკური ანგარიშსწორება. სპეცრაზმის წევრები  ბევრად აღემატებოდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ამ არათანაბარ უპირატეს ძალას აქტიურად იყენებდნენ. გადაღებულია შემთხვევები, როცა აქციის ერთ მონაწილეს სპეცრაზმის ათამდე წარმომადგებელი ცემს.

სპეცრაზმის შეთანხმებული მოქმედებები გვაფიქრებინებს, რომ მომიტინგეთა სასტიკ ანგარიშსწორებაზე ინსტრუქცია შსს-ს ხელმძღვანელების მიერ იყო გაცემული. დარბევამდე ცოტა ხნით ადრე ორთაჭალაში მობილიზებული იყო ათობით მუნიციპალური ყვითელი ავტობუსი და პოლიციის სპეცტექნიკა. აგრეთვე - სახანძრო მანქანები, ჰაილუქსის პიკაპები და რამდენიმე პოლიციის კობრა. ასეთი საყოველთაო მობილიზაცია შესაძლებელი იყო განხორციელებულიყო მხოლოდ შს მინისტრის ბრძანებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი თვლის, რომ საპოლიციო ძალების არაადამიანურ ქმედებებსა და სასტიკ ძალადობაზე პასუხი უნდა აგოს შინაგან საქმეთა მინისტრმა. ასევე, გასარკვევია, რატომ იყენებს მუნიციპალურ ავტობუსებს შსს მსგავსი დარბევებისას და ასეთ შემთხვევებში, რა როლს ასრულებს თბილისის მერი, გიგი უგულავა.

ძნელია ემოციების გარეშე შეაფასო სხვადასხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ სასტიკად უსწორდებიან სპეცრაზმელები ასაკოვან ადამიანებს, მოზარდებს, ქალებს, ჟურნალისტებს და ქუჩაში დაყრილ ბორკილდადებულ მომიტინგეებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონაცემებით, საპროტესტო აქციის დაშლისას 17 ჟურნალისტი დაზარალდა. სპეცრაზმელებმა კორესპონდენტები ალყაში მოაქციეს და ხელკეტებით ცემეს, ზოგიერთმა რეზინის ტყვიებით სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. რამდენიმე ჟურნალისტი დააკავეს.

დაზარალებულ ჟურნალისტთა შორის არიან: საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტები დარეჯან პაატაშვილი და მალხაზ ჭკადუა, „პალიტრა TV“-ის ოპერატორი ავთანდილ სურმავა, საინფორმაციო სააგენტო „ექსპრესნიუსის“კორესპონდენტები: ანა გაბუნია და თენგო ოკუჯავა. საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ ჟურნალისტები: თელარა გელანდია და ხათუნა გაგნიძე, გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტი ზაირა მიქატაძე, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტები: ბექა სივსივაძე და გიორგი მამაცაშვილი, „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტები: თამაზ კუპრეიშვილი, ნინო კახიშვილი და ნესტან ცეცხლაძე, გაზეთ „გურია ნიუსის" ჟურნალისტი ნატო გოგელია, Media.Ge-ს რედაქტორი დავით მჭედლიძე, მედიაკავშირ „ობიექტივის“ ჟურნალისტი დიანა ხოფერია.

სერიოზული შეშფოთების საგანია უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ბედი. დარბევის შემდეგ დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 30-მდე მოქალაქე. არსებული ინფორმაციით, აქციის ბევრი მონაწილე მოათავსეს ავტობუსებში და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, საპროტესტო აქციის დაშლამდე და დაშლის შემდეგ, 27-28 მაისის მდგომარეობით, შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში იმყოფება 162 პოლიტიკურად აქტიური მოქალაქე. მათ ბრალი სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული კოდექსების სხვადასხვა მუხლებით წაუყენეს.

არასამთავრობო ორგანიზაციებს დღემდე აკითხავენ მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ გამოძახებულნი არიან პოლიციაში სხვადასხვა მოტივით და სჭირდებათ დაცვა.

აღსანიშნავია, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს, ასევე - 2009 წლის 6 მაისს და 15 ივნისს თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციების დაშლისას საპოლიციო ძალებმა გამოიყენეს იმ დროისთვის აკრძალული იარაღი და რეზინის ტყვიებით სახის არეში ჭრილობები მიაყენეს აქციის მონაწილეებს. უკანონო იარაღის გამოყენებისათვის არავინ დასჯილა. საქართველოს პარლამენტმა კი, საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, 2009 წლის 17 ივნისს - აქციის დარბევიდან მესამე დღეს, დააკანონა რეზინის ტყვიების გამოყენება აქციების დაშლისას, რითაც ფაქტობრივად, წაახალისა შემდგომში მოსალოდნელი ძალადობა. მართლაც, 26 მაისს „სახალხო კრების“ მომხრეთა დაშლისას სპეცრაზმი უკვე მასობრივად და დამიზნებით სახის არეში ესროდა მოქალაქეებს რეზინის ტყვიებს. ასევე სახის არეში დამიზნებით აფრქვევდნენ ცრემლსადენ გაზს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და მოითხოვს:

1) შეწყდეს პოლიტიკური რეპრესიები და განთავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები;

2) გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი;
 
3) სამართალდამცველმა ორგანოებმა და პარლამენტმა მიუკერძოებლად გამოიძიოს საპროტესტო აქციის დარბევისას სპეცრაზმის უკანონო ქმედებები;

4) დაისაჯონ დამნაშავე პირები;

ადამიანის უფლებათა ცენტრი
30.05.11.

ახალი ამბები