კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსთაველის გამზირის მეკობრეები

6 ივნისი, 2011

შორენა ლათათია

დიდი ხანია, მივეჩვიე, რომ ჩემს ქვეყანაში სულ რაღაცის მოლოდინია და ეს რაღაც ძალიან ჰგავს „რევოლუციას“. თუმცა, სამწუხარო (და ტრაგიკული) ისაა, რომ ამ მოლოდინს, არც მეტი არც ნაკლები, ადამიანები ეწირებიან.

25 მაისს, უკვე მერამდენედ საქართველოს ისტორიაში, „ყველანი რუსთაველის გამზირისაკენ“ დავიძარით და ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვერ მივხვდით  (შინაგანი ინტუიციით მაინც), რომ მორიგი მსხვერპლშეწირვა გველოდა. სამწუხაროდ (მართლაც რომ), ისევ დაგვავიწყდა, რომ სამყაროში ყველაზე ფასეული სწორედ ადამიანია.

ყველაზე უცნარი კი ის არის, რომ სწორედ მაშინ, როცა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა (სინამდვილეში კი - დარბევა) დაიწყეს, მე (ვინც ახლა ჭეშმარიტ ფასეულობებზე გელაპარაკებით) რუსთაველის კინოთეატრში პრემიერაზე „კარიბის ზღვის მეკობრეებს“ ვუყურებდი.

ფილმის დასრულებისთანავე, დარბაზში კინოთეატრის აღელვებული თანამშრომლები შემოვიდნენ და გვითხრეს, რომ სპეცრაზმი მომიტინგეებს შლიდა, რის გამოც ცოტა ხნით დარბაზში მოცდა მოგვიწევდა. მალე, გარედან რეზინის ტყვიების სროლისა და საშინელი აურზაურის ხმა გავიგონეთ. არ შემშინებია (შიში რას მიქვია), უბრალოდ, მესმოდა, რომ ხმაური სულ უფრო გვიახლოვდებოდა და მალე დარბაზში შემოაღწევდა.

- დარბაზში უსაფრთხოდ იქნებით, აქ ვერავინ შემოვა - იმეორებდნენ კინოთეატრის თანამშრომლები.

არ გასულა რამდენიმე წუთი და...

- კარგია, არა, კინოს ყურება?! - დროშის ტარის ქნევით და  ირონიული ყვირილით შემოვარდა ერთ-ერთი მომიტინგე, რომელსაც მოგვიანებით სხვებიც შემოყვნენ.  სულ დაახლოებით  30-მდე იქნებოდნენ. 

დარბაზში ნელ-ნელა ცრემლსადენი გაზის სუნიც შემოვიდა.  ამას ზედ დაემატა მაყურებლების პანიკა, დიალოგ-მონოლოგები, ხველა და ვაი-ვიში!  ჩანთიდან წინა დღით ყოველი შემთხვევისთვის შეძენილი პირბადეები ამოვიღე და სხვებსაც გადავაწოდე.

გაურკვეველი მომავლის მოლოდინში მომიტინგეები სცენასთან დადგნენ, მაყურებელმა კი  უკანა რიგებისკენ დავიხიეთ.

უცებ, ახალშეუღლებული ცოლ-ქმრის გვერდით აღმოვჩნდი... ორსული ცოლი პანიკისგან ლამის კრუნჩხვებში ვარდებოდა, აღელვებული ქმარი კი ამშვიდებდა: ხომ გეუბნებოდი, არ უნდა წამოვსულიყავითო და თან სიგარეტს უბოლებდა. უკანასკნელი პირბადე მის ცოლს გადავაწოდე და ვუთხარი, რომ ამით ბირთული აფეთქების დროსაც კი შეძლებდა გადარჩენას. ვგრძნობდი, როგორი სერიოზული წუთი იყო, ამიტომ თავს ძალა დავატანე, ჩემსავე უკბილო ხუმრობაზე არ გამცინებოდა.

სულ მალე დარბაზში სპეცრაზმიც გამოჩნდა და ერთ-ერთ კართან განლაგდა. ამ დროს მომიტინგეები, დარბაზის მეორე გასასვლელ კართან შეჯგუფდნენ. ჩვენ - „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მაყურებლები კი მეტწილად ისევ დარბაზის ზედა მხარეს ვიყავით.

- ბილეთიანები ჩამოვიდნენ! ... ბილეთიანებს გვიშვებენ! ... ბილეთი სად გაქვს?  მოძებნე... - ატყდა ერთი ვაი-ვიში. 

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ უბრალო კინოს ბილეთს ასეთი დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ჩემს ცხოვრებაში. როგორ არ ჰგავდა ეს გრძნობა ჩემს ჩვეულებრივ წარმოდგენას სიცოცხლის გამოთხოვებაზე.

მოკლე-მოკლე, ასე, ოცსანტიმეტრიან ნაბიჯებით დარბაზის გასასვლელს გავუყევით, კინოთეატრის პირველ სართულზე ჩამოვედით და ლამის საჯარო ბიბლიოთეკამდე ბილეთებაწეულებმა გამოვიარეთ სპეცრაზმელთა კორიდორი.

- ბილეთი... ბილეთი სადაა?!.. მაჩვენე ბილეთი!.. დაუჩქარეთ!.. იძახდნენ სპეცრაზმელები.

ტროტუარზე ხელებშეკრული მომიტინგეები ეყარნენ, სისხლის კვალი და გაზის სუნი ჯერ კიდევ არ გამქრალიყო. სიტუაციას მთლიანად პოლიცია აკონტროლებდა.

„კარიბის ზღვის მეკობრეები - უცხო ნაპირებზე“ მაყურებლებს გულუბრყვილო წარმოდგენას უქმნის მეკობრეებზე, ერთგვარ რომანტიკულ ბურუსში ხვევს მათ. თუმცა, კარიბის ზღვის უცხო ნაპირებიდან რუსთაველის ნაცნობ გამზირზე, თავსხმა წვიმაში გამორიყულ მაყურებლებს ჩვენმა ბოროტმა მეკობრეებმა - სპეცრაზმელებმა შეგვახსენეს, რომ ცხოვრებაში რომანტიკისთვის ადგილი ცოტაა, თითქმის არ არის. იმ დღეს ხომ იქვე, კინოთეატრ „რუსთაველთან“ ახლოს 4 ადამიანი გარდაიცვალა (1 პოლიციელი და 3 დემონსტრანტი), ათობით დაშავდა და დაახლოებით 40 მოქალაქე დღემდე გაუჩინარებულია! 

ბილეთი, რომელმაც რუსთაველის გამზირის ბოროტ მეკობრეებს გადამარჩინა, შენახული მაქვს, ვინ იცის, იქნებ, ჯადოსნურია და როდესმე კიდევ დამჭირდეს.

ახალი ამბები