„როცა რომელიმე მხარეს ძალადობა უნდა, მისი პამპერსებში გახვევის და მშვიდობიანად მოშორების საშუალება აღარ არის“, - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსულ გამოცემა „ნოვოე ვრემიასთან“ საუბრისას.
ჟურნალისტ ევგენია ალბაცის კითხვაზე - რა საჭირო იყო ოპოზიციასთან ასე სასტიკად ანგარიშსწორება, სააკაშვილმა უპასუხა, რომ ხელისუფლება ოპოზიციას სასტიკად არ გასწორებია.
„სასტიკად? მე არ ვფიქრობ, რომ ეს სასტიკად მოხდა. სასტიკი იყო ის, რაც შემდეგ მოხდა, ის, რომ ადამიანები დაიღუპნენ. თავად პოლიციის ქმედება კი ძალიან ადეკვატური იყო. ჩვენ საქმე იმ ხალხთან გვქონდა, რომელთაც ძალადობა უნდოდათ. როცა რომელიმე მხარეს ძალადობა უნდა, მისი პამპერსებში გახვევის და მშვიდობიანად მოშორების საშუალება არ არის. იმავე ღამეს მე ვუყურებდი, თუ როგორ შლიდნენ „ბარსელონის“ გულშემატკივრებს ბარსელონასა და ინგლისში - იქ პოლიციის ქმედება გაცილებით სასტიკი იყო... სინამდვილეში ახლა გაცილებით უფრო კმაყოფილი ვარ პოლიციის ქმედებით, ვიდრე სამი წლის წინ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სააკაშვილმა ამ შემთხვევაში 2007 წლის 7 ნოემბერი იგულისხმა.
ინტერპრესნიუსი