კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რამაზ საყვარელიძე: „ზიზღის გარეშე ვერ უყურებ, 200 მომიტინგეს 2000 სპეცრაზმელი როგორ ესხმის თავს და ჯობნის“

7 ივნისი, 2011

სოფო გეწაძე

26 მაისის მოვლენებიდან ორი კვირა გავიდა, მაგრამ საზოგადოება ვერ ივიწყებს იმ სისასტიკეს, რაც საპოლიციო ძალებმა გამოავლინეს მომიტინგეების დაშლისას. ხელისუფლება ბოდიშის მოხდას არ აპირებს. ექსპერტთა დიდი ნაწილი მომხდარს კრიტიკულად აფასებს. მათ შორის არის პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოპორტალს - HRIDC.TV-ს ესაუბრა. გთავაზობთ ამ ინტერვიუს ვრცელ ვერსიას.

- ბატონო რამაზ, როგორ აფასებთ 26 მაისს 00:15 საათზე განვითარებულ მოვლენებს?

- შეფასება ისედაც რამდენიმენაირი გავრცელდა. ერთი მხრივ, მოვისმინეთ ამ დღეს განვითარებული მოვლენების ოფიციალური შეფასება, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მზადდებოდა შეთქმულება, რომლის მიზანი იყო დესტაბილიზაცია ქვეყანაში და სახელმწიფომ მოახერხა ამის აღკვეთა. სხვა მხარეებზე ხელისუფლება არ საუბრობს, რაც უკვე ძალიან გულსატკენია.

ჩვენ რუსეთზე გვაქვს ენა გამახვილებული, ადვილად ვაკრიტიკებთ მას და ბევრი თვალსაზრისით, კრიტიკას რუსეთი მართლაც იმსახურებს. თუმცა, როცა ელცინის დროს იქ მოხდა მილიციასთან შეტაკებები, სადაც 3 ადამიანი დაიღუპა, ელცინმა ხალხს საჯაროდ ბოდიში მოუხადა. მან თქვა - დედებს გიხდით ბოდიშს, რომ ვერ მოვახერხე თქვენი შვილები დამეცვაო.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ასეთი სიტყვები არ ისმის. სწორია თუ არასწორია, ეს სხვა საკითხია, მაგრამ როცა ადამიანთა სიცოცხლე ან ჯანმრთელობა რაღაც პოლიტიკურს შეეწირა, რომლის ავტორიც შენ იყავი, მორალურად ვალდებული ხარ, სულ ცოტა, ბოდიში მოიხადო. ხელისუფლებამ კი არათუ ბოდიში მოიხადა, ოპერატიულად დაზარალებულებისა თუ გარდაცვლილების სიებიც არ გამოაქვეყნა. დიდი ეჭვია, რომ სამედიცინო დაზღვევის სტრუქტურებს მოუწოდა, დახმარება არ გაეწიათ მათთვის, ვინც დაზარალებული იყო მიტინგში მონაწილეობის გამო. აქ მორალურ მხარეზე სულ უფრო ძნელდება საუბარი, როცა უკვე სიღრმეებს ნახულობ. ამ შემთხვევაში, ხელისუფლება ჯერჯერობით მოქმედებს ისე, როგორც იმოქმედებდა მტერთან. ასე იმოქმედა იმ ღამეს და ასე აგრძელებს მოქმედებას.

სამწუხაროდ, ბოდიში არც იმ ოპოზიციურმა ჯგუფმა არ მოიხადა, რომელიც ასევე პასუხისმგებელი იყო იმ ღამით მომხდარზე. ასე რომ, უპასუხისმგებლობის მთელი აღლუმია ორივე მხრიდან.

 - უშუალოდ დემონსტრაციის დაშლაზე რომ ვისაუბროთ, შესაძლებელია, ხელისუფლების მოქმედების რაიმე გზით გამართლება?

 - ვთქვათ და, მზადდებოდა გადატრიალება. სამხედრო ოპერაციის დროსაც კი, როცა ადამიანი ხელებს აწევს და ტყვედ გბარდება, მასზე ხელის აღმართვა გაუმართლებელია და ვინც ამ წესს არ დაიცავს, უნდა დაისაჯოს კანონით. ჩვენ იმ ღამეს ვნახეთ უამრავი ადამიანი, რომელიც ტყვედ ბარდებოდა და მათ მაინც ურტყამდნენ. ვნახეთ, ბავშვები, რომლებსაც ურტყამდნენ. ვნახეთ ძირს დაწოლილი ადამიანები, რომლებსაც ფეხები დაამტვრიეს და ა.შ.  ასეთ საქციელს საომარი რეჟიმის დროსაც კი არა აქვს გამართლება.

ერთადერთი, რაც უნდა ვიფიქროთ, ალბათ, მოინდომეს ხალხის დაბეჩავება. თავის დროზე, ნაპოლეონის ომებისას, ნაპოლეონმა ეგვიპტეში დადგა მოჭრილი თავების გორები. გაუკვირდათ მათ, ვინც ახლდნენ მას, რადგან სხვა ომებში ნაპოლეონს ასეთი სისასტიკე არ ახასიათებდა. იგი მოქმედებდა ჩვეულებრივი ევროპული სტანდარტებით. ნაპოლეონმა ეს ახსნა იმით, რომ ეგვიპტის დამორჩილებას მე ვერ შევძლებ, ისე თუ არ ვიმოქმედე, როგორც მათთან არის მიღებულიო. ანუ მოსახლეობის დამორჩილება ევროპაში სხვანაირად ხდება - თუკი ხელისუფლებამ ჩააბარა გასაღები, ქალაქის დანარჩენი მოსახლეობა ეგუება იმ რეჟიმს, კაპიტულაციას თანმხდება და თუკი გინდა, რომ მოსახლეობაში კაპიტულაცია გამოიწვიო, ის მორალურად უნდა გატეხო. ევროპაში ძალადობა არ გჭირდება. სადაც დაჭირდა, იქ ნაპოლეონმა სისასტიკე გამოავლინა. მე მეჩვენება, რომ იმღამინდელი სისასტიკის ძირითადი მიზანი იყო ხალხის მორალურად გატეხვა, რადგან მეორე და მესამე შემთხვევაში  მას უარი ეთქვა გამოსვლებზე. ამიტომ იყო, რომ ლიდერებს ხელი არ ახლეს. შეუტიეს ხალხს - ვინც უნდა  შეადგინოს პოლიტიკური პროცესის ძირითადი ძალა. აი, ეს ძალა დააშინეს და არა პოლიტიკოსი. ეს რომ პოლიტიკოსისთვის გაეკეთებინათ, ის გმირად იქცეოდა.

- თქვენი აზრით, რამდენად მოახერხეს ხალხის გატეხვა?

- შაბათის და კვირის მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ეს ამ ეტაპზე არ გამოუვიდათ. პირიქით, გაჩნდა საპასუხო პროტესტის განცდა.

 - თქვენი აზრით, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები სამომავლოდ?

- მოვლენები შეიძლება განვითარდეს ბევრნაირად. პირველი, რაც უდავოა ყველა ტიპის სცენარში - მოვლენები განვითარდება ხელისუფლების ზიზღის მიმართულებით. ეს არ იქნება ხელისუფლების შიში მხოლოდ. შიშით შეიძლება იმისაც გეშინოდეს, ვისაც პატივს სცემ და ვინც გეზიზღება. აი, როცა ეშინიათ, იმიტომ, რომ ეზიზღებათ და თან ეზიზღებათ, ეს ეტაპი უკვე გვქონდა კომუნისტებთან მიმართებაში. 60-70 წელი ატარა ეს ზიზღი ხალხმა და მერე ერთ დღეში ამოხეთქა, როგორც კი ნახეს, რომ ამის შესაძლებლობა იყო და გაქრნენ კომუნისტები საქართველოს ტერიტორიაზე. აი, ამ ტიპის ზიზღი იწყებს ჩაბუდებას ადამიანებში.

შეუძლებელია ზიზღის გარეშე უყურო, როგორ სცემენ. ზიზღის გარეშე უსმინო, როცა გეუბნებიან, რომ ხელშეკრული ადამიანი მაღაზიის თავზე აძვრა და იქ შიშველ კაბელზე დენმა დაარტყა და ა.შ. ზიზღის გარეშე ვერ უყურებ, 200 მომიტინგეს  ხელკეტებით, რეზინის ტყვიებითა და გაზის იარაღით შეიარაღებული 2000 სპეცრაზმელი როგორ ესხმის თავს და ჯობნის.

ჩვენ კომუნისტები გაცილებით უფრო ადრე დავამარცხეთ, ვიდრე დაიშალა საბჭოთა კავშირი. მაშინ, როცა კომუნისტებს რცხვენოდათ იმის თქმა, რომ ისინო კომუნისტები არიან, როცა ცდილობდნენ, ინტელიგენციის ნდობა მოეპოვებინათ, ინტელიგენცია კი უარს ამბობდა პარტიულობაზე, თანამშრომლობაზე - აი, მაშინ გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ კომუნისტებზე. ამ შემთხვევაშიც, ხელისუფლების ძალადობის დამარცხება დაიწყება მაშინ, თუ ამ სტილით მოქმედი ხელისუფლება საზოგადოებიდან იგრძნობს იმ რეალურ დამოკიდებულებას, რაც საზოგადოებაშია და თუ მათ შერცხვებათ იმის ავტორობა, რისი ავტორებიც არიან. როგორც ვხედავთ, ახლა არ რცხვენიათ, მაგრამ რაც უფრო გაიზრდება ეს საზოგადოებრივი დამოკიდებულების მუხტი და რაც უფრო დაინახავენ, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელია ასეთი რეჟიმი, მით უფრო გაუჩნდებათ სირცხვილის გრძნობა.

ნუ დაგავიწყდებათ - უწინ დამნაშავეს სოფელი შეიძლება არ კლავდა, მაგრამ რიყავდა. ქართული ხელისუფლება როცა დაინახავს, რომ გარიყულია საზოგადოებისგან, მიხვდება, რომ გარიყულია და ასეთი გარიყულობა უკვე ბევრ რამეს ცვლის.

დღეს რომ უკვე რცხვენია ხელისუფლებას, გამოჩნდა 26 მაისს აღლუმზე, როცა ხელისფლებამ სცადა, ზეიმი არ ყოფილიყო მეტისმეტად პომპეზური და მოერიდა წინააღმდეგობა გაეწია იმ პროტესტისთვის, რაც მის ასეთ საქციელს უპირისპირდება. ხელისუფლების მხრიდან ეს უკვე უკან დახევა იყო, რომელიც გამოიწვია სირცხვილმა. ხელისუფლებას უკვე რცხვენია იმის, რაც გააკეთა.

- რა შეიძლება მოხდეს ხელისუფლებაში?

 - ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის - საერთაშორისო საზოგადოებაზე. საერთაშორისო საზოგადოებაც მიხვდება, რომ იგი ხალხის ზიზღის თანაზიარი ხდება, თუ ზეწოლას არ მოახდენს ხელისუფლებაზე და არ ეცდება შეაცვლევინოს ანტიდემოკრატიული კურსი. მთელი დასავლეთი დგება იმ საფრთხის წინაშე, რომ საქართველოში ანტიდასავლური განწყობილება გაჩნდეს. ფაქტია, რომ დასავლეთი ხდება ამ სისასტიკის თანამონაწილე, როცა არ გმობს და თვალს ხუჭავს მასზე. ამას თუ ვერ მიხვდება დასავლეთი, მიიღებს სისხლიან დაპირისპირებას, რაც ახლა ხდება აფრიკის ქვეყნებში. იქაც ხომ ძირითადი მოტივი ზიზღია.

არის კიდე მეორე მექანიზმი, რომ შიგნით მოხდეს განხეთქილება, როგორც გამსახურდიას დროს, ან როგორც შევარდნაძის დროს. შესაძლოა მოხდეს შიდა განხეთქილება, მაგრამ ჩანს, რომ ძალიან ძლიერია მმართველი გუნდი. ამიტომ ეს ძალიან შორეული პერსპექტივის თემაა.

ახალი ამბები