კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

45-დღიანი პატიმრობა - საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის

8 ივნისი, 2011

მაკა მალაყმაძე, აჭარა

თემურ ჭანტურიშვილი 22 მაისს, ღამის 2 საათის შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმა „სახალხო კრების“ ბათუმის ოფისში აიყვანა. ამჟამად იგი 45-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაშია. დაკავების შემდეგ თემურ ჭანტურიშვილს ოჯახთან დაკავშირების საშუალება დაგვიანებით მისცეს, რის გამოც თავდაპირველად მისი ოჯახი მას გაუჩინარებულად თვლიდა.   

თემურ ჭანტურიშვილი „სახალხო კრების“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო. დაკავებულის მეუღლე კითხულობს - რისთვის უნდა ჩაესვათ ციხეში 45 დღით ადამიანი, რომელიც უბრალოდ აქციაზე იდგა. ამიტომაც შიშობს, რომ თავისი განცხადებებით, დაკავებულის მდგომარეობა არ დაამძიმოს: „ისიც მეშინია, ჩემი მხრიდან ზედმეტმა მოძრაობამ და განცხადებებმა მისი მდგომარეობა არ გაართულოს. ხომ შეიძლება შემდეგ უფრო ზეწოლა მოახდინონ?! ახლა ხომ ყველას „რუსეთის აგენტია“ ხელისუფლების აზრით...“
 
ჭანტურიშვილი 58 წლისაა და ხშირად ავადმყოფობს. ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას, ჭანტურიშვილის მეუღლე რუსუდან მჟავანაძე აღნიშნავს, რომ მის ქმარს წნევა აწუხებს და ექიმის მეთვალყურეობა სჭირდება: „ყოველდღე ესაჭიროება წამალი. დროებითი მოთავსების იზოლატორში ექიმის მეთვალყურეობა აქვს თუ არა, არ ვიცი. მხოლოდ წამლების შეგზავნას ვახერხებთ. არც ის ვიცი, როგორ მდგომარეობაში აქვს ჭრილობა. მისი პერანგი, რომელიც მომცეს, დასისხლიანებული იყო. ვფიქრობ, აჭარის ტელევიზიასთან პროვოკატორების მიერ ნასროლი ქვა მოხდა თავში“.

ჭანტურიშვილის მეუღლემ ქმრის დაკავება და იზოლატორში მოთავსება, ტელევიზიით შეიტყო: „თბილისში ვიყავი და ტელეფონით ვუკავშირდებოდი. ვნერვიულობდი აქციის გამო, რადგან ვიცოდი, რომ ხელისუფლება ასე ადვილად არ ვერ გადახარშავდა ამ აქციებს. რაღაც პროვოკაციებს ველოდი“.

როგორც დაკავებულის მეუღლე აცხადებს, დროებითი დაკავების იზოლატორში წიგნისა და ბორჯომის შეგზავნაზეც შეექმნა პრობლემა: „ამასწინათ ნოდარ დუმბაძის წიგნი ითხოვა. გამიხარდა - ე.ი. შედარებით უკეთაა-მეთქი, მაგრამ არ შემატანინეს. ერთხელ მინერალური წყალი „ბორჯომი“ და წყალი შევუტანეთ, მეორედ კი გვითხრეს - „ბორჯომის“ შეტანა არ შეიძლებაო. იზოლატორის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გვითხრა, რომ ამა თუ იმ მოხმარების საგნის შეტანაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ბრალეულობას - „გააჩნია, რაზე ზის“. ვერ გავიგე, მოქალაქე რისთვის არის დაკავებული, ამას რა კავშირი აქვს მისთვის წიგნის ან „ბორჯომის“ შეგზავნასთან?! ამასთან, იზოლატორში არსად არაა გამოკრული ნუსხა იმ ნივთებისა, რისი შეგზავნა შეიძლება და რისი არა“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ბათუმის დროებითი დაკავების  იზოლატორის ხელმძღვანელს, სულიკო ბერიძეს დაუკავშირდა. თავდაპირველად მან გაკვირვებულმა იკითხა - ჩემგან რა გაინტერესებთო. ხოლო, როცა გაიგო ჭანტურიშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით გვჭირდებოდა კომენტარი, პრესცენტრთან გადაგვამისამართა და ტელეფონი გაგვითიშა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულ პრესსამსახურის ნომერს არავინ პასუხობს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ასევე დაუკავშირდა სახალხო დამცველის წარმომადგენელს ბათუმში, გიორგი ჩარკვიანს. მისი თქმით, იგი ახლახან შეხვდა ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირებს და არც ერთ მათგანს განსაკუთრებულ პრობლემებზე არაფერი უთქვამს.

აჭარის ტელევიზიასთან მომხდარი დარბევის შემდეგ, თემურ ჭანტურიშვილთან ერთად კიდევ შვიდ მოქალაქეს მიესაჯა ადმინისტრაციული ჯარიმა _ პატიმრობა 45 და 60 დღით.

ახალი ამბები