კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი“ - ჩვეულებრივი ოპერატიულ-სამძებრო მოქმედება თუ პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფა

10 ივნისი, 2011

ნინო ცაგარეიშვილი,www.humanrightshouse.org

„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კანონში“ 2010 წლის სექტემბერში შესული ცვლილებებით, დაკანონდა მოსამართლის ბრძანებით კავშირგაბმულობის არხიდან და კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნა, ფიქსაცია და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია.

იურისტების შეშფოთებას იწვევს კანონში შესული კიდევ ერთი ცვლილება, მე-7 მუხლის მეორე ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი: „ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი – გლობალურ საინფორმაციო ქსელში (ინტერნეტში) მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება და მათში მონაწილეობა“.

აღნიშნული მოქმედება არ ითვალისწინებს მოსამართლის ბრძანების ან გადაუდებელი აუცილებლობის საჭიროებას. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, გიორგი გოცირიძის აზრით, იგი არღვევს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ პირადი ცხოვრების უფლებას.

გიორგი გოცირიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტში შესული ცვლილება „ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი“ ითვალისწინებს ინტერნეტში მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვებასა და მათში მონაწილეობას. ჩვენს ყურადღებას იპყრობს „დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობები.“ აღნიშნულში მოიაზრება ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებშია შექმნილი და სადაც მიმდინარეობს ადამიანთა ვიწრო წრის, 2-3 ადამიანის ფარული საუბარი. სწორედ ასეთ საუბრებზე დაკვირვებისა და მათში მონაწილეობის უფლება ეძლევათ კონსპირაციული, ანუ ფარული წესების დაცვით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვა. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის თანახმად, პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვის შემთხვევაში აუცილებელია მოსამართლის თანმხობა ან გადაუდებელი აუცილებლობა, როცა მოსამართლის ბრძანების მოპოვებისათვის დროის დაკარგვა გამოიწვევს ფასეული მტკიცებულების განადგურებას. აღნიშნული ნორმა არც გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევას ითვალისწინებს და არც მოსამართლის ბრძანებას. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-20 მუხლს და ვაპირებთ ამ ნორმის გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში“.

აღნიშნული ცვლილებების ინიციატორის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ ანჯაფარიძის განცხადებით, აღნიშნულ ქვეპუნქტში საუბარია იმ შემთხვევაზე, როცა ოპერატიული თანამშრომელი შედის ნდობაში ეჭვმიტანილთან და ამყარებს მასთან ინტერნეტურთიერთობას: „ეს ნორმა არ გულისხმობს მესამე პირის მიერ ორი ადამიანის კერძო საუბრის მონიტორინგს. აქ საუბარია ოპერატიული თანამშრომლის შიგნით ჩანერგვაზე, როცა ის ახორციელებს თვალთვალს მასსა და კრიმინალურ დაჯგუფებას შორის დამყარებულ ინტერნეტურთიერთობაზე, რაც ჩვეულებრივი ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებაა და არ საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას“.

გიორგი გოცირიძის განმარტებით, აღნიშნული დებულება ძალიან ზოგადი და ფართოა და იძლევა შესაძლებლობას, კერძო პირების დახურული ინტერნეტსაუბარი გაკონტროლდეს საგამოძიებო ორგანოს მიერ მოსამართლის ბრძანების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში „თავისუფლება ქსელში -2011“ საქართველოსთან დაკავშირებით მოხსენიებულია ქართულ კანონში შეტანილი ცვლილება მოსამართლის ბრძანებით კავშიგრაბმულობის არხიდან და კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის თაობაზე. „თუმცა, საინტერესოა, თუ როგორ განხორციელდება ახალი კანონი პრაქტიკაში,“ - ნათქვამია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში. ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგს, რომელიც მოსამართლის ბრძანების საჭიროებას არ ითვალისწინებს, ეს ანგარიში ჯერჯერობით არ ახსენებს.

ორიგინალი

ახალი ამბები