კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აქცია - „სოლიდარობა მედიაპალიტრას!“

13 ივნისი, 2011

ინტერპრესნიუსი

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ინიციატივით დღეს გაიმართა აქცია სახელწოდებით - „სოლიდარობა „მედიაპალიტრას!“ დღეს პირველ გვერდზე ასეთი წარწერით გამოვიდა თითქმის ყველა გაზეთი და ჟურნალი საქართველოს მასშტაბით.
 
„მედიაპალიტრას“ ამ ფორმით უცხადებენ სოლიდარობას გაზეთები „რეზონანსი“, „ახალი თაობა“, „ვერსია“, „ასავალ-დასავალი“,  ჟურნალი „ლიბერალი“, ჟურნალი „რეიტინგი“, სპორტული გაზეთები  „ოლიმპი“, „მსოფლიო სპორტი“, „ლელო“.

სოლიდარობის აქციაში მონაწილეობენ რეგიონული გამოცემები: „ახალი გაზეთი“, „გურია ნიუსი“, „ბათუმელები“, „სამხრეთის კარიბჭე“, „P.S“, „აჭარის P.S“, „ქობულეთი“, „ჩემი ხარაგაული“, „ლანჩხუთი პლუსი“, „რუსთავის ამბები“, „ალიონი“, „სპექტრი“. აქციას უერთდება კახეთის საინფორმაციო ცენტრიც.

გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში შიშობს, რომ სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია. „ჩვენ გამოვხატავთ შეშფოთებას იმ ვითარების გამო, რაც ხდება „პალიტრასთან“ დაკავშირებით. ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას „მედიაპალიტრისადმი“. მიგვაჩნია, რომ საფრთხე ემუქრება ზოგადად სიტყვის თავისუფლებას და ჩვენი კოლეგების გვერდით ვდგავართ“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა და აღნიშნა, რომ სოლიდარობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრის, ნინო ზურიაშვილის განცხადებით კი, მათ აშფოთებთ მედიასივრცის ბოლო 5-6 წლის წარსული, ამიტომ „მედიაპალიტრაში“ ფინანსური შემოწმების პროცესს კოალიცია რეგულარულ მონიტორინგს გაუწევს.

დღეს განსხვავებულია გაზეთ „კვირის პალიტრის“ ნომერიც. გაზეთი „მედიაპალიტრის“ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის კოლეგებს მადლობას უხდის. „გმადლობთ სოლიდარობისთვის“, - პირველ გვერდზე ასეთი წარწერით გამოვიდა „კვირის პალიტრის“ დღევანდელი ნომერი.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა "მედიაპალიტრის" ექვს სხვადასხვა სტრუქტურაში არაგეგმური შემოწმება 7 ივნისს ერთდროულად დაიწყო. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გეგმური სასაქონლო-მატერიალური ინვენტარიზაცია უკვე დასრულდა "მედიაპალიტრის" შემდეგ დაწესებულებებში - შპს „ჯეპ“, შპს გამომცემლობა „კოლორი“, შპს „პოლიგრაფიული მასალები“, გამომცემლობა „პალიტრა L“.

გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 7 ივნისს „მედიაპალიტრის“ 6 სხვადასხვა კომპანიაში დატოვეს შეტყობინება საგადასახადო შემოწმების შესახებ. ამ შეტყობინების თანახმად, „მედიაპალიტრის“ 6-ვე შპს-ში გასვლითი საგადასახო შემოწმება, დაახლოებით, 10 დღეში დაიწყება.

დღესვე „მედიაპალიტრაში“ შემოსავლების სამსახურის შესვლასთან დაკავშირებით გაზეთი „კვირის პალიტრა“  სტატია გამოაქვეყნა. როგორც სტატიაშია აღნიშნული, „მედიაპალიტრა“ ბიზნესორგანიზაციაა და შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობა ჰქონდა, აქვს და ექნება. თუმცა, შემოსავლების სამსახურის "მედიაპლიტრაში" შესვლა საზოგადოებამ მტკივნეულად აღიქვა და ცუდი ასოციაციები გაუჩნდა. ეჭვების საფუძველი შემოსავლების სამსახურის „მედიაპალიტრის“ 6 ობიექტში ერთდროულად გამოჩენა გახდა.


შპს „კოლორს“, პრესის გავრცელების სამსახურს - შპს „ელვა სერვისს“, შპს GEP-ს, მაღაზიათა ქსელ შპს „ბიბლუსს“, შპს „პოლიგრაფიულ მასალებს“, და შპს „პალიტრას“ სხვადასხვა პროფილი აქვთ, სხვადასხვა დროს არიან რეგისტრირებული, დამოუკიდებელი მენეჯმენტი ჰყავთ და დამოუკიდებელი საბანკო ანგარიშები აქვთ. ანუ ეს 6 ერთმანეთისგან დამოუკიდებელ შპს-ა, რომელთაც ის აერთიანებთ, რომ დამფუძნებლები ჰყავთ ერთი. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ეს გეგმური შემოწმებაა და არა - გადაუდებელი, როცა ამა თუ იმ კომპანიაში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შედიან ხოლმე. ოფიციალური ინფორმაციით, გეგმურ შემოწმებაზე გადაწყვეტილებას კომპიუტერული სისტემა იღებს. უფრო ზუსტად, კომპიუტერი აჩვენებს ე.წ. რისკ-კომპანიებს, შემდეგ კი, უკვე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია, დაიწყებენ თუ არა შესაბამის პროცედურებს“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის მიხედვით, აქ რომ საქმე კომპიუტერულ სისტემასთან გვაქვს და არა - ადამიანების გადაწყვეტილებასთან, საზოგადოების დიდ ნაწილს ეჭვი ეპარება და სწორედ ამიტომაც იყო განგაშის ზარები 7, 8, 9 ივნისს და მომდევნო დღეებში.

მაგალითად, სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს „მედიაპალიტრის“ 6 ობიექტის ერთდროულად შემოწმებასთან დაკავშირებით ეჭვები საფუძვლიანად მიაჩნია. „არ მინდა ვიფიქრო, რომ შემოწმება 26 მაისის მოვლენების გაშუქებასთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

ომბუდსმენი გამონაკლისი არ არის - შემოსავლების სამსახურის „მედიაპალიტრაში“ შესვლა 26 მაისის მოვლენებს საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმაც დაუკავშირეს.

„არადა, 25-26 მაისს „მედიაპალიტრა“ მუშაობდა ისე, როგორც ყოველთვის - გადასცემდა, აჩვენებდა და ბეჭდავდა მხოლოდ ფაქტებს. შესაძლოა, იმ ღამის მოვლენებმა მართლაც დააჩქარა „მედიაპალიტრის“ მასობრივი შემოწმება, თუმცა, საყურადღებოა, ერთი ტენდენცია - ბოლო პერიოდში „მედიაპალიტრის“ გავლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ ის ადრე მხოლოდ ბეჭდურ მედიაში იყო ანგარიშგასაწევი ძალა, ახლა უკვე ინტერნეტპორტალები, რადიო, საინფორმაციო სააგენტო და ინტერნეტტელევიზიაც დაემატა - ყველა მათგანი კი, თავის სფეროში, მოწინავე პოზიციებზეა“,- აღნიშნულია სტატიაში.

ამასთან, ზემოხსენებული შპს-ები, სხვა სტრუქტურებთან ერთობლიობაში, ქმნიან „მედიაპალიტრის“ ფინანსურ მდგრადობას, ანუ იმას, რომ 1000-ზე მეტმა თანამშრომელმა ხელფასი აიღოს და შესაბამისად - მკითხველმა, მსმენელმა თუ მაყურებელმა ოპერატიული და ობიექტური ინფორმაცია მიიღოს. საზოგადოებას გაუჩნდა ეჭვი, რომ ამ ფინანსური მდგრადობის დარღვევით და მაკონტროლებლების სხვადასხვა ბერკეტების გამოყენებით „მედიაპალიტრის“ დასუსტებასა და მასზე გავლენის მოპოვებას ცდილობენ. სწორედ ამიტომაც გაავრცელეს საზოგადოების წარმომადგენლებმა განცხადებები, რომლებშიც ზემოხსენებულ ეჭვებს გამოთქვამდნენ და სწორედ ამიტომაც გამართეს სოლიდარობის აქცია.

„მოკლედ, ეჭვები რჩება, რომლებიც ან გაქარწყლდება, ან დადასტურდება. შესაბამისად, იმასაც ვნახავთ, თუ როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, თორემ ქართველი საზოგადოება რომ შედგა, უკვე გამოჩნდა ამ სოლიდარობის აქციებითაც“, - აღნიშნავს გამოცემა.

ახალი ამბები