კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპარლამენტო უმრავლესობამ შეკრებებისა და მანიფესტაციებისათვის ახალი აკრძალვები გამოიგონა

15 ივნისი, 2011

ალექსი ბეჟანიშვილი

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში რამდენიმე ცვლილება შედის. ცვლილებებიდან ჩანს, რომ მათი ავტორები მაისის საპროტესტო აქციებმა ააღელვა, რის შემდეგაც სახელდახელოდ მოიფიქრეს შეზღუდვები მომიტინგეებისთვის და მანიფესტანტებისთვის.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ფართოვდება მანიფესტაციის გამართვის დროისა და ადგილის გადახედვის საფუძველი.

მოქმედი კანონმდებლობით, საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად, ადგილობრივი მმართველობის ორგანო უფლებამოსილია, გაფრთხილების მიღების შემდეგ, სამი დღის განმავლობაში, გაფრთხილებაზე პასუხისმგებელი პირების თანდასწრებით, განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილისა და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით გადასცეს მათ რეკომენდაცია ამის შესახებ. ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ აქცია რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას და აქციის ჩატარება დაგეგმილია აკრძალულ ადგილებში.

კანონპროექტით კი, ამ ჩამონათვალს კიდევ ემატება ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვით, მანიფესტაციის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გადაიხედოს იმ შემთხვევაშიც, როცა იმავე ადგილზე სხვა ისეთი აქციის ჩატარებაა დაგეგმილი, რაზეც თვითმმართველობა უფრო ადრე იყო გაფრთხილებული.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აქამდე შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვის რეგულირებაში, ადგილობრივი მმართველობის ორგანო იყო ჩართული, რაც საქართველოს დედაქალაქის შემთხვევაში, თბილისის მერიას გულისხმობს.

კანონპროექტით კი ეს უფლებამოსილება თვითმმართველობაზე, კერძოდ კი საკრებულოზე გადადის.

შესაბამისად, მანიფესტაციის გამართვის შესახებ შეტყობინება და შემდეგ მისი რეგულაციას უკვე არა მერიის, არამედ საკრებულოს პრეროგატივა იქნება.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების პასუხად

აქციებისა და მანიფესტაციების ჩატარებისას 20-მეტრიანი რადიუსის შეზღუდვა, კანონმდებლობაში ნაწილობრივ ბრუნდება.

კანონის ძველი რედაქციით, აკრძალული იყო შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება შემდეგ შენობების შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში: საქართველოს პარლამენტი; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლო, საერთო სასამართლოები, პროკურატურის, პოლიციის, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები და სამართალდამცველი ორგანოები; სამხედრო ნაწილები და ობიექტები; რკინიგზის სადგურები, აეროპორტები, პორტები; საავადმყოფოები; დიპლომატიური დაწესებულებები; სამთავრობო დაწესებულებები; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; შრომის უსაფრთხოების სპეციალური რეჟიმის ან შეიარაღებული დაცვის მქონე საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.

2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმები, რომლებიც კრძალავდა შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას ზოგიერთ დაწესებულებასა და ადმინისტრაციული ორგანოს, მათ შორის სასამართლოს შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება, რომ ასეთი სახის აკრძალვა კონსტიტუციას არ შეესაბამება, ვინაიდან რიგ შემთხვევებში იგი შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. ამავე დროს, სასამართლომ აღნიშნა, რომ შეკრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს, როცა იგი ხელს უშლის დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას ან, როცა შეზღუდვა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებით არის განპირობებული.

პარლამენტში ახლახან ინიცირებული კანონპროექტით დგინდება, რომ აკრძალული იქნება შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება შემდეგ შენობებში და მათი შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საერთო სასამართლოები, პროკურატურის, პოლიციის, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები და სამართალდამცველი ორგანოები. ასევე, რკინიგზის სადგურებთან, აეროპორტებთან და პორტებთან.

ამას გარდა, აკრძალული იქნება შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება სამხედრო ნაწილებში და ობიექტებში და მათი შესასვლელიდან 100 მეტრის რადიუსში.

ამას გარდა, შემოდის ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვით საერთოდ აკრძალული იქნება შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას ავტომაგისტრალების და რკინიგზის ბლოკირება. შენობის შესასვლელების ბლოკირების აკრძალვა კი კანონის მოქმედ რედაქციაშიც არის.

ასევე, დგინდება, რომ ადმინისტრაციული ორგანო, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც იმართება მანიფესტაცია, უფლებამოსილია, განსაზღვროს შეკრების ჩატარების ადგილი შენობის შესასვლელიდან, მაგრამ არა უმეტეს 20 მეტრის დაშორებით.

ადმინისტრაციული ორგანო ამ გადაწყვეტილებას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არსებული გარემოების და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით იღებს.

საინტერესოა კიდევ ერთი ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს, შეკრებასა და მანიფესტაციებზე პასუხისმგებლობა, კვლავ აეკრძალებათ.

„შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის ძველ რედაქციაში ნათქვამი იყო, რომ მანიფესტაციის პასუხისმგებელი პირები არ შეიძლება ყოფილიყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 18 აპრილს გამოტანილი გადაწყვეტილებით, მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებით შეზღუდვა გაუქმა.

თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული პროქტის მიხედვით, კანონში შეზღუდვა და შესაბამისად, კანონის ძველი რედაქცია ბრუნდება.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, კანონპროექტში კვლავ ცალსახად წერია, რომ მანიფესტაციაზე პასუხისმგებელი პირები არ შეიძლება იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი, აგრეთვე - საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები.

სხვა შეზღუდვები და აკრძალვები

კანონპროექტის მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის პარალელურად, ადგილობრივი მოსახლეობისა და მოვაჭრეების უფლებების დაცვაც სავალდებულო იქნება. კერძოდ, მათი უფლებების დაცვა სავალდებულო „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტით ხდება და მას შესაბამისი პრიმა მუხლი ემატება.

კანონპროექტით დგინდება, რომ შესაბამისი ორგანო ვალდებულია, დაიცვას ბალანსი შეკრების თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, ვინც ცხოვრობს, მუშაობს, ვაჭრობს და აქვს ბიზნესი იმ ადგილებში, სადაც შეკრება მიმდინარეობს.

კანონში ცალსახად ჩაიწერება, რომ ამ პირებს ხელი არ უნდა შეეშალოთ, რათა განაგრძონ თავიანთი საქმიანობა. ამ მიზნით შეიძლება დაწესდეს დროისა და ადგილის შეზღუდვა და მოხდეს ალტერნატიული ვარიანტების შეთავაზება.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ახალი ცვლილების მიხედვით, ასევე, საპროტესტო აქციის მონაწილეებს ძეგლებისადმი ფრთხილი დამოკიდებულება მოუწევთ.

კანონპროექტის თანახმად, დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის მიმდინარეობისას ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურული ან სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობის, ძეგლის ან მემორიალის ვიზუალური მხარის დამახინჯება, დაზიანება ან მათ მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება.

აქციის მონაწილეების მიერ ალკოჰოლის მასობრივი გამოყენება მისი დაშლის მიზეზი გახდება.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში ცვლილებების პროექტით ასევე დგინდება, რომ თუ აქციის მსვლელობისას მასობრივად აქვს ადგილი იმ გარემოებას, რომ მონაწილეებს აქვთ ისეთი საგნები ან ნივთიერებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ან შეუძლია, შეუქმნას შეკრების ან მანიფესტაციის სხვა მონაწილეებს ან სხვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას; ასევე, თუ აქვთ ცრემლსადენი, ნერვულ–პარალიტიკური მოქმედების და მომწამვლელი ნივთიერებანი ან ალკოჰოლიანი სასმელები, შეკრება და მანიფესტაცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მოთხოვნისთანავე.

თუ მანიფესტაცია არ შეწყდა, კანონპროექტში ცალსახად წერია, რომ „სამართალდამცავი ორგანოები შეკრების ან მანიფესტაციის მსვლელობის შესაწყვეტად და მის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ზომებს“. აქციის დაშლა იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ აქციის პასუხისმგებელმა პირებმა აქციის მონაწილეების მიერ დარღვევების აღმოფხვრა გაფრთხილებიდან 15 წუთში ვერ შეძლეს.

ოპოზიციის შეფასება

კანონპროექტის ავტორები არიან ლეგენდარული დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობიდან: პავლე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, კახა ანჯაფარიძე და აკაკი მინაშვილი. უახლესმა ისტორიამ აჩვენა, რომ სწორედ ეს დეპუტატები გამოირჩევიან განსაკუთრებული გამომგონებლური ფანტაზიებით, უფრო მეტად კი - იმ პერიოდში, როცა ქვეყანაში საპროტესტო აქციები მატულობს და ხელისუფლებას კანონი საშუალებას არ აძლევს, წინ აღუდგეს მასობრივ გამოსვლებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას ოპოზიცია უარყოფითად აფასებს. ცვლილებებს ერთ-ერთი პირველი პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ გამოეხმაურა. ამ პარტიის წევრი დეპუტატის, გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაცია ახდენს.

როგორც ცაგარეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტით, საპარლამენტო უმრავლესობამ, საკონსტიტუციო სასამართლოს, ფაქტობრივად, თავზე გადაახია ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილება.

„ამ ყველაფრის შემდეგ, პავლე კუბლაშვილის ლოგიკური ნაბიჯი იქნება, საკონსტიტუციო სასამართლოს საერთოდ გაუქმება“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

„2009 წლის აქციებს ხელისუფლებამ სასწრაფოდ მოაყოლა კანონის გამკაცრება, ახლაც, მაისის აქციების შემდეგ, ასეთი ნაბიჯი მოსალოდნელი იყო“, - დასძინა დეპუტატმა.

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იზორიამ სპეციალურად ამ თემაზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაგეგმული ცვლილებები არის მორიგი უპასუხისმგებლობა, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს კონსტიტუციური კონტროლის, სამართლის უზენაესობისა და სამართლებრივი კულტურის არსებობას.

მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას, არაკვალიფიციურობასა და ცინიზმს, რამდენადაც განმარტებით ბარათში სრულიად საწინააღმდეგო არის განმარტებული, რომ თითქოს ამ ცვლილებებით უნდა ასახულიყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები კანონმდებლობაში, მაგრამ ინიციატივა სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს.

ახალი ამბები