რუსეთმა და საფრანგეთმა „მისტრალის“ ტიპის ოთხი ვერტმფრენმზიდის შესყიდვაზე კონტრაქტი გააფორმეს. ამის შესახებ „კომერსანტი“ იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, პირველი ორი ხომალდი საფრანგეთში აიგება და რუსეთს 1.2 მლრდ. ევრო დაუჯდება.
„როსობორონექსპორტსა“ და ფრანგულ კორპორაცია DCNS-ს შორის შეთანხმება პარიზში, 10 ივნისს გაფორმდა. შეთანხმების პირობების მიხედვით, ხომალდები აღჭურვილი იქნება ტაქტიკური ინფორმაციის საზღვაო საექსპლუატაციო სისტემით (SENIT-9). ამასთან, შეთანხმება რუსეთისთვის ტექნოლოგიების გადაცემას არ ითვალისწინებს.
ფრანგული გამოცემა La Tribune წერს, რომ პირველი ორი ხომალდი საფრანგეთის დასავლეთში, სენ ნაზერის პორტში აიგება, ხოლო დანარჩენი ორი - რუსეთში. რუსეთში ხომალდებს გაერთიანებული გემთსაშენი კორპორაცია ააგებს.
21 ივნისს პარიზში რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ჩავა, რომელიც კონტრაქტს საბოლოოდ მოაწერს ხელს.
რუსეთის მიერ „მისტრალის“ შეძენის შესახებ საფრანგეთთან მოლაპარაკებები თითქმის 2 წელი გრძელდებოდა. პირველად გარიგების შესახებ 2009 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. 2010 წლის 2 მარტიდან ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა მხარეების უთანხმოების გამო მოლაპარაკებები არაერთხელ გადაიდო. ერთ-ერთი საკამათო საკითხი კონტრაქტის ღირებულება იყო.
ინტერპრესნიუსი