კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზვიად ხარებავას სტრასბურგის იმედი დარჩა

23 ივნისი, 2011

ალექსი ბეჟანიშვილი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდებულ ზვიად ხარებავას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზვიად ხარებავას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

ამ მიზეზით, უზენაესი სასამართლოს აზრით, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნას დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია - საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

„საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოთ აღნიშნული საფუძველი. უზენაეს სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შესწავლის დროს, მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას დაშვებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევები. უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა, ასახულია ამ კატეგორიის საქმეებზე უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1 სექტემბრის განაჩენით, ზვიად ხარებავა ცნობილ  იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა ხარებავასა და მასთან დაკავშირებული ჯგუფის წევრების მიერ თაღლითობის ჩადენაში, კერძოდ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინაღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა.

თაღლითობის ფაქტი მდინარე რიონზე ნამახვანჰესის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე შეფასებითი ანგარიშის მომზადება-დამტკიცებას შეეხებოდა, რომელიც ჯგუფის წევრებს კონკრეტული თანხის სანაცვლოდ უნდა მოეგვარებინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ზვიად ხარებავას მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით, მასვე 3 წლის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება.

სასამართლოს ინფორმაციით, მსჯავრდებულის ადვოკატმა, ჯერ სააპელაციო სასამართლოში, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ განაჩენის უცვლელად დატოვების შემდეგ, საკასაციო საჩივარი უზენაეს სასამართლოში შეიტანა, თუმცა საჩივარი მოსამართლეებმა დაუშვებლად ცნეს.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ზვიად ხარებავასთვის 17 წლით თავისუფლების აღკვეთა უკავშირდება მის წარსულ საქმიანობას. კერძოდ 2004-07 წლებში იგი იყო პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში. ზურაბ ნოღაიდელი ამჟამად ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია და როგორც ჩანს, ძალოვანი უწყებები ცდილობენ მის წინააღმდეგ აღძრან სისხლის სამართლის საქმე.

ზვიად ხარებავას ოჯახი აპირებს, ყველა ინსტანციის სასამართლოს ამოწურვის შემდეგ სარჩელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.

ზვიად ხარებავას შესახებ სხვა სტატიები:

ზვიად ხარებავას საქმეზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა საგანგებო პრესკონფერენცია მოაწყო

 

 

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა პოლიტპატიმარ ზვიად ხარებავას საქმესთან დაკავშირებით

 

 

 

 

ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის ყოფილი მრჩეველი ციხეში 17 წელს გაატარებს

 

 

 

ზვიად ხარებავა - პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი

 

 

ახალი ამბები