კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლო მერაბ ქათამაძის საქმეს არ იხილავს

24 ივნისი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

რესპუბლიკური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს, ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილ კანდიდატს მერაბ ქათამაძეს პროკურატურა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვასა და ტარებაში ადანაშაულებს. ქათამაძეს მეორე წელია გირაო აქვს შეფარდებული. ერთი წელია საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოშია გადაგზავნილი, თუმცა მისი განხილვა ამ დრომდე არ დაუწყიათ.

„2009 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, რესპუბლიკური პარტიის ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან (გრიბოედოვის 13) გამიტაცეს და მიმიყვანეს შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, სადაც სისხლის სამართლის საქმე შეთითხნეს“, - აღნიშნავს მერაბ ქათამაძე, - „ჯერ ავტოავარიაში დამადანაშაულეს, შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში, საბოლოოდ კი ბრალი დამიმძიმეს და მომიყენეს სსკ 236 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილი – ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება - პროკურორი თენგიზ ხარებავა იყო. საქმეზე ერთადერთი მტკიცებულება პოლიციელების (შსს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები: ირაკლი აბაშიძე, ელიზბარ ნეფარიძე, ირაკლი ჯიქურაშვილი, გიორგი დარჯანია, ნიკოლოზ კვარაცხელია) ჩვენებები და ამოღებული იარაღია, რომელიც დღემდე არ მინახავს და რომელზეც დაქტილოსკოპიური ექსპერტიზაც კი არ ჩატარებულა. ერთი დღე წინასწარი დაკავების იზოლატორში მაყურყუტეს, ერთიც - გლდანის ციხეზე. მე ბრალი არ ვაღიარე. 2009 წლის 29 ივნისს, მოსამართლე მილერი ხარებავამ აღკვეთის ღონისძიებად 5000-ლარიანი გირაო შემიფარდა“.

მისივე თქმით, ერთი წლის განმავლობაში საქმე ოთხ გამომძიებელს დააწერეს: „არცერთმა გამომძიებელმა არათუ რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, ზოგიერთს არც კი შევხვედრივარ. მოწმე-პოლიციელებისგან ზოგიერთი დააწინაურეს, ზოგი სხვაგან გადაიყვანეს, ზოგიც საერთოდ გაუშვეს პოლიციიდან. 2010 წლის 20 ივნისს შემატყობინეს, რომ საქმეს სასამართლოში აგზავნიან. ცხადია, რომ მე არც ამჯერად ვაღიარებ ბრალს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე? სრულიად ნათელია, რომ იგი პოლიციელებს არ გაამტყუნებს - ამაზე საუბარიც არაა. მაშასადამე მოსამართლე მცნობს დამნაშავედ - ესეც ნათელია“.

კითხვაზე, ერთი წლის განმავლობაში რატომ არ დაიწყო სასამართლომ მერაბ ქათამაძის მიმართ საქმის განხილვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ქეთი ბასილაშვილმა განაცხადა: „ასეთი ტიპის ინფორმაციის გაცემა პრესსამსახურის ფუნქციებში არ შედის. ამაზე უნდა დაწეროთ წერილობითი განცხადება და სასამართლოს უნდა მომართოთ“.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მერაბ ქათამაძე კონკურენციას საპარლამენტო უმრავლესობის ამჟამინდელ ლიდერს პეტრე ცისკარიშვილს უწევდა. ქათამაძე 2009 წლის გაზაფხულზე ოპოზიციის მიერ მოწყობილ საპროტესტო აქციებშიც აქტიურად მონაწილეობდა. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მერაბ ქათამაძე პოლიტპატიმართა სიაშია შეყვანილი.

ახალი ამბები