კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღის პოლიციის უფროსმა მოქალაქე ცემა

24 ივნისი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

სიღნაღის პოლიციის უფროსმა ზაზა მაზიაშვილმა და პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, მოქალაქე სოსო ჯავახიშვილი ცემეს. ინციდენტი 18 ივნისს, სიღნაღში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მოხდა. ცემის შემდეგ სამართალდამცავებმა სოსო ჯავახიშვილი დააკავეს, სასამართლომ კი მას ჯარიმა შეუფარდა. ჯავახიშვილს სხეულის დაზიანებები აქვს მიღებული და მკურნალობას სახლში გადის.

თვითმხილველების თქმით, სოსო ჯავახიშვილი სარაჯიშვილის ქუჩაზე მანქანით იყო გაჩერებული. „მანქანიდან გადმოვიდა და მაღაზიაში შედიოდა. ამ დროს პოლიციელებმა გამოიარეს და უთხრეს, მანქანა აქ რატომ დგასო. სოსომ უპასუხა, მაღაზიაში ნაყინს ვიყიდი და ახლავე გავიყვანო. გადმოვიდნენ და ცემა დაუწყეს. მიწაზე დააგდეს და წიხლებით შედგნენ. პოლიციის თანამშრომლები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ცემის დროს თან უცენზურო სიტყვებით იგინებოდნენ. ყველაზე აგრესიული პოლიციის უფროსი იყო. ცემის შემდეგ სოსო პოლიცის მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს“, - აღნიშნეს თვითმხილველებმა.

ინციდენტში სიღნაღის პოლიციის უფროსიც რომ მონაწილეობდა, ამას სიღნაღის რაიონში მომუშავე ადვოკატი თენგიზ ბეჟაშვილიც ადასტურებს. „მეც თვითმხილველებისგან ვიცი, რომ პოლიციის უფროსი ზაზა მაზიაშვილი თვითონ ურტყამდა სრულიად უდანაშაულო მოქალაქეს. კაცი უმიზეზოდ ცემეს და მერე ჯარიმა შეუფარდეს“, - ამბობს ბეჟაშვილი.

დაკავებულს სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ჯარიმა შუფარდა.

სოსო ჯავახიშვილი მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. კომენტარი არც სიღნაღის პოლიციაში გააკეთეს.

მომხდართან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება დაწყებული არ არის.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სიღნაღის რაიონში პოლიციის თანამშრომლები ქუჩაში მოქალაქეებს სასტიკად ცემენ.

სიღნაღის პოლიციის თანამშრომლებმა - ლევან ხარატიშვილმა და ოთარ თოფჩიშვილმა ქალაქ წნორში მცხოვრები 23 წლის გურამ გურამის ძე ბაგალიშვილი სასტიკად ცემეს. ინციდენტი 2010 წლის 1 იანვარს მოხდა. ბაგალიშვილს ცეცხლსასროლი იარაღი ჩარტყმით თავი სამ ადგილას გაუტეხეს. უგონო მდგომარეობაში მყოფი ბაგალიშვილის ცემას თავდამსხმელები წიხლებით და იარაღით მანამ აგრძელებდნენ, სანამ მომხდარის თვითმხილველმა დახმარებისათვის ოჯახის წევრებს არ უხმო. დაზარალებულს ასევე აღენიშნებოდა დაჟეჟილობები მარჯვენა თვალბუდისა და თხემის არეში. არსებობს ყველა მტკიცებულება, რითაც დასტურდება, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ხულიგნობას, ცემას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, თუმცა პოლიციის თანამშრომლები რამდენიმე თვის განმავლობაში არ დააკავეს, მოგვიანებით კი საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს.

მანამდე, სიღნაღის პოლიციის უფროსის მოადგილემ ოთარ დიღმელაშვილმა მოქალაქე გელა კუტიბაშვილი ისე ცემა, რომ მას 12 კბილი და ყბის ძვალი ჩაუმტვრია, რის შემდეგაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა. კუტიბაშვილის არაერთი საჩივრის მიუხედავად, დიღმელაშვილი დააწინაურეს და რაიონული სამმართველოდან სამუშაოდ შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.

ახალი ამბები