კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

I ჯგუფის ინვალიდს ერთადერთი შემოსავლის - პენსიის დაყადაღება ემუქრება

27 ივნისი, 2011

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ბათუმში, ე.წ. აფხაზთა უბანში ჯუმბერ აშლარბას ოჯახს ყველა მიგასწავლით. დაჟანგულ ჭიშკარს ძველი ორსართულიანი სახლის  ეზოში შევყავართ. სახლის კედლები არასდროს შეღებილა. უფრო მეტიც - არ შელესილა. სახლის პირველი სართულზე, ორ ოთახში I ჯგუფის ინვალიდი, შრომისუუნარო ჯუმბერ აშლარბა თავის ოთხწევრიან ოჯახთან ერთად მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მისვლისას ოჯახის დიასახლისი მარინე აშლარბა პირველ ოთახში წიწილების საკვებს ამზადებდა. ეს ოთახი ოჯახის სამზარეულოცაა. ხოლო მეორე ოთახში ჯუმბერ აშლარბა ისვენებდა საწოლზე, რომელსაც I ჯგუფის ინვალიდისთვის დივნის დანიშნულებაც აქვს. დროებით თავისუფალი იყო მისი ინვალიდის სავარძელიც.

ჯუმბერ აშლარბას 20 წელზე მეტია დიაბეტი აქვს. 2009 წელს კი, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მარცხენა ფეხის ამპუტაციის ოპერაცია გაუკეთეს. როგორც ოჯახის დიასახლისი, მარინა აშლარბა გვეუბნება, იმ პერიოდში მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 57 070-ს შეადგენდა: “ჩვენ სამედიცინო პოლისი კი გვქონდა, მაგრამ ჯუმბერი კომპიუტერიდან ამოვარდნილიაო - მითხრეს სადაზღვევო კომპანია “იმედი ლ”-ში. ასე რატომ იყო, მე არ ვიცი. ექიმებმა გვითხრეს, რომ ოპერაცია აუცილებლად გასაკეთებელი იყო. იმ პერიოდში ჩვენთვის არ უთქვამთ, რომ თანხა უნდა გადაგვეხადა. ახლა თანხას გვთხოვენ. სად ვიშოვოთ ჩვენ ამდენი თანხა?!”

“განგრენა მქონდა და ფეხის ოპერაცია აუცილებლად იყო გასაკეთებელი. რომ არ მქონდა საშუალება, ვერ ვიკეთებდი... ოპერაციიდან ამ დროის შემდეგ მითხრეს, რომ გადასახადია 1 300 ლარი, ახლა პროცენტით _ 1 830 ლარიაო”, _ საუბარში ჯუმბერ აშლარბაც ჩაერთო.

აშლარბა დღესაც მკურნალობს. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დიალეზს იკეთებს. ეს სამედიცინო მომსახურება მისთვის 60 % უფასოა, ხოლო დანარჩენს პენსიიდან ფარავს.
 
როგორც აშლარბები ამბობენ, საავადმყოფოდან თანხის გადახდასთან დაკავშირებით მათთან შეტყობინება მისულა. “ფურცელი როცა მოვიდა,  გამოვცხადდი საავადმყოფოში. იქ მითხრეს, რომ ფურცელი შეცდომით იყო მოსული ჩვენთან. ახლა სააღსრულებო ბიუროდან მოვიდნენ და თანხას ითხოვენ. ისიც მითხრეს - სახლს დააყადაღებენ და თანხას პენსიიდან მაინც ამოიღებენო”.

პენსია, რომელსაც ჯუმბერ აშლარბა თავისი დაავადებებისა და I ჯგუფის ინვალიდობის გამო იღებს, 80 ლარს შეადგენს: “მთელი ოჯახი ჩემს 80 ლარიან პენსიაზეა დამოკიდებული. ორი შვილი ფვყავს - 17 და 18 წლის გოგონები. ხშირად სხვა სახის დაავადებების გამო, დამატებით მკურნალობაც მიწევს: ერთი კვირაა, ქრონიკული ფილტვების ანთების გამო საავადმყოფოში ვიწექი,  ფილტვებში წყალი მიდგება. თუკი ამ პენსიასაც ამპუტაციის ოპერაციის თანხაში წამართმევს საავადმყოფო, ჩემი ოჯახი საერთოდ ლუკმაპურის გარეშე რჩება”. 

აშლარბები სოციალური შემწეობის ფულად დახმარებას ვერ იღებენ. სოციალურმა აგენტმა მათ ოჯახს თავდაპირველად 57 070 ქულა, ხოლო 2009 წლის ოქტომბერში _ 66 300 ქულა მიანიჭა: “57 070 ქულა მაშინ გვქონდა, როცა მხოლოდ ტერფი არ ქონდა ჩემს მეუღლეს. იმ ფეხით გადაადგილება მაინც შეეძლო და წყალს მაინც ისხამდა თვითონ დასალევად. უფრო უარესად რომ გახდა, ბარძაყთან როცა მოკვეთეს ფეხი და ინვალიდის სკამსა თუ საწოლს როცა მიეჯაჭვა, ჩვენი სოციალური მდგომარეობაც უფრო დამძიმდა და მეტი ხარჯი დაგვჭირდა, მაშინ სოციალური სააგენტოს მიერ აღწერის ქულები უფრო გაიზარდა და 66 300-ია. რამდენიმე დღის წინ იყვნენ თავიდან მოსულები და ახალი შედეგით უფრო მაღალი ქულა რომ იყოს, არ გამიკვირდება. თუკი წინა შემთხვევაში სიდუხჭირის გამწვავების მიუხედავად, ქულა გაიზარდა, ალბათ, ახლაც იგივე იქნება”.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ჯანდაცვის ომბუდსმენს, ანზორ ბალაძეს დაუკავშირდა. ბალაძის განცხადებით, დემოგრაფიული ცვლილების გარეშე, თუკი ოჯახს სადაზღვევო პოლისი გააჩნდა, მაშინ მის ყველა წევრს ჰქონდა მისით სარგებლობის უფლება.

თუ რატომ მოხდა არშლარბების ოჯახის ერთ-ერთი წევრი დაზღვევის პოლისის მიღმა, ცენტრმა სადაზღვევო კომპანია “იმედი ლ”-თან სცადა გარკვევა. თუმცა, კომპანიის ბათუმის ფილიალმა კომენტარზე უარი თბილისის სათაო ოფისში გადამისამართებით გაგვიცხადა.

მარინე აშლარბას განცხადებით, მათ არც სასამართლო უწყება ჩაბარებიათ მათი საქმის განხილვასთან დაკავშირებით და არც სასამართლო გადაწყვეტილება. ხოლო ქალაქ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, მინდია ნაკაშიძის განცხადებით, მათ სასამართლოს იმიტომ მიმართეს, რომ საავადმყოფოს თავისი მომსახურეობის საფასური მიღებული არ ჰქონდა: “იმ პერიოდში სადაზღვევო პოლისი არ ჰქონდა მაგ ოჯახს. შესაძლებელია, ქულა ჰქონდა, მაგრამ პოლისს შემდეგ მიიღებდა. ხოლო პოლისამდე გაკეთებულ ოპერაციაზე ის პოლისი არ ვრცელდება. ეს სამედიცინო დაწესებულებაა. ხოლო ეგ პიროვნება გამორჩენილი იყო თუ არა იმ პოლისში, ჩვენი გასარკვევი არაა. შესაძლებელია, იყო საუბარი, რომ ეგ პაციენტი დაფარავდა გადასახადს და საავადმყოფომ გაუკეთა ოპერაცია. შემდეგ კი გადამოწმდა და რომ არ ჰქონდა დაფარული, ამიტომ მოვითხოვეთ საქმის სასამართლოზე გადაცემა”.

ჯუმბერ აშლარბასთან სააღსრულებო ბიუროდან აღმასრულებლები უკვე მივიდნენ და გააფრთხილეს, რომ პროცენტიანი დავალიანების გადასახდელად ორი თვის ვადა აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი პენსიიდან გარკვეული ოდენობის თანხა დაიქვითება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი აჭარის სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელს, მირიან ხარაბაძესაც დაუკავშირდა. ხარაბაძემ  კომენტარზე უარი იმ მიზეზის გამო გვითხრა, რომ 18 ათასი საქმე აქვს წარმოებაში და კონკრეტულად ამ საქმისთვის დრო არ აქვს: “იუსტიციის სახლში გადავედით, რეფორმის პროცესში ვართ და ვერც რამდენიმე საათში დაგპირდებით კომენტარის გაკეთებას. მოგვწერეთ წერილობით და მიიღებთ პასუხს”.

ახალი ამბები