კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს-ს მტკიცებით, ირაკლი ოქრუაშვილი ცხინვალიდან შემოსვლას აპირებდა

28 ივნისი, 2011

ალექსი ბეჟანიშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა, რომლის რამდენიმე წევრიც დაკავშირებულია „ქართულ პარტიასთან“.

როგორც 23 ივნისს შსს-ში ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე დეტექტივმა გიორგი ბუხრაშვილმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს ოპერატიულ  ვიდეომასალას - ინფორმაციას იმ გეგმების შესახებ, რომელიც დაკავებული ჯგუფის წევრებს მაისის ბოლოსთვის უნდა განეხორციელებინათ. დაკავებულ პირებს ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაიშიფრა სქემა, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო პარიზში მყოფი „ქართული პარტიის“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში შემოსვლა ცხინვალიდან. ამ სქემაში ფიგურირებენ ირაკლი ოქრუაშვილი, ოქრუაშვილის პირადი დაცვის წევრი გიორგი გაბროშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულის რაზმის ყოფილი უფროსი თამაზ ბეგიაშვილი, ასევე შიდა ქართლის სატყეო სამსახურის ყოფილი უფროსი მალხაზ კაკაშვილი. ბეგიაშვილი და კაკაშვილი მიმალვაში არიან.

დაკავებულები არიან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ბონდო კაკაშვილი, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის - მიხეილ ქარელის დაცვის ყოფილი წევრი ზაზა ბეთლემიძე, მიხეილ ქარელის დაცვის ყოფილი უფროსი ხვიჩა მაჭარაშვილი, სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ჯარმელიშვილი, მიმალვაში იმყოფება მიხეილ ქარელის დაცვის ყოფილი წევრი გაბრიელ პავლიაშვილი, მიმალვაში იმყოფებიან ასევე, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი იოსებ გიგუაშვილი, შიდა ქართლის სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი ხვიჩა საბაშვილი.

ასევე დაკავებულები არიან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი შალვა საბაშვილი, თავდაცვის მინისტრის აპარატის ყოფილი უფროსი, „ქართული პარტიის“ რეგიონალური კოორდინატორი ლევან ტერაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი კახა ტერაშვილი, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი გიორგი საათაშვილი.


შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებულები მალხაზ კაკაშვილი, თამაზ ბეგიაშვილი და ხვიჩა საბაშვილი აპრილის ბოლოს, ვლადიკავკაზში ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდნენ. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ აღიარებით ჩვენებაში თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი გიორგი საათაშვილი აცხადებს.

„როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, მალხაზ კაკაშვილის თქმით, აპრილის თვის ბოლოს, თვითონ და თამაზ ბეგიაშვილი გადავიდნენ სოფელ ზემო არცევში, სადაც დახვდათ ყოფილი სამხარეო პოლიციის უფროსი ხვიჩა საბაშვილი, რის მერეც, ორ რუს ოფიცერთან, სამხედრო ფორმაში ჩაცმულები ავტომანქანა „ვილისით“, რომლებიც „ფსბ“-ს მოწმობით სარგებლობდნენ, გადაიყვანა ორჯონიკიძეში", _ აცხადებს საათაშვილი შსს-ს მიერ გავრცელებულ ოპერატიულ ვიდეომასალაში.

მისივე თქმით, აღნიშნული სამი პიროვნება ვლადიკავკაზში, ერთ-ერთ შენობაში შეხვდნენ ირაკლი ოქრუაშვილს. საათაშვილის თქმით, ოქრუაშვილს თან ახლდა ერთი ქართველი და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ორი რუსი.

საათაშვილის ინფორმაციით, ოქრუაშვილმა მათ დაავალა ადმინისტრაციულ საზღვრებზე განლაგებული ქართული პოლიციის საგუშაგოების კოორდინატების დადგენა. საათაშვილის თქმით, კაკაშვილმა, თამაზ ბეგიაშვილმა და ყოფილი ფინანსური პოლიციის თანამშრომელმა, დათო ჯარმელიშვილმა საგუშაგოების კოორდინატები ოქრუაშვილს გადასცეს.

„კაკაშვილის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი აპირებდა 200 რუსი სპეცრაზმელის თანხლებით შემოსვლას, სადაც დახვდებოდა 20-მდე შეიარაღებული ქართული ჯგუფი, რის შემდეგ მათ საგუშაგოების განიარაღება უნდა განეხორციელებინათ. ერთ-ერთ საგუშაგოზე დაგეგმილი იყო შესვლა „ზილის“ მარკის ავტომანქანით. ამის შემდეგ, კაკაშვილის თქმით, აპირებდნენ გორში მდებარე სპეცრაზმის შენობაზე და შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოზე თავდასხმას“, - აცხადებს საათაშვილი.

საათაშვილის აღიარებით, 22 აპრილს მას ტელეფონით დაუკავშირდა კახა ტერაშვილი და უზნაძის 113-ში განთავსებულ „ქართული პარტიის“ ოფისში მისვლა სთხოვა. საათაშვილის თქმით, 22 აპრილს ის მივიდა „ქართული პარტიის“ ოფისში, სადაც კახა ტერაშვილის ძმას, ლევან ტერაშვილს შეხვდა.

„მან მკითხა - მქონდა თუ არა მართვის მოწმობა და შევძლებდი თუ არა "ზილის" მართვას. მე დავთანხმდი ამაზე. ამის შემდეგ მან „ზილის“ საფასური გადმომცა, რომლითაც „ზილი“ უნდა მეყიდა“, - აცხადებს საათაშვილი.

მისივე თქმით, აღნიშნულ „ზილში“ ჩასვამდენ იმ სპეცრაზმელთა ნაწილს, რომლებთან ერთადაც საქართველოში ირაკლი ოქრუაშვილი უნდა შემოსულიყო. „ზილში“ ჩასვამდნენ სპეცრაზმელთა გარკვეულ ნაწილს და მიიყვანდნენ ქართულ საგუშაგომდე მალულად. „ზილი“ წავიყვანე სოფელ ჯარიაშენში, სადაც დამხვდა კახა ტერაშვილი. „ზილი“ სოფლის ერთ-ერთ ეზოში დავაყენეთ, რის შემდეგაც დავბინავდით მიტოვებულ ბინაში“, - აცხადებს საათაშვილი შსს-ს ოპერატიული ვიდეომასალაში.

მისივე თქმით, 22 აპრილის ღამეს, მათთან მივიდნენ მალხაზ კაკაშვილი, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ ქარელის დაცვის წევრები, ხვიჩა მაჭარაშვილი და გია პავლიაშვილი. მათ კიდევ ორი პირი ახლდათ.

შსს-მ გაავრცელა სატელეფონო საუბრებიც. მათგან ერთ-ერთია თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და მალხაზ კაკაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერიც, რომლის შინაარსიც ასეთია:

ოქრუაშვილი - გაუმარჯოს, დალაგდით?

კაკაშვილი - კი, კი

ოქრუაშვილი - დალაგდით, თუ ისე-რა?

კაკაშვილი - არა, არა ერთად ვართ, კარგად ვართ.

ოქრუაშვილი - ყველაფერი წესრიგშია?

კაკაშვილი - კი

ოქრუაშვილი - ხო, „ხარაშო“, კარგი, კარგად.

კაკაშვილი - კარგი, ნახვამდის, გელოდებით. . .


„ქართული პარტიის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარი პარტიის აქტივისტების დაკავებას შსს-ს მიერ ვიდეომასალის გავრცელებამდე გამოეხმაურა.

როგორც სოზარ სუბარმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, 22 ივნისს გამთენიისას სამართალდამცველებმა დააკავეს პარტიის აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ტერაშვილი. მისი ინფორმაციით, ტერაშვილის საცხოვრებელ ბინაში, დაახლოებით 00:00 საათზე პოლიციის  20-მდე შეიარაღებული თანამშრომელი მივიდა, რომლებმაც ტერაშვილს და მის მეუღლეს, ნათია სრესელს გადაადგილება აუკრძალეს. ამის შემდეგ, მათ ბინაში სინათლე გამორთეს და ჩხრეკა დაიწყეს. მოგვიანებით სინათლე აანთეს, აბაზანაში შევიდნენ, საიდანაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გამოიტანეს.

სოზარ სუბარის განცხადებით, როგორც ტერაშვილის მეუღლე განმარტავს, პოლიციელებმა სინათლე შეგნებულად გათიშეს, რათა აბაზანაში ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები შეეტანათ. ამის შემდეგ კი პოლიციელებმა ტერაშვილის სახლიდან წაიღეს სხვადასხვა ნივთები, კერძოდ - კომპიუტერი, ნოუთბუკი და საფულე. პარტიის თავმჯდომარემ იქვე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის სახლში იმყოფებოდა ტერაშვილის ორი მცირეწლოვანი ბავშვი.

მისივე ინფორმაციით, დღესვე გაჩხრიკეს ლევან ტერაშვილის მეგობრის, დავით შიუკაშვილის საცხოვრებელი ბინა, გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში, სადაც სამართალდამცველებმა ასევე ჩადეს ცეცხლსასროლი იარაღი.

„აღსანიშნავია, რომ თავად დავით შიუკაშვილი სარეზერვო სამსახურშია გაწვეული და სენაკში იმყოფება“, - აღნიშნა სუბარმა.

მისი თქმით, ამ ამბებს წინ უძღვოდა ლევან ტერაშვილის ძმის კახაბერ ტერაშვილის დაკავება, რომელიც „ქართული პარტიის“ ორ აქტივისტთან ერთად, 21 ივნისს დააპატიმრეს და მოდულის შენობაში გადაიყვანეს, სადაც განუცხადეს, რომ დაკავებულია ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

სოზარ სუბარის შეფასებით, ხელისუფლებამ რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო და ეს არ არის „ქართული პარტიის“ წინააღმდეგ მიმდინარე ტერორისა და ძალადობის ცალკეული გამოვლინებები. მისივე მტკიცებით, ეს კამპანია ჯერ კიდევ გასულ თვეში, პარტიის მხარდამჭერების მასობრივი დაკავებებით დაიწყო, რომლებსაც სამართალდამცველები აბუჩად იგდებდნენ, დასცინოდნენ მათ პოლიტიკურ მრწამსს და სასტიკად აწამებდნენ.

სოზარ სუბარმა ამის მაგალითად მოიყვანა პარტიის რამდენიმე აქტივისტის დაკავების ფაქტი, კერძოდ, 21 მაისს, რუსთავის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს რუსთავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე გოჩა კაკოიშვილი, 22 მაისს – პარტიის გორის რაიონული ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფის წევრი დავით ჯარმელაშვილი. ამავე დღეს დააკავეს გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახაბერ ერგემლიძე. ყვარელში დააკავეს ყვარლის რაიონული ორგანიზაციის წევრები ზურაბ ასაბაშვილი და ზურაბ იორდანაშვილი. დაკავებულია ასევე ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის აქტივისტი ხვიჩა გამარჯობაძე და სიღნაღის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი მიხეილ მათეშვილი.

„გარდა ამისა, გორის რაიონში დევნას განიცდიან „ქართული პარტიის“ წევრები და მხარდამჭერები, კერძოდ - ციცინო სინაურიძე, ლევან კლდიაშვილი და როლანდ კლდიაშვილი. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს, მიუხედავად იმისა, რომ 70 წლისაა, 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევის დროს, სამართალდამცველები სასტიკად გაუსწორდნენ და ნეკნები ჩაუმტვრიეს. ამჯერად პოლიცია სახლში აკითხავს და მის დაშინებას ცდილობს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

„ინტერპრესნიუსის“ მიხედვით

ახალი ამბები