კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოსო ჯაჭვლიანი ხელისუფლებას სტრასბურგში უჩივლებს

1 ივლისი, 2011

ხათუნა ბახტურიძე, „კვირის პალიტრა“

სოსო ჯაჭვლიანი ხელისუფლებას სტრასბურგში უჩივლებს. ამის შესახებ მან 30 დღიანი პატიმრობისა და შიმშილილობის შემდეგ განაცხადა.

„სპორტული ინტერესისთვის არ მიშიმშილია. ეს იყო უკიდურესი პროტესტი. მსგავსი ფორმა რომ არ მომენახა, გავგიჟდებოდი. ორი-სამი თვეც რომ მოესაჯათ, შანსი არ იყო, რამე მეჭამა... თავისუფლებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ. მეცოდებიან ესენი. არ ვიცი, ვინ არიან, საიდან მოვიდნენ, ან რა ჯიშის არიან?! მე მგონი, გველზე დამყნობილი მორიელები არიან. თუ მალე არ წავლენ, ხალხის რისხვას ვეღარ გაასწრებენ!“ - აღნიშნავს ჯაჭვლიანი.
 
- პირველ რიგში გვითხარით, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია?

- თავს ჯერ ისევ სუსტად ვგრძნობ, გადასხმებს ვიკეთებ. თუმცა, ფიზიკურ მდგომარეობას რა მნიშვნელობა აქვს, გული ისევ ისეთი მაქვს - უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი არ დამიკარგავს.

- რას აპირებთ?

- ჯერ არ ვიცი… გონს რომ მოვალ, მერე გეტყვით. ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო რა იყო, იცით? პატრიარქმა რომ დამლოცა და მომეფერა. იზოლატორიდან გამოვედი თუ არა, ოჯახთან ერთად, უწმინდესისგან შენდობა ვითხოვე და ბოდიში მოვუხადე იმისთვის, რომ მისი თხოვნა ვერ შევასრულე და შიმშილობა ვერ შევწყვიტე. რომ არ მეშიმშილა, სხვა გზა არ იყო, პროტესტი აცილებლად უნდა გამომეხატა.

- პროტესტი რისთვის?

- იმისთვის, რაც მე პოლიციის სამმართველოს ეზოში ვნახე. დამიჯერეთ, იმის ნახვას სიკვდილი მერჩივნა. ეს ლაჩრები ხელებშეკრული ხალხის ცემაში რა კარგად ყოფილან გაწაფულნი! სხვა ხომ მაგათ არაფერი შეუძლიათ?! 26 მაისამდეც ვიცოდი, რა მხოხავ არსებებთან გვქონდა საქმე, მაგრამ დღეს ამათ სინაგვეს ძალიან აუვიდა სუნი. 30 დღე ვიშიმშილე და მაინც იმ საქმეს ვაკეთებთ, რასაც ვაკეთებდით. იცით, ეს რას ნიშნავს? დაემხო „ნაცმთავრობა“, მხოლოდ ლაჩარი მკვლელების ხროვაღა დარჩა, რომლებსაც ეზიზღებათ საქართველო - საკუთარ სამშობლოს მხოლოდ კომერციული ინტერესებისთვის იყენებენ, ფულის მოხვეჭის მეტს არაფერს აკეთებენ.

პროტესტი იმისთვისაც გამოვხატე, რომ უსამართლოდ დამიჭირეს. რატომ დამაკავეს?! კანონი დარვაღვიე?! ხომ გვეუბნებიან, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. სად გაგონილა, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანებს აზრის გამოხატვის გამო აპატიმრებდნენ? თუ თავისუფალი აზრის გამოხატვას გვიკრძალავენ, მაშინ ეს კონსტიტუციაშიც ჩაწერონ... აუცილებლად შევიტან სარჩელს სტრასბურგში.

-ოფიციალური ინფორმაციით, თქვენ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დაგაკავეს...

- მაჩვენონ იმის ფაქტი, ვიდეოჩანაწერი, რომ პოლიციას არ დავემორჩილე.

- მიტინგის დარბევის დროს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაგიწევიათ?

- წინააღმდეგობა როგორ უნდა გამეწია? მუჰამედ ალიც რომ ყოფილიყავი, ხელს ვერ გაანძრევდი. ალყაში მოქცეულებს, ერთი მხრიდან მხუთავ გაზს გვესროდნენ, მეორედან - რეზინის ტყვიებს, მესამედან - წყლის ჭავლი მოგვიშვირეს.

- ამბობენ, სოსომ ორი ხელბორკილი გაწყვიტაო. ეს მართალია?

- კი, ეს სიმწრისგან გავაკეთე. სხვათა შორის, პირადად მე რამდენიმემ გამაფრთხილა, - თავს უშველე, დარბევა იქნებაო. ფეხი არ მომიცვლია. როგორ გავპარულიყავი და ქალები როგორ დამეტოვებინა? რაც იქ მოხდა, ალბათ, ჯერ არსად მომხდარა. ხელისფლება საკუთარ მოქალაქეებს - გაზით მოწამლულ, უსუსურ ქალებს, მოხუცებსა და ბავშვებს სასტიკად გაუსწორდა.

-როდესაც თქვენ იზოლატორში იყავით, ძალიან ბევრი გგულშემატკივრობდათ, თუმცა ისინი ხშირად სვამდნენ ასეთ კითხვას: „სოსოს ბურჯანაძის გვერდით რა უნდოდა?!“

- მე ქართველი ხალხის გვერდით ვიდექი და სიცოცხლის ბოლომდე ვიდგები.

- პოლიტიკური ძალა, რომლის ორგანიზატორობითაც მიტინგი მოეწყო, რუსეთთან კავშირიშია დადანაშაულებული...

- ეს ზღაპრები ენვერ ხოჯას და ჩაუშესკუს მოუყვნენ. ამ ხელისუფლებამ რა ქნა, იცი? ახლა მე რომ მერაბიშვილთან მივიდე და ვუთხრა - ტერაქტის მოწყობა მაქვს ჩაფიქრებული-მეთქი (ღმერთმა დამიფაროს ამისგან) და იმან დამიჭიროს, ხალხი მაინც აღარ დაიჯერებს, რომ ტერაქტის მოწყობას მართლა ვგეგმავდი. ასეა, ბატონებო, ამათმა იმდენი ტყუილი მითხრეს, იმდენი დადგმული სცენარი მაყურებინეს და იმდენ ვიღაცას უძახეს რუსეთის აგენტი, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, რომ ასეთი რაღაცების აღარ მჯერა. ზოგიერთმა „ფარჩაკმა“ მეც მოღალატედ მომნათლა. მე სულ ვამბობ, რომ საქართველოს აგენტი ვარ. ნეტავ, ეს ხელისუფლება ვისი აგენტია? ფაქტია, რომ საქართველოს აგენტები არ არიან, ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ არაფერს აკეთებენ, საკუთარ სამშობლოს ცეცხლი წაუკიდეს და ზედ ხელებს ითბობენ...

- რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ თქვენ იზოლატორში აღმოჩნდით, მაგრამ აქციის არც ერთი ორგანიზატორი არ დაისაჯა?

- ეს იცით რას ნიშვს? რასაც ახლა მეუბნებით, ზუსტად იმას!

- რას გულისხმობთ?

-ხელისუფლებას სწორედ ის ჰქონდა გამიზნული, რომ თქვენ, ჟურნალისტებს, ჩემთვის სწორედ ეგ კითხვა დაგესვათ, მე კი აქციის ორგანიზატორებზე გავბრაზებულიყავი და მელანძღა. არ გამოუვათ ეგ ამბავი. ჩათვალონ, რომ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ვისთანაც ერთხელ დავდექი, ბოლომდე იმასთან ვიდგები, ჩემს თანამოაზრეებს მზაკრული გეგმებით ვერ დამაპირისპირებენ, უმაგათოდაც გავარკვევთ  ურთიერთობას.

ორიგინალი

ახალი ამბები