კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

26 მაისს მანიფესტანტებისათვის მობილური ტელეფონების ჩამორთმევა მათ პირად ცხოვრებაში ჩარევა და მიმოწერის დაცულობის უფლების დარღვევაა

22 ივნისი, 2011

 არასამთავრობო ორგანიზაციების - „საზოგადოებრივი დამცველის“ და „ახალგაზრდები სამართლიანობისათვის“ განცხადება

მიგვაჩნია, რომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების მიმდინარეობისას დაკავებულ პირთათვის მობილური ტელეფონების ჩამორთმევა და შემდგომში არდაბრუნება წარმოადგენს ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევას.

კერძოდ, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამგვარი პრაქტიკა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის (შემდგომში „ევროპული კონვენცია“) მე-8 მუხლითა და ამავე კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით გარანტირებულ პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის დაცულობის უფლებას და საკუთრების უფლებას.

ჩვენ გვსურს, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის დაცულობის უფლების შესაძლო დარღვევის ფაქტზე. გასაგებია, რომ სიცოცხლის უფლების ხელყოფის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, უკანონო დაპატიმრებების, შეკრების თავისუფლების ხელყოფის ფონზე, საზოგადოების ყურადღება ნაკლებად არის მიპყრობილი აღნიშნული პრობლემისაკენ, თუმცა, მიგვაჩნია, რომ პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის დაცულობის უფლების დაცვა უკიდურესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ისეთ პირობებში, როდესაც საჯაროდ დამკვიდრებული კონტროლი თანდათან უკვე ინაცვლებს ხელშეუხებელ, პირადი ავტონომიის სფეროში. შეუძლებელია ადამიანზე ორიენტირებულმა სახელწიფომ იარსებოს პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების უგულვებელყოფის პირობებში.

აღიარებულია და ყველა თანხმდება, რომ პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის დაცულობის უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს, რასაც, რა საკვირველია, ევროპული კონვენციაც აღიარებს. თუმცა ასეთი შეზღუდვა აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს მკაცრად განსაზღვრულ კრიტერიუმებს. ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების საწინააღმდეგოდ, მიგვაჩნია, რომ დაკავებულ და პოლიციის სამმართველოში მიყვანილ პირთათვის მობილური ტელეფონების ჩამორთმევა ყოვლად გაუმართლებელია.

პირველ რიგში, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მობილური ტელეფონები აღჭურვილი არის მრავალი მაღალტექნოლოგიური ფუნქციით, როგორიცაა მულტიმედიის ამოცნობა, ფოტოგრაფირება, ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა, ინტერნეტის წვდომა, სხვადახვა ტიპის მონაცემების, გაგზავნილ და მიღებულ შეტყობინებათა შენახვის დიდი შესაძლებლობები. მობილური ტელეფონები ასევე ხშირ შემთხვევაში გამოიყენება, როგორც დღიური, ჩანაწერების წიგნაკი, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული და საქმიანი დეტალების ჩანიშვნისა და შენახვის საშუალება. მობილურ ტელეფონებს ასევე გააჩნიათ გამავალი და შემომავალი ზარების აღნუსხვის სისტემა, საკონტაქტო პირების მონაცემთა შენახვის შესაძლებლობა. ამ ფუნქციების გათვალისწინებით, შესაძლებელია ითქვას, რომ მობილური ტელეფონი არის არა უბრალოდ საკუთრების უფლებით დაცვის ობიექტი, არამედ მას ასევე სხვა, უფრო სპეციფიკური დატვირთვაც გააჩნია და შესაბამისად, სპეციფიკურ დაცვას საჭიროებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მობილური ტელეფონი არ არის მხოლოდ ნივთი, რომელიც ღირებულია იმ შემთხვევაში, როდესაც მისი საშუალებით ხორციელდება უშუალოდ კომუნიკაცია, არამედ ის ამავდროულად წარმოადგენს პირადი, სამედიცინო, კომერციული და სხვა ტიპის მონაცემების მატარებელს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მასზე უნდა გავრცელდეს ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის დაცულობის უფლება.

საქმეზე პეტრი სალინენი და სხვები ფინეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ განმცხადებლის კომპიუტერიდან ხისტი დისკების ამოღება პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის დაცულობის უფლებაში ჩარევას წარმოადგენდა.  ანალოგიურად, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ 26 მაისს მანიფესტანტებისათვის მობილური ტელეფონების ჩამორთმევა წარმოადგენს მათი პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის დაცულობის უფლების განხორციელებაში ჩარევას. მითუმეტეს, რომ, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, მობილური ტელეფონი წარმოადგენს კომუნიკაციის ისეთ საშუალებას, რომელიც ინახავს კომუნიკაციის დროს გაგზავნილ და მიღებულ ინფორმაციას, მაგალითად, მოკლე ტექსტურ შეტყობინებების სახით. ჩვენ ასევე მიგვაჩნია, რომ ასეთი ინფორმაციის გაცნობა პოლიციის თანამშრომლების მიერ თავისი ეფექტით უთანაბრდება სატელეფონო საუბრის მოსმენასა და ჩაწერას, ვინაიდან პოლიციის თანამშრომელი ამ შემთხვევაშიც იღებს მისთვის საჭირო ინფორმაციას და შეუძლია მოპოვებული მასალის შენახვა. უდაოა, რომ ასეთი სახით, კანონსაწინააღმდეგოდ მოპოვებული მასალა ვერ იქნება გამოყენებული მტკიცებულებად სასამართლოში, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში. აქ გადამწყვეტია ის, რომ პოლიციის თანამშრომელი უკანონო გზით იჭრება პირის პირადი ავტონომიის სფეროში, პირად ცხოვრებაში და იღებს ინფორმაციას, რომელიც სხვაგვარად გამჟღავნებისაგან დაცულია კანონით.

მიგვაჩნია, რომ მობილური ტელეფონების ჩამორთმევა ისეთ ვითარებაში, როდესაც პირი დაკავებულია უკანონოდ, როდესაც არ განხორციელებულა კანონით დადგენილი არცერთი პროცედურა დაკავებული პირის მიმართ და გაურკვეველია ამ ჩამორთმეული მობილური ტელეფონების ბედი, ვერ იქნება მიჩნეული კანონის შესაბამისად განხორციელებულ ქმედებად და აქედან გამომდინარე, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპის განხილვა ყოველგვარ აზრს არის მოკლებული. ჩვენ ამგვარ ქმედებას ვაფასებთ თვითნებურ, უკანონო ქმედებად.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სულ მცირე, ვალდებულია გააკეთოს განცხადება მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტთან დაკავშირებით და უზრუნველყოს ჩამორთმეული ტელეფონების მფლობელთათვის დაბრუნება.

2011 წლის 21 ივნისი

ახალი ამბები