კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ილია მეორე: „რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების პროცედურა უნდა შეჩერდეს“

5 ივლისი, 2011

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მიაჩნია, რომ აუცილებელია, შეჩერდეს საქართველოში რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების პროცედურა.

ამის შესახებ პატრიარქის საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 4 ივლისს საღამოს, საპატრიარქოში ჟურნალისტებს მამა გიორგი ზვიადაძემ გააცნო.

„მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შეჩერდეს კანონის მიღების პროცედურა - მეორე და მესამე მოსმენა და აღნიშნულ საკითხზე გაიმართოს საჯარო დებატები, თუნდაც ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, რათა ჩამოყალიბდეს საერთო საზოგადოებრივი აზრი და მოხდეს კონსენსუსი მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ეს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი, რადგან იგი არსებითად განსაზღვრავს სახელმწიფოს მოწყობის ძირითად პრინციპებს“, - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ეკლესიისა და მთლიანად ხალხისთვის სრულიად მოულოდნელად, საქართველოს პარლამენტმა 1-ელ ივლისს პირველი მოსმენით მიიღო კანონი რამდენიმე რელიგიური ორგანიზაციისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი და კონსტიტუციური შეთანხმება წლების განმავლობაში იყო ფართო განხილვის საგანი და მას საერთაშორისო ექსპერტიზაც ჩაუტარდა.

„თავის მხრივ ეკლესია არასოდეს წასულა წინააღმდეგი და ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოში არსებული სხვა რელიგიებისადმი სტატუსის მინიჭებას და მათი უფლებების განხორციელებას, მაგრამ ამ პროცესს სათანადო გაგრძელება არ მოჰყოლია, ანუ ხელისუფლების მხრიდან არ შექმნილა მრავალმხრივი სახელმწიფო კომისია, სადაც საკითხი იქნებოდა შესწავლილი და შეჯერებული“, - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ სხვა სახელმწიფოებში არც ქართული მართლმადიდებლური ტაძრების საკუთრების და მოვლა-პატრონობის საკითხი არ დასმულა დღემდე და არც ქართული ეკლესიის სტატუსის განხილვა დაწყებულა.

პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩაითვლებიან რელიგიური გაერთიანებები, რომლებსაც „გააჩნიათ მჭიდრო ისტორიული კავშირი საქართველოსთან. კერძოდ, რომაული კათოლიკური ეკლესია, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია, მუსლიმანთა თემი, იუდეველთა თემი და საქრთველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“.

კანონპროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები ლაშა თორდია, ჩიორა თაქთაქიშვილი და ნუგზარ წიკლაური.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები