კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მურმან დუმბაძე: „მირტყამდნენ ფეხებით, მათრახით, ხელკეტით... ფეხის ქუსლი ფრჩხილზე დამაბიჯეს...“

5 ივლისი, 2011

მაკა მალაყმაძე, აჭარა

30-დღიანი ადმინისტრაციული სახდელის მოხდის შემდეგ მურმან დუმბაძე აჭარას დაუბრუნდა. 26 მაისს, რუსთველზე დაკავებული და ნაცემი პოლიტიკოსი ჯერ კიდევ მკურნალობს. იგი აცხადებს, რომ რეპრესიების მიუხედავად, გაჩერებას და უკანონობებზე თვალის დახუჭვას არ აპირებს. 

მურმან დუმბაძე ამჟამად არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის. იგი საზოგადოებრივ ორგანიზაცია „ემსახურე საქართველოს“ ხელმძღვანელობს. ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას იხსენებს იმ არაადამიანურ მოპყრობას, რაც პოლიციის სამმართველოში გადაიტანა. მისი შეფასებით, 26 მაისს რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის მოქმედება არც დარბევა და არც დაშლა ყოფილა: „რუსთაველის გამზირი იყო გადაწითლებული - გუბეებში სისხლი და წვიმა იდგა. ასეთი ამაზრზენი სურათი ფილმშიც არ მინახავს...”

„თანდათან ვამჩნევდით, რომ სპეცრაზმის მობილიზება ხდებოდა. ორი რკალი შემოარტყეს რუსთაველზე მყოფ მომიტინგეებს. პირველი რკალი იყო სპეცრაზმელების, მათ უკან კი იდგა სამხედრო ტექნიკა - ე.წ. ბეტეერები. თუ ვინმე გადაურჩებოდა სპეცრაზმს, ალბათ, ისინი გაუსწორდებოდნენ. ეს რკალი თანდათან ძალიან შევიწროვდა. პირველად გაზის კაფსულები გაისროლეს. საშინელი ბოლი წამოვიდა. ზოგი ძირს დავარდა. ვინც ფეხზე იდგა, იმათკენ მოდიოდნენ სპეცრაზმელები ხელკეტებით და ხმაურით _ ეს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა. მე კიბეებზე როგორ ჩამოვედი, არ მახსოვს. ჭყლეტაში მოვყევი ტრიბუნასთან. შევნიშნე, რომ სპეცრაზმმა ირიბი კორიდორი გააკეთა რუსთაველის კინოთეატრისკენ, სადაც ჩვეულებრივი ნაბიჯებით მეც შევედი“.

პირველი ფიზიკური დაზიანება მურმან დუმბაძემ სწორედ კინოთეატრ „რუსთაველში“ მიიღო. მისი თქმით, სპეცრაზმელმა ხელკეტით თავი გაუტეხა: „ხალხს დაწყნარებისკენ მოვუწოდებდი. 15-20 წუთის შემდეგ თეატრის ამ დარბაზშიც შემოაგდეს გაზის კაფსულები. შემდეგ შემოვიდა სპეცრაზმელების დიდი ჯგუფი. 200-300 ადამიანი ვიყავით იქ. მეც ერთ-ერთ სკამზე ვიჯექი და გაზის საწინააღმდეგო ნიღაბი მეკეთა. ერთი სპეცრაზმელი მომვარდა და მომსხნა ნიღაბი – „აჰა, დუმბაძე, გიცანი! გეგონა ნიღაბი რომ გეკეთა, ვერ გიცნობდი?!“ როგორც ჩანს, სპეციალურად მეძებდნენ. ერთი სპეცრაზმელი ხელბორკილს რომ მადებდა, მეორემ თავში ხელკეტი ჩამარტყა. თავზე ღია ჭრილობა მივიღე და სისველე ვიგრძენი - სისხლი მომდიოდა. შემდეგ იყო პატარა დარტყმები: „ფეხი გაწიე“, „ხელი გაწიე“ და ა.შ. ამის შემდეგ დამაწვინეს, მოვიდა ერთი სპეცრაზმელი და თქვა - ეს აქ არ უნდა იყოსო, ცალკე უნდა გავასამართლოთო“.

დუმბაძე პოლიციის თანამშრომლების შესახებაც საუბრობს: „სპეციალური შავი ჯიპით გადამიყვანეს დიღმის პოლიციის სამმართველოში. პოლიციის ჰოლში ბევრი ადამიანი შევნიშნე, მათ შორის - რამდენიმე ბათუმელიც. ზოგი ხვნეშოდა - ცუდად იყო. ზოგს თავი ჰქონდა გატეხილი, ტანსაცმელი შემოხეული... დასისხლიანებულები იყვნენ. მე ამიყვანეს მეხუთე თუ მეექვსე სართულზე. როგორც ჩანს, იქ იყო ვიღაც მაღალი თანამდებობის ტიპი, ოთახი ისე ჰქონდა მოწყობილი. დამაწვიენეს ძირს და ასე ვიყავი დაახლოებით დილის 9 საათამდე. 2-3 პოლიციელი რეგულარულად იყო ამ ოთახში და პერიოდულად მირტყამდნენ ყველგან: კოჭებში, ნეკნებზე, ფეხებზე, ხელებზე; მირტყამდნენ ფეხებით, მათრახით, ხელკეტით; ფეხის ქუსლი ფრჩხილზე დამაბიჯეს. ერთადერთი - სახეზე არ გეხებიან, მაგრამ თავში გირტყამენ, რადგან თმა დაფარავს დაზიანებას. ასეთი წამება გადავიტანე 5-6 საათის განმავლობაში“.

მარცხენა ხელის ცერა თითის დაზიანება დუმბაძეს ახლაც ემჩნევა. როგორც ამბობს, მისი ცემა პოლიციის შენობის სხვა ოთახში, ასაკოვანი მომიტინგის თანდასწრებითაც გაგრძელდა: „გადამიყვანეს სხვა ოთახში. იქ ვიღაც სამოქალაქო ფორმიანი პოლიციელი იყო. მითხრა - ჩემთან მოდი და ჩაჯექიო. ის ერთ-ერთ მოხუც მომიტინგეს ესაუბრებოდა: რა დროს რევოლუციააო, შენ რა უნდა მოახდინოო. ამ დროს მომიბრუნდა და უეცრად, ფეხი ძლიერად სახეში დამარტყა. თავი კედელზე მივარტყი და დიდი რაოდენობის სისხლი დავკარგე ცხვირიდან. ეს ნაიარევიც სწორედ იქ დამაჩნდა ცხვირზე. შემდეგ გადამაბრუნეს - სისხლი პირში არ ჩაგივიდეს, შეიძლება დაიხრჩოო. გამათრიეს აბანოში - პირდაპირი მნიშვნელობით და დუშით წყალს მასხამდნენ 10 წუთის განმავლობაში, რომ სისხლდენა შეჩერებულიყო. მერე ბინტი მოიტანეს და ცხვირზე დამადეს“.

ასეთი მდგომარეობით გადაიყვანეს მურმან დუმბაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე თეა თადაშვილმა მას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევით შეკრების გამართვისა და ბოროტად პოლიციის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობსათვის“. მოსამართლე თადაშვილმა დაკავებულის უფლებების დასაცავად ადვოკატ მედეა ვასაძეს 20 წუთი მისცა სასამართლოში გამოცხადებისათვის. თუმცა, მურმან დუმბაძის თქმით, მოსამართლემ მიცემული ვადის ნაცვლად, სასამართლო პროცესი 2 წუთში განაახლა ადვოკატის გარეშე. 

მურმან დუმბაძემ ადმინისტრაციული სახდელი თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოიხადა: „22 კაცი გადაგვიყვანეს ძალიან პატარა მანქანით თელავის იზოლატორში. იქ არანაირი პირობები არ იყო. არ გვასეირნებდნენ ჰაერზე. საპირფარეშოში გასვლა მაშინ შეგვეძლო, როცა ისინი ჩათვლიდნენ საჭიროდ. არც საპონი, არც ჯაგრისი და არც პირსახოცი არ გვქონდა. თუმცა, იქ არ იყო გინება და ცემა. საიას წარმომადგენელმა, მარეხ მგალობლიშვილმა მოგვინახულა და გაავრცელა ჩვენზე ინფორმაცია. წითელი ჯვრის წარმომადგენლებმაც მომინახულეს და როგორც ვიცი, მათ მოითხოვეს, რომ საავადმყოფოში გადავეყვანე, რადგან ძალიან ცუდად ვიყავი. საავადმყოფოში მაინც არ წამიყვანეს, მაგრამ ხუთი დღის განმავლობაში ყოველდღიურად მოდიოდა სასწრაფო დახმარების მანქანა და მსინჯავდა“.

როგორც დუმბაძე აცხადებს, პოლიციელები მისგან ნინო ბურჯანაძის შეგინებას მოითხოვდნენ: „უნდა შეაგინო ბურჯანაძეს... უნდა თქვა, რომ მიშა მაგარია... ამას თუ დათანხმდები, ალბათ, ნაკლები ცემა მოგიწევს. ან შეიძლება მაინც მოგიწიოს. სამარცხვინოა, ეს რა პოლიციის რეფორმაა?! შუშის შენობები აქვს პოლიციას, მაგრამ შიგნით რა ხდება, არავინ იცის!“

დუმბაძის აცხადებს, რომ ახლა მისი პრეზიდენტი „საქართველოს კონსტიტუციაა“: „საქართველოს კონსტიტუციით მუშაობას ვაპირებ. ეს არის ჩემი პრეზიდენტი. ვერც ერთი ხელისუფალი ვერ შემიშლის ხელს საქართველოს კონსტიტუციის მუხლობრივ შესრულებაში. ვინც ამაში ხელს შემიშლის, მე მისი კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები. დღეს მე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგი ვარ!“

ახალი ამბები