კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშემ კახეთში პრობლემური სოფლები მოინახულა

5 ივლისი, 2011

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი კატასტროფების მართვისა და ტრანსპორტის საკითხებში ხუან ეჩანოვე კახეთში იმყოფებოდა.

ხუან ეჩანოვე სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედში არსებულ გარემოსდაცვით პრობლემებს გაეცნო. ადგილობრივებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რამდენიმე კვირაა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დატბორილია, რაზედაც ხელისუფლება არაფრით ეხმარებათ. ერისიმედის შემდეგ ეჩანოვე სიღნაღში, მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა და საცხოვრებლად საშიში სახლები დაათვალიერა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე სიღნაღის რაიონში მომუშავე ფერმერებსაც შეხვდა, რომელთაც მდინარე ალაზანი მიწებს ართმევს და პრობლემებს უქმნის. ხუან ეჩანოვე ყვარლის რაიონის სოფელ საცხენეშიც ჩავიდა, სადაც მდინარე შოროხევზე ჩატარებული ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა. საცხენეს მაცხოვრებლებმა მას უთხრეს, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოები მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე შესრულდა და მისი ჩატარება კიდევ არის საჭირო. საცხენეს შემდეგ ეჩანოვე მდინარე დურუჯის ხეობაში იმყოფებოდა.

შეხვედრის ორგანიზატორმა, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტის კოორდინატორმა რეზო გეთიაშვილმა ეჩანოვეს აუხსნა, რომ მდინარე დურუჯის კალაპოტი ამ დროისთვის იმაზე მაღლაა, ვიდრე ყვარელი, რაც ღვარცოფის მოვარდნის შემთხვევაში ქალაქს საფრთხეს უქმნის. ბატონი ეჩანოვე დაინტერესდა, არიან თუ არა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართულნი მსოფლიო ბანკის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც კახეთში 100 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება რეგიონის განვითარების მიზნით. შეხვედრაზე მყოფმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა გელა მთივლიშვილმა აღნიშნა, რომ პროგრამაში არანაირად არ არიან ჩართულები და უფრო მეტიც, პროგრამის შესახებ მხოლოდ ზედაპირული ინფორმაცია აქვთ.

გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პრობლემების გაცნობის შემდეგ ხუან ეჩანოვე და ასოციაცია CENN-ის წარმომადგენლები კახეთის გუბერნატორის მოადგილეებს გიორგი სიბაშვილს და პეტრე კიკნაძეს შეხვდნენ და მათგან განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.

ხუან ეჩანოვემ გუბერნატორის პირველ მოადგილეს გიორგი სიბაშვილს სთხოვა, მთავრობის წინაშე დააყენონ საკითხი, რომ სოფელ ერისიმედში მოსახლეობას საზღვართან დაკავშირებით აქვს პრობლემები და იქ გაკეთდეს გამაფრთხილებელი ნიშნები, რომ კონკრეტული ტერიტორიის იქით გადასვლა არ შეიძლება. ეჩანოვეს თქმით, ასეთი ნიშნების არ არსებობის გამო ერისიმედის მაცხოვრებლები ხშირად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ხვდებიან, სადაც მათ პრობლემები ექმნებათ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები