კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„პრეზიდენტისთვის არ შემიგინებია, პატრულთან მქონდა არასასიამოვნო საუბარი“ - ამბობს რეჟისორი ირაკლი გოგუაძე

6 ივლისი, 2011

სოფო გეწაძე

სტუდია „ობიექტივისთვის“რადიომსმენელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელისუფლების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის რეჟისორი ირაკლი გოგუაძე დააპატიმრეს.

საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ ცნობით, რადიომსმენელმა განაცხადა, რომ ირაკლი გოგუაძე პოლიციამ 28 ივნისს დააპატიმრა. ამის მიზეზი კი მის მიერ ხელისუფლებისა და უშუალოდ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გახდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას თავად რეჟისორმა პრეზიდენტისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი უარყო. მისი თქმით, ადგილი ჰქონდა მხოლოდ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

„პატრულთან არასასიამოვნო საუბარი მქონდა, მაგრამ სხვა კონფლიქტის გამო. პრეზიდენტისთვის არ შემიგინებია. კონფლიქტი ოჯახში არ ყოფილა. იყო ძალიან ყოფითი, ჩვეულებრივი შელაპარაკება მეზობელთან, რომელსაც მოჰყვა პოლიციის გამოძახება. პოლიციასთან კი პირადად მე ძალიან არასასიამოვნო დიალოგი მქონდა“, - განაცხადა გოგუაძემ.

ამასთან, ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას გოგუაძემ წარსულში მისი შევიწროების ფაქტები გაიხსენა. იგი ხელისუფლებას წართმეული ვიდეოკამერის დაბრუნებას სთხოვს: „ის რატომ აღარავის აინტერესებს, სამი წლის წინ ჩემი საკუთარი კამერა ოსებმა რომ წაიღეს?! იმ კამერისთვის მე სახლის მესამედი გავყიდე. ვეხვეწები, ვემუდარები ამ ხელისუფლებას - რაღაცა გააკეთეთ, რომ კამერა დამიბრუნოთ-მეთქი და მპასუხობენ - ჩვენი იურისდიქცია სამხრეთ ოსეთში არ ვრცელდებაო“.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2008-2009 წლების ანგარიშში ვართ შეტანილი მე და ჩემი ცოლი, როგორც ხელისფლების მხრიდან ზეწოლის ქვეშ მყოფი ადამიანები. სწორედ ამიტომ ვართ დღეს ცოცხლები“, - აღნიშნა რეჟისორმა ჩვენთან საუბრისას.

ირაკლი გოგუაძის თქმით, 2008 წლის მაისში იგი ერთადერთი ქართველი ოპერატორი იყო, რომელიც დევნილთა საპროტესტო აქციებს იღებდა. ამ დროს მისთვის უცხო პიროვნებამ ვიდეოკამერის აკუმულატორი წაართვა და მიიმალა.

ირაკლი გოგუაძე ორჯერ მოხვდა უფლებადამცველებისა და მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, როგორც დაზარალებული. აღსანიშნავია, რომ დღემდე არც ერთი თავდასხმის შემთხვევა არ არის გამოძიებული.

ირაკლი გოგუაძის შესახებ ინფორმაცია humanrights.ge-ს არქივშიც მოვიძიეთ.

2008 წლის 21 მაისს საგარეჯოს საარჩევნო ოლქის იორმუღანლოს საარჩევნო უბნებზე სცემეს ვებ პორტალ „პრესა.გე“-ს კორესპონდენტი კონსტანტინე სტალინსკი, ასევე ოპერატორები - მალხაზ ვარშანიძე და ირაკლი გოგუაძე. ვიდეოკამერები ორივე ოპერატორს წაართვეს. კონსტანტინე სტალინსკის და ოპერატორების ცემის, ასევე ვიდეოკამერების წართმევის ფაქტებთან დაკავშირებით, საგარეჯოს რაიონულ პოლიციაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 178 მუხლის მე-3 ნაწილით. საქმე დღემდე გამოუძიებელია.

2008  წლის 24 აგვისტოს, დაახლოებით  14 საათზე  ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“  შიდა ქართლის ოფისის კოორდინატორი, ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი და ინტერნეტ-გაზეთ www.presa.ge -ს  ჟურნალისტები: გია იაკობაშვილი, კოტე სტალინსკი, ირაკლი გოგუაძე და მაკა წიკლაური რეპორტაჟის მოსამზადებლად რუსული ბლოკპოსტებისკენ მიემართებოდნენ.  გორის რაიონის სოფელ ტყვიავთან ისინი  იარაღიანმა პირებმა  გააჩერეს, მანქანიდან გადმოსვლა  და ხელების აწევა უბრძანეს. როგორც ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი აცხადებს, თავდამსხმელები ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ და ოსური აქცენტით საუბრობდნენ.

თავდამსხმელებმა გაიტაცეს მანქანა, რომელშიც ჟურნალისტები ისხდნენ (ფორდი, TBS 608), ასევე ორი ვიდეოკამერა, ფოტოაპარატი და ცხინვალის მიმართულებით მიიმალნენ. თავდამსხმელთაგან ერთი 099 მარკის  (AVE 329) მანქანით მოძრაობდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სამართალდამცავებს მიმართა, დროულად მოეხდინათ რეაგირება ამ ფაქტთან დაკავშირებით. თუმცა, ეს შემთხვევაც დღემდე გამოუძიებელ საქმეთა შორისაა.

ირაკლი გოგუაძის თქმით, 2008 წლის ოქტომბერში მის მეუღლეს - მაკა წიკლაურს ქუჩაში შინისკენ მომავალს უცნობები თავს დაესხნენ და ხელი მოტეხეს.

როგორც რეჟისორი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, „ვიდეოკამერის დაბრუნებისთვის ყურს არავინ იბერტყავს“. მისივე თქმით, ვიდეოკამერის გარდა, მან სამსახურიც დაკარგა და აქამდე უმუშევარია.

ახალი ამბები