10:10, Wednesday, 13.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ლაშა ჩხარტიშვილი: „ჩემი ფიქრების გამო დამაპატიმრეს“

07.07.2011

სოფო გეწაძე

„კონსერვატიული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი 5 ივნისს ჰოლივუდში გადაღებული მხატვრული ფილმის „აგვისტოს 5 დღის“ პრემიერის დაწყებამდე  დააკავეს. კონსერვატიული პარტიის წევრებს და სხვა აქტივისტებს პარლამენტის შენობის წინ აგვისტოს ტრაგედიის შესახებ გადაღებული ფილმის პომპეზური პრეზენტაციის გაპროტესტება უნდოდათ. მცირერიცხოვანი აქცია პოლიციელებმა და სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა შეიარაღებულმა პირებმა დაშალეს.

ბატონო ლაშა, როგორ მოხდა თქვენი დაკავება?

- პარლამენტის წინ ვმოძრაობდი, როცა ჩემთვის უცხო პირებმა ქამარში ხელი ჩამავლეს და მომთხოვეს, სასწრაფოდ დამეტოვებინა ადგილი. უხეში ფორმით მომმართადნენ და როგორც მახსოვს, ხელისკვრასაც ჰქონდა ადგილი. პარლამენტის წინ მანუჩარ სიგუასა და კიდევ რამდენიმე პიროვნებასთან ერთად ვიყავი. ჩემთვის უცხო პირებს არანაირი დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ და არც რაიმე ახსნა-განმარტება მოუციათ. მე ვუხსნიდი, რომ არ ჰქონდათ უფლება, ჩემთვის გადაადგილება შეეზღუდათ. ამასთან, დავამატე, რომ ვაპირებდი ქაშუეთის მეორე მხარეს, ქუჩის მიმართულებით გადასვლას. დიდი კამათი მათთვის არ გამიმართავს, ხელი გავაშვებინე და ასე საუბრით, მათი მხრიდან უხეში მომართვებით, წამოვედით პირველი სკოლისკენ. ამ დრომ მათ, როგორც ჩანს, ჩემი დაკავების შესახებ ბრძანება მიიღეს და ყოველგვარი მოტივაციის გარეშე დამაკავეს. დაკავების დროს წარმოვთქვი ერთადერთი ფრაზა: „ძირს სააკაშვილის სისხლიანი დიქტატურა!“ ეს იყო და ეს. საბოლოო ჯამში, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა (ხაზს ვუსვამ - არც ერთი არ ყოფილა პოლიციის ფორმით), ძალით ჩამსვეს შევჩენკოს ქუჩის მხარეს გაჩერებულ საპატრულო მანქანაში.

- თქვენი დაკავების მომენტში უკვე დაწყებული იყო საპროტესტო აქცია?

- უბრალოდ, აქციის დაწყებასაც კი არ ჰქონია ადგილი. რა თქმა უნდა, ვფიქრობდი აქციის გამართვას, მაგრამ ფიქრის და განზრახვის გამო, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ადამიანებს არ აპატიმრებენ. მითუმეტეს, აქცია პროტესტის კანონიერი ფორმაა. კანონიერი აქციის დროსაც დაპატიმრებული ვყოფილვარ არაერთხელ. თუმცა ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საპროტესტო აქციაზე ფიქრისა და სურვილის გამო დამაპატიმრეს.

- დაკავების შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?

- თავდაპირველად, გადამიყვანეს 9 აპრილის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ ხელბორკილი დამადეს და შემდეგ ბაღის უკან, პოლიციის შუშებიან შენობაში წამიყვანეს. შემდგომ, როგორც ჩანს, მიიღეს გაფრთხლება, რომ ორთაჭალის შსს-ს შენობის ეზოში მივეყვანეთ, სადაც პოლიციური დანაყოფია. სწორედ იმ ეზოში დაიწყეს დოკუმენტაციის მომზადება - ისე, რომ  ფაქტობრივად ჩემთვის არაფერი უკითხავთ. მგონი, ერთი კითხვა დამისვეს მარტო სამუშაო ადგილთან დაკავშირებით. დანარჩენზე კი ვუთხარი, რომ არ ვაპირებდი ადვოკატის გარეშე არანაირ კითხვებზე პასუხის გაცემას. საბუთები შეადგინეს სხვა ადგილას, ჩემგან დამოუკიდებლად. დაჟინებით მოვითხოვე ჩემს ადვოკატთან დაკავშირება. მათ სატელეფონო ზარის განხორციელების საშუალება მომცეს, მაგრამ ადვოკატს ვერ დავუკავშირდი. მოგვიანებით, ისევ ვთხოვე დავეკავშირებინე ჩემს ადვოკატთან. თუმცა, ამჯერად ამის უფლება აღარ მომცეს. ამ მომენტში ტელეფონიც უკვე ჩამორთმეული ჰქონდათ.

მე ვნახე, როგორ მოიყვანეს სხვა საპატრულო მანქანით „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენელი გია ქარდავა,  გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე და შვილი. ყველანი ეზოში, სხვადასხვა საპატრულო მანქანებში ვისხედით.

- სასამართლო პროცესის დროს რა სახის დარღვევებს ჰქონდა ადგილი?

- მთავარი და არსებითი დარღვევა ის იყო, რომ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ვიდეომასალის ჩვენების და მისი მტკიცებულებად გამოყენების შესახებ. ვიდეომასალაში სრულად იყო ასახული ჩემი დაკავება. სასამართლო აშკარად მიკერძოებული იყო. ამიტომ არ განიხილა ვიდეომასალა. აღნიშნეს, მოწმეები ხომ გყავთ და რაღაში გჭირდებათ ვიდეომასალაო. ამის შემდეგ აშკარა იყო, რომ მოსამართლე არ აპირებდა რეალურ სიტუაციაში გარკვევას. სასამართლო პროცესის დროს მოსამართლემ სცადა, ადვოკატისთვის კითხვების დასმა შეეწყვიტა. ასევე მოხდა მოწმეების ხელოვნურად შემცირება 7-დან 4-მდე, სრულიად გაუგებარი მოტივით. საბოლოო ჯამში, მოსამართლემ გამოიტანა უსამართლო გადაწყვეტილება - მომისაჯა ათდღიანი პატიმრობა.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?

- სასამართლოს სხდომიდან გამოყვანის შემდეგ სარეზოლუციო ნაწილზე მომაწერინეს ხელი და შემდგომ გადამიყვანეს გორში - შიდა ქართლის დროებითი მოთავსების იზოლატორში. როგორც შემდგომ გაირკვა, ადვოკატისთვის არ შეუტყობინებიათ ჩემი ადგილსამყოფელი, რაც კიდევ ერთი დარღვევაა და ადამიანის გატაცების ტოლფასია.  ადვოკატმა, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ომბუდსმენის დახმარებით გაარკვია ჩემი ადგილსამყოფელი.

პატიმრობის პერიოდში რა ტიპის დარღვევებს ჰქონდა ადგილი?

- პირველ ღამეს ჩემთვის არ აუკრძალიათ იმ ნივთების შეტანა, რაც დასაშვებია პატიმრებისათვის. თან მქონდა 4 კოლოფი სიგარეტი და ერთი გაზეთი. საკანში სამ პატიმართან ერთად  ვიყავი. დილიდან კი, ზემოდან მიღებული ბრძანების თანახმად, დაიწყო ჩემს მიმართ უფლებადარღვევების კასკადი. პირობები გასაგებია, რომ პირსაბანი არ არის საკანში, არის ღია ტიპის ტუალეტი და ა.შ. მაგრამ დამატებით, მეორე დღიდან მოყოლებული ხორციელდებოდა ჩემ მიმართ ანგარიშსწორების ფაქტები. ვგულისხმობ, გამორჩევას და დისკრიმინაციულ მოპყრობას სხვა პატიმრებთან შედარებით. დაკავებიდან პირველივე საღამოს ჩამომართვეს ჯერ 3 კოლოფი, შემდეგ კი მეოთხე კოლოფი სიგარეტი.

ჩემ მოსანახულებლად მოსულ პირებს არ აძლევდნენ უფლებას, სიგარეტი მოეწოდებინათ. არ შემოჰქონდათ ჟურნალ-გაზეთები, წიგნები, რაც ამანათით იყო გამოგზავნილი. ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და საცვლების შემოტანის საშუალებასაც კი არ მაძლევდნენ. ვერ ვიღებდი ხელსახოცებსაც და  ეს იმის ფონზე, როცა დასაბანად წყლის გამოყენების არანაირი საშუალება არ იყო.  ასე რომ, არ მქონდა იმ ნივთების მიღების საშუალება, რაც დაშვებულია ადგილობრივი კანონმდებლობითა და შიდანორტიული აქტებით. სხვები ამ ყველაფერს იღებდნენ. ამის მომსწრე მეც ვარ. პირადად მე არ გავყავდით პირის დასაბანად და შხაპის მისაღებად. სხვა ადამიანები, როგორც მე ვიცი, გაჰყავდათ.

საჩივრის დასაწერად მოვითხოვე მათი სახელების დასახელება, რაზეც უარი მითხრეს. მოვითხოვე იზოლატორის ხელმძღვანელის სახელისა და გვარის დასახელება, რაზეც ასევე უარი მითხრეს.

დარღვეული იყო სამედიცინო მომსახურების უფლებაც. მე პირველივე დღიდან დავიწყე შიმშილობა, რის შესახებაც ზეპირად ვაცნობე ადმინისტრაციას. არ მქონდა არანაირი საშუალება - არც ფაქნარი, არც კალამი და არც ფურცელი, წერილობით რომ შემეტყობინებინა. დაპატიმრებიდან მესამე დღეს ადვოკატის საშუალებით შიმშილობის დაწყების თაობაზე წერილობით მივმართე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე იზოლატორის ადმინისტრაციას. მხოლოდ მესამე დღეს გამსინჯა ექიმმა. რამდენჯერმე ცუდად ვიყავი და არ მაწვდიდნენ ურეცეპტო მედიკამენტებსაც კი.

აქციებთან დაკავშირებით დაკავებული პატიმრების მდგომარეობის შესახებ რა ინფორმაციას ფლობთ?

- გორში პატიმრობაში ჩემთან ერთად აქციის ორი მონაწილე იყო - 22 და 26 მაისს დაკავებულები. გავიგე, რომ ჩოჩიშვილიც იყო დაკავებული და იმავე იზოლატორში, სხვა საკანში იმყოფებოდა. მათ მიმართაც არაადამიანური მოპყრობას ჰქონდა ადგილი. ადვოკატებისგან და სხვა დაკავებულებისგან ვიცი, რომ იყო შეთხვევები, როცა უპატივცემულოდ ექცეოდნენ, მათ შორის იყო ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებიც.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC