საქართველოს შსს-მ ქარელის რაიონის სოფელ კნოლევში მომხდარი ინციდენტი ოფიციალურად დაადასტურა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მათ ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელიც კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საგუშაგოზე იყო, იარაღი გაუვარდა. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირი დაკავებულია და ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კნოლევში სროლის შესახებ, რომლის დროსაც 25 წლის ნინო კობერიძე დაიღუპა, "ინტერპრესნიუსმა" ინფორმაცია 11 ივლისს გაავრცელა. სოფელ კნოლევის გამგებელმა, გია გელაშვილმა "ინტერპრესნიუსს" მაშინ განუცხადა, რომ სროლები ცხინვალის რაიონის სოფელ ზნაურიდან იყო.გამგებლის ინფორმაციით, სოფელში სროლის ხმა რამდენიმე წუთის განმავლობაში ისმოდა.
11 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციას შსს იმ დღესაც გამოეხმაურა. "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ სოფელ კნოლევის მიმართულებით არანაირ სროლებს ადგილი არ ჰქონია.
ინტერპრესნიუსი